ყველაზე ფერადი მდინარე მსოფლიოში ყველაზე ფერადი მდინარე მსოფლიოში />


  13:47:24     18-08-2017

ყველაზე ფერადი მდინარე მსოფლიოში

a70099.jpg

კოლუმბიაში, მეტას პროვინციაში,ჩამოედინება მდინარე კანო კრისტალესი, ადგილობრივები მას მდინარე ცისარტყელას და ხუთ ფეროვან მდინარესაც უწოდებენ. მდინარის სიგრძე 100 კმ-ია.

ხუთფეროვანი მდინარე, სერანია დე ლა მაკარენას მთებიდან მოედინება. კანო კრისტალესი, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და ლამაზ მდინარედაა აღიარებული.

მსოფლიოს უჭრელეს მდინარეში ხუთი ფერი – წითელი, მწვანე, ყვითელი, ლურჯი და შავი ფიგურირებს. წყალს წითელ შეფერილობას ენდემური მცენარის მაკარენია კლავიხერას სიჭარბე აძლევს. მაკარენია კლავიხერა წლის მხოლოდ სპეციფიკურ დროს – წვიმიან და მშრალ პერიოდებს შორის ატკბობს თვალს თავისი ულამაზესი შეფერილობით – ღია ვარდისფერიდან მუქ წითლამდე, დაჩრდილულ ადგილებში ის მომწვანო ფერსაც იძენს და მზის სხივების, მდინარის ქვიშისა და გარემო პირობების გავლენით ზოგან მოლურჯო, მონარინჯისფრო და მოყვითალო შეფერილობისაც არის. მცენარეს თავისი სილამაზის დემონსტრირებისთვის საჭირო დონის წყლის ნაკადები და მზის სხივები ესაჭიროება, ეს კი მხოლოდ სექტემბრიდან ნოემბრამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაშია ხელმისაწვდომი. იანვრიდან მაისამდე მდინარე ტურისტებისთვის დაკეტილია, რათა ეკოლოგიური წონასწორობა მაქსიმალურად იქნას შენარჩუნებული.


კანიო კრისტალეს ბუნებრივი აუზებითა და ჩანჩქერებით მდიდარი მდინარეა. მიუხედავად წყალმცენარეების სიმრავლისა, მასში თევზი არ არის, რადგან წყალში საკვები ნივთიერებებისა და მიკროორგანიზმების ნაკლებობაა.მდინარეზე ტურისტული ინდუსტრიის განვითარების საწყის ეტაპზე ტურიზმი მეტნაკლებად სტიქიური იყო, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მალე დააფიქსირა, რომ პიკნიკების შემდეგ დარჩენილი ნაგავი და მდინარის ყველა მონაკვეთზე ბანაობა, მათ შორის, წყალმცენარეებისთვის ფიზიკური ზიანის მიყენება, საფრთხეს უქმნიდა მაკარენია კლავიხერას, რომელიც ერთობ ნაზი მცენარეა. დღეისთვის მდინარის გარკვეულ მონაკვეთებზე აკრძალულია ბანაობა და ტურისტების ქცევაც მკაცრად რეგლამენტირებულია, მზისგან და მწერებისგან დამცავი კრემების გამოყენების აკრძალვის ჩათვლით. მდინარის სტუმრებს არ ეძლევათ ღამის გათენებისა და ბუნებაში საკვების მომზადების უფლება.


კანიო კრისტალეს მოსანახულებლად უნდა ჩახვიდეთ ლა მაკარენაში, მეტას პროვინციის ქალაქ ვილავისენციოდან ან კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტადან. ორივე ქალაქიდან ლა მაკარენამდე პატარა თვითმფრინავები დაფრინავს. შემდეგ კი გელოდებათ გრძელი გზა ტურისტული ბილიკებით ეროვნულ პარკზე, სადაც მდინარე მიედინება. 0

ავტორი: