17:48:52     08-08-2017
დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომზე: რუსეთი ყოველთვის მზად არის, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები
![a69757.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a69757.jpg)
რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებს. მედვედევი საკუთარ Facebook-ზე წერს, რომ რუსეთი 2008 წელს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად იბრძოდა და მათ დასაცავად კრემლი ყოველთვის მზად არის.
„აგვისტოს ამ დღეებში ვიხსენებთ 2008 წლის ტრაგიკულ მოვლენებს - თავდასხმა მშვიდად მძინარე ცხინვალზე და რუსი მშვიდობისმყოფელების პოზიციებზე საქართველოს იმ დროინდელი მთავრობის მიერ ორგანიზებული და შესრულებული იყო, თანაც სრულიად ცინიკურად და უღირსად. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ დაიღუპნენ მშვიდობიანი მაცხოვრებლები.
ეს ბარბაროსობა უნდა შეგვეჩერებინა და რუსეთმა ჩაატარა ოპერაცია, რომლის მიზანიც მშვიდობის დამყარება იყო. სხვანაირად მოქცევა არ შეიძლებოდა. როგორც კანონის, ასევე სინდისის დონეზე, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეები. ვსაუბრობ, სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ იმ ადამიანებზე, რომლებსაც რუსული პასპორტები აქვთ. დაგვეცვა ჩვენი მშვიდობისმყოფელები, რომლებმაც შეასრულეს საერთაშორისო საზოგადოების გადაწყვეტილება რეგიონში სტაბილურობის მხარდაჭერით და ჩვენ ისინი დავიცავით.
უნდა ვაღიარო - 2008 წლის 8 აგვისტომდე წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, რომ 21-ე საუკუნეში ვინმეს შეეძლო საკუთარ სახლში მძინარე მოხუცები, ქალები და ბავშვები "გრადებიდან" დაეხოცა, თუმცა სამწუხაროდ, დღეს ჩვენ უფრო მძიმე და სასტიკი მაგალითებიც გვაქვს. ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ რუსეთი ყოველთვის მზად არის, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები“, - წერს მედვედევი.
დღეს აგვისტოს ომის მე-9 წლისთავია. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე. რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია.
0