"დიადი ლტოლვით გატაცებული" - ფრიდრიხ შილერი "დიადი ლტოლვით გატაცებული" - ფრიდრიხ შილერი /> "/> " />


  11:18:48     09-05-2011

"დიადი ლტოლვით გატაცებული" - ფრიდრიხ შილერი

a5725.jpg

1805 წელს ვაიმარის საჰერცოგოში გარდაიცვალა დიდი გერმანელი პოეტი და დრამატურგი ფრიდრიხ შილერი (იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ ფონ შილერი, Johann Christoph Friedrich von Schiller).

სოცოცხლის ბოლო წლებში დიდი გერმანელი ავადმყოფობდა. როცა ვამბობთ სოცოცხლის ბოლო წლებს, სამწუხარო რეალობა გულს ტკენს ადამიანს - ფრიდრიხ შილერი გარდაიცვალა ძალიან ახალგაზრდა, სულ 45 წლისა. დიდ დრამატურგსა და პოეტს აწუხებდა ფილტვების ქრონიკული დაავადება. ხშირად ჰქონდა ანთება. გარდაიცვალა ტუბერკულიოზით.

 

ფრიდრიხ შილერი დაკრძალეს 12 მაისს ვაიმარის იაკობსფრიდჰოფის სასაფლაოზე, ერთ აკლდამაში. რომელიც სპეციალურად იყო გამოყოფილი იმ არისტოკრატებისა და გამოჩენილი ადამიანებისთვის, რომელთაც არ ჰქონდათ საკუთარი საგვარეული აკლდამები. 1802 წელს გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა დააფასა შილერის ტალანტი და აზნაურის წოდება მიანიჭა მას. გერმანიაში და ევროპაში უკვე დიდად აფასებდნენ მის გენიას.

 

1826 წელს გადაწყდა გადაესვენებინათ შილერის ცხედარი, მაგრამ ვეღარ მოახერხეს ზუსტი იდენტიფიცირება მისი ნეშტისა. რომელიც ყველაზე მეტად მიამსგავსეს, ის ნაწილები გადაასვენეს ჰერცოგინია ანა ამალიას ბიბლიოთეკაში. დიდმა გოეთემ ლექსიც კი მიუძღვანა შილერის თავის ქალას. 1827 წლის 16 დეკემბერს ეს ნაწილები გადაასვენეს ახალი სასაფლაოს სამთავრო აკლდამაში, სადაც მერე, ანდერძის მიხედვით, შილერის გვერდით დაკრძალეს გოეთეც.

 

პრესა.გე-ს მკითხველს რამდენიმე ხნის წინ სტატიაში, გოეთეს გარდაცვალების შესახებ ("მეტი სინათლე გოეთესათვის"), ჩვენ შევახსენეთ, რომ გოეთემ სიკვდილის წინ ფრიდრიხ შილერი ახსენა. ეს ორი გენია, "ქარიშხლისა და შეტევის" უმთავრესი წარმომადგენლები, განუყოფელი იყო გერმანული ლიტერატურისათვის თუ საერთოდ გერმანიისათვის - დიდი გერმანული აღორძინების ტიტანები. როცა შილერი გარდაიცვალა, გოეთემ იტირა და თქვა: "მე დიდი მეგობარი და ცხოვრების ნახევარი დავკარგეო".

 

1883 წელს გერმან ველკერმა, რომელმაც გამოიგონა წნევის საზომი აპარატი და რომელიც იკვლევდა დიდი ადამიანების გარეგნობას, განაცხადა, რომ შილერის ნიღაბი, რომელიც სიკვდილის მერე დაამზადეს და მისი სიცოცხლის დროინდელი პორტრეტები დიდად განსხვავდებოდა შილერისად მიჩნეულ თავის ქალასგან პროპორციებით.

