13:30:51     07-05-2011
რუსეთი სხვებს უკეთ აიარაღებს, ვიდრე საკუთარ თავს
XXI საუკუნის პირველი ათეულის განმავლობაში, რუსეთმა, მსოფლიო მასშტაბით, შეიარაღებაზე დახარჯული თანხების მიხედვით, მეშვიდე ადგილი დაიკავა, ხოლო, სამხედრო ტექნიკის ექსპორტის მხრივ – მეორე.
ბოლო 10 წლის განმავლობაში, თითქმის ყველა სახელმწიფო, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ზრდიდა სამხედრო ბიუჯეტს და კონცენტრაცია იარაღის იმპორტზე ჰქონდა გაკეთებული. თავდაცვაზე დახარჯული თანხების მიხედვით, პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, თანაც უკონკურენტოდ. მეორეზე – ჩინეთი, ხოლო რეიტინგის მესამე საპატიო ადგილს დიდი ბრიტანეთი იკავებს.
თავდაცვის სფეროზე გამოყოფილი თანხების 2002–2009 წლების ანალიზი, საშუალებას გვაძლევს გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს, ესა თუ ის ქვეყანა საკუთარ სამხედრო უსაფრთხოებასა და ზოგადად თავდაცვის სფეროს. წინსვლის მხრივ, ჩინეთი ლიდერობს, რადგან ჩინეთმა, ბოლო 8 წლის განმავლობაში, მეშვიდე ადგილიდან მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
თავდაცვის სფეროზე დახარჯული თანხები, ბოლო 10 წლის მანძილზე, ორჯერ გაიზარდა და 769.847 ათასი მილიარდი დოლარიდან 1335.524 მილიარდ დოლარამდე აიწია. 2009 წელს, მსოფლიო კრიზისის კულმინაციისას, სამხედრო დანახარჯები ბოლო ათწლეულის მანძილზე, პირველად შემცირდა. მაგრამ მაინც, მთელი ამ წლების განმავლობაში იარაღის შეძენისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ, ლიდერ პოზიციას, აშშ არავის უთმობს. კრიზისულ წელს, მისმა სამხედრო დანახარჯებმა 574.07 მილიარდი დოლარი შეადგინა. ჩინეთის სამხედრო დანახარჯებმა – 70.5 მილიარდი დოლარი, ხოლო რუსეთმა სამხედრო ბიუჯეტი 38 მილიარდი დოლარით შეამცირა.
ექსპერტების განცხადებით, ყველაზე მეტ იარაღს, ის ქვეყნები იძენენ, რომელთაც თავიანთ რეგიონში ლიდერის პრეტენზია აქვთ. ამ მიმართულებით, აზიის რეგიონის ლიდერად, ჩინეთი მოიაზრება. რიგი ეკონომისტების პროგნოზს თუ დავეყრდნობით, 2030 წლისათვის, ჩინეთის ეკონომიკა, უმსხვილესი იქნება მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება აშშ–ს, მისი ეკონომიკა სულ უფრო, წლიდან წლამდე მილიტარისტული ხდება.
რუსეთმა, თავის მხრივ, რეკორდი მოხსნა სამხედრო ტექნიკის ექსპორტის კუთხით. 2010 წელს, „როსობორონექსპორტმა“, 8.5 მილიარდის ღირებულების სამხედრო ტექნიკის ექსპორტი მოახდინა. 2011 წლისთვის, 10 მილიარდის დოლარის ღირებულების ტექნიკის ექსპორტირება იგეგმება. ექსპერტების ანალიზით, უახლოეს წლებში, რუსეთის იარაღის ექსპორტს, შემდეგ ქვეყნებში განახორციელებს: ალჟირი, ვენესუელა, საუდის არაბეთი, ლიბია, იემენი, სირია, ინდონეზია, ვიეტნამი.
თუ რატომ არის რუსეთის საბრძოლო ტექნიკაზე დიდი მოთხოვნილება, ამაზე ექსპერტებს საკუთარი მოსაზრება აქვთ. ავსტრალიური ანალიტიკური ცენტრის, Air Power Australia (APA)–ს 2009 წლის შეფასებებით, რუსეთის რადიოლოკაციური სისტემები და საზენიტო–სარაკეტო კომპლექსები, შესაძლებლობებით, თვისობრივად აღემატება ამერიკის საჰაერო თავდაცვის სისტემას. ავსტრალიელი სპეციალისტების განცხადებით, აშშ–ში წარმოებული F-15, F-16 და F/A-18, ასევე ბოლო თაობის მოიერიშე Joint Strike Fighter,ბევრი პარამეტრის მიხედვით, ჩამორჩება რუსულ საბრძოლო საფრენ აპარატებს.
ცივი ომის დასრულების შემდეგ, რუსეთმა შეძლო შეესწავლა აშშ–ს სტარატეგიული შესაძლებლობები. ამერიკელი სპეციალისტების გამოცდილების საფუძველზე რუსებმა შექმნეს საზენიტო–სარეკეტო სისტემა С-400 „ტრიუმფი“, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ამერიკულ საბრძოლო ავიაციას, მაგალითად სისტემა „Patriot“–ს „ტრიუმფთან“ შედარებით, გარკვეული ნაკლოვანებები გააჩნია.
რუსეთის ხელისუფლება რეგულარულად მიმოიხილავს დანახარჯებს თავდაცვაზე. როგორც 2010 წლის ოქტომბერში თავდაცვის კომიტეტის მეთაურმა, ვიქტორ ზავარზინმა განაცხადა, 2011 წელს, რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი 17 პროცენტით გაიზრდება და 1.5 ტრილიონ რუბლს შეადგენს. შეიარაღების შესავსებად კი რუსეთის ხელისუფლება, მზადაა 100 მილიარდი რუბლი დახარჯოს.
რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეთა სოციალურ უზრუნველყოფას, ხელფასებისა და სამხედრო პენსიების გაზრდას, 6.5 პროცენტით იგეგმება. გარდა ამისა, სამხედრო მოსამსახურეთა ბინებით უზრუნველყოფისთვის დამატებით 74 მილიარდი რუბლი გამოიყოფა, თანაც 2011 წლის პირველ კვარტალში. ამბობდა ზავარინი გასული წლის ოქტომბერში. ამბობდა შემთხვევით არ გვითქვამს, რადგან ამ წლის პირველი კვარტალი მოგეხსენებათ, მიიწურა, სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის საკითხს კი არაფერი ეშველა, ხოლო რაც შეეხება იარაღის იმპორტს, ესეც მხოლოდ სამხედრო ექსპერტთა გასაჩუმებლად იყო ნათქვამი, რადგან ქვეყანა, აბსოლუტურად კონცენტრირებულია იარაღის ექსპორტზე. ამიტომ მოსალოდნელია, რომ ექსპერტები, ცოტა ხანში, გაორმაგებული აგრესიით დაიწყებენ კრიტიკას.
თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, შეიარაღებაზე დახარჯულ თანხებზე, ფინანსთა სამინისტროშიც აკეთებენ ანალიზს. 2010 წლის ივლისში, ფინანსთა მინისტრი ალექსეი კუდრინი აცხადებდა, რომ 2013 წლისათვის ფედერალური ბიუჯეტიდან თავდაცვაზე გამოყოფილი თანხები 2.025 ტრილიონ რუბლს შეადგენს. გამოდის, რომ 2010 წლის მონაცემებით, რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი 2 წელიწადში, ორჯერ უნდა გაიზარდოს.
„უახლოეს პერიოდში რუსეთი საკუთარი სამხედრო ტექნიკის განახლებას უზრუნველყოფს. ამჟამად მეხუთე თაობის მოიერიშეების აქტიური დამუშავება მიმდინარეობს“ განაცხადა ჟურნალ შეიარაღების ექსპორტის მთავარმა რედაქტორმა დიმიტრი ვასილიევმა და ერთგვარად თავიც იმართლა, „სამხედრო ბიუჯეტით აშშ–ს ვერავინ დაეწევა, მათი სამხედრო ბიუჯეტი რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 50 პროცენტს შეადგენს.
ჩვენ ამხელა ფუფუნების უფლებას ვერ მივცემთ თავს. ჩინეთი თავადაცვაზე ოფიციალურად ნაკლებს ხარჯავს, მაგრამ ეს იმიტომ, რომ მოცემულ ეტაპზე ჩინეთისთვის პრიორიტეტი მრეწველობის განვითარებაა. მე არ მივიღებ რუსეთის კრიტიკას იმის გამო, რომ იარაღის დიდი რაოდენობით ექსპორტს ეწევა, ეს თანხები ხომ შეიარაღებაში არსებული ტექნიკის მოდერნიზაციას ხმარდება.“
0