 

1911 წელს აღმოაჩინეს კიდევ ერთი თავის ქალა, რომელიც შილერისად მიიჩნიეს. კამათი დიდ ხანს გაგრძელდა. 2008 წელს ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ფრიდრიხ შილერის საფლავში არსებული ნაწილები მინიმუმ სამ ადამიანს ეკუთვნის და არ ემთხვევა არც ერთ იმ ორ თავის ქალას დნმ-ს. "ვაიმარის კლასიკოსთა" ფონდის გადაწყვეტილებით ფრიდრიხ შილერის საფლავი ცარიელი დატოვეს.

 

გასაიდუმლოებული საფლავების თუ დიდი ადამიანების გაუჩინარებული ნაწილების შესახებ პრესა.გე-ში გაკვრით დავწერეთ, სტატიაში "დავით აღმაშენებლის საფლავი და საიდუმლო" (ამა წლის 8 თებერვალს). ასეთი ფაქტები დიდი ადამიანების გარშემო ხანდახან გვხვდება. ჩემი აზრით, ეს საგანგებოდ ხდება ღვთის მიერ, რათა მეტი იდუმალებით იყოს მოცული დიდი გენოისების სახელი. ეს ერთგვარი მისტიფიცირებაა - მისტიკური ძალების მიერ მოქმედებული. სხვა დროს უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ ამ თემაზე.

 

დღეს, გთავაზობთ ფრიდრიხ შილერის სამ ლექსს, რომელიც შესანიშნავად თარგმნა ხარიტონ ვარდოშვილმა. ფრიდრიხ შილერის შემოქმედებაზე საუბარი და მისი გენიალური პოეზიის გახსენება სხვა დროს კიდევ განვაგრძოთ, ეს ხომ ამოუწურავი თემაა.

 

სიმღერის ძალა

 

მოჰქუხს ლანქერი მთის ნაპრალებით,

მედგარ ზვირთებით მოანგრევს კლდეებს,

გამძვინვარებით თხრის მაღალ ხეებს

და მიგრიალებს მძლავრ გაქანებით.

ტალღათა ხმაურს ყურს უგდებს მგზავრი

უცნაურ შიშის გრძნობით ძლეული,

უკვირს, ვეება მძლე ნიაღვარი

საიდან მოჰქუხს ცოფმორეული?

ასე მდინარებს ჰანგი გრძნეული,

იდუმალ სიღრმით გადმოფრქვეული!

 

ვინ გახსნას ჰანგთა გზნება ფარული,

ვინ სძლიოს ბგერებს ტკბილს და უმძაფრესს?

მისი გუგუნი ჯადოქარული

ხლართავს იდუმალ სიცოცხლის ძაფებს.

მხიბვლელი ბგერით ის იპყრობს გულებს

და საოცარი ნებით ათრთოლებს,

ხან დაგვანეახებს შავბნელ უფსკრულებს,

ხან ცისკენ ლაღი ფრთით გაგვაქროლებს,

და ჟღერს, ირხევა ვით ზვირთი შორი

თავშექცევასა და ზრუნვათ შორის.

 

მაგრამ უეცრად სიამის წრეში,

ვით იდუმალი, წყეული სული,

დევის ნაბიჯით, ტლანქი, უხეში,

შემოიჭრება ბედი ურჩხული.

და მის წინაშე ქედს იხრის ყველა

დიდების სხივით ბრწყინვალე თვალი.

მყის დადუმდება ამაო ლხენა,

ბნელი ნიღბების გაქრება კვალი.

 

და სად სიმართლის ჰანგი ჰქუხს მძლევი,

იქ ვეღარ ხარობს სიყალბე ბნელი.

და ადამიანს ტვირთის სიმძიმეს

უმცირებს ჰანგი უმხურვალესი,

გულში უღვივებს სიცოცხლის იმედს

და შეჰყავს სულის წმინდა არეში.

ღვთიური მადლით უშუქებს თვალებს,

და ვეღარ მჭვრეტელს მიწიურ ვნების,

მას აღარ ესმის, აღარ აწვალებს

აურზაური ტლანქი ცხოვრების.

და ჰქრება ირგვლივ დარდი წყეული,

ვიდრე იღვრება ჰანგი გრძნეული.

 

ვით ყრმა, სიშორით გალგალეული

და შეპყრობილი უმძიმეს სევდით,

მწველ სინანულის გრნობით ძლეული,

დაეკონება მკერდს მშობელ დედის,

აღმზრდელ ქოხისკენ სიმღერის ძალა

ასე გვიტაცებს, ცეცხლით მგზნებარე,

ის გვაახლოებს სამშობლოს კვალად,

გვაშორებს უცხო, შორეულ მხარეს.

გვიწვევს ჩავეკრათ მკერდში ბუნებას,

გავთბეთ, არ ვგრძნობდეთ დაძაბუნებას.

1795

 

გოგონას მოთქმა

 

ცა იღრუბლება და შრიალებს მუხნარი მწვანე,

ნაპირებს ძლევით ეხეთქება ზვირთი მრისხანე.

მდინარესთან ზის ასული და გასცქერის ღამეს,

და მის თვალებში მარგალიტი ცრემლი კამკამებს.

ოხრავს საბრალოდ, მწუხარების ცეცხლი აწამებს.

"მკვდარია გული, უდაბნოა ქვეყანა ბნელი,

ჩემი იმედის და სურვილის ჯალათი-მკვლელი.

ო, ღვთისმშობელი, მიიბარე ობოლი სული.

უკვე ვიგემე სიტკბოება ამქვეყნიური,

როს გულში მენთო სიყვარულის ალი ციური".

"ამაო არის ცრემლთა ფრქვევა, სევდა-ნაღველი,

საფლავში მკვდარს ვერ გააღვიძებს გოდება მწველი.

მითხარ, ასულო, რით განვკურნო მე შენი გული,

გული ნაადრევ სიყვარულის ალით გზნებული.

დღეს უხალისო, მწუხარებით გაცივებული".

"დაე თვალთაგან იღვრებოდეს ცრემლების თქეში,

კვნესამ მკვდარი ვერ გააღვიძოს ცივ სამარეში.

ვინაც იგემა სიყვარულის ტკბილი ალერსი,

ბედნიერება არის მისთვის უნეტარესი,

მარადი ურვა და გოდება, ცრემლით ნალესი".

1798

 

სურვილი

 

აჰ, ვით ვისწრაფი, რარიგად მინდა

დავტოვო ვიწრო ხეობა ბნელი.

ვეწვიო მწვერვალს ლაღსა და დიადს,

ბედნიერების ვპოვო ნათელი.

იქ შვებას მომგვრის სალურჯე მთების

და ყვავილებით შემკული კორდი.

აჰ, ნეტავ მომცა ძლიერი ფრთები,

რა სიხარულით გავფრინდებოდი.

 

იქ ისმის ჰანგი ჰარმონიული,

ციურ სავანითYგადმოფრქვეული,

ნაზად შრიალებს ნიავი ნელი,

მოაქვს სურნელი, მკურნალი გულის.

მწვანე ბაღებში ელავს ნარნარად

მიწის დოვლათი - ხეხილი უხვი,

და ყვავილები ჰყვავიან მარად,

ვერ მუსრავს სუსხით ზამთარი რუხი.

 

ვიშ, რა კარგია იგი მწვერვალი,

მზის ელვარებით გაბრწყინებული,

ვუცქერ და ჭვრეტით ვერ ძღება თვალი,

მისკენ ისწრაფის მგზნებარე სული.

ო, როგორ მინდა მივწვდე იმ არეს

და განვიქარვო მძიმე ნაღველი,

მაგრამ გზას მიხშობს გიჟი მდინარე,

მძაფრი ზვირთები, გადულახველი.

 

ვხედავ ნაპირთან ქანაობს ნავი,

მენავე არ ჩანს... მაშ მედგრად, გულო,

ნუ შეგაშინებს ტალღა მგრგვინავი,

დიადი ლტოლვით გატაცებულო.

ღმერთი საწინდარს არავის აძლევს;

წინ, ზვირთებს ძლევით გადავუქროლოთ.

სასწაულების წარმტაც მხარეში

სასწაულებით მივაღწევთ მხოლოდ!

1801

0

ავტორი: