დიდი პოლონელი მწერალი ჰენრიკ სენკევიჩი დიდი პოლონელი მწერალი ჰენრიკ სენკევიჩი />


  17:45:53     05-05-2011

დიდი პოლონელი მწერალი ჰენრიკ სენკევიჩი

a5639.png

1846 წლის 5 მაისს პოლონეთში, სოფელ ვოლია ოქჟეისკაში დაიბადა დიდი პოლონელი მწერალი ჰენრიკ სენკევიჩი (Henryk Adam Aleksander Pius Sienkiewicz), ნობელის პრემიის ლაურეატი.

სენკევიჩები გაღარიბებული არისტოკრატიის, შლიახტიჩების წარმომედგენლები იყვნენ. უნდა აღინიშნოს, რომ პოლონეთს ჰყავდა ყველაზე მრავალრიცხოვანი არისტოკრატია ევროპაში, რა თქმა უნდა, საქართველოს მერე.

 

მომავალი მწერლის პაპა ნაპოლეონის არმიის ოფიცერი იყო. ნაპოლეონი, გახსოვთ, რუსეთის იმპერიის გაუქმებას ისახავდა მიზნად. მამა 1831-1832 წლებში მონაწილეობდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში ("ნოემბრის აჯანყება"). ჰენრიკის ძმა კაზიმეჟი გარიბალდის რაზმებში იბრძოდა ავსტრიის წინააღმდეგ. ავსტრია პოლონეთის მტერი იყო. ასეთ ოჯახში, გასაგებია, როგორი მწერალი გაიზრდებოდა.

 

1863 წელს იანვრის" აჯანყებამდე ცოტა ხნით ადრე, გადასახლდნენ ვარშავაში. მომავალმა სიტყვის ოსტატმა 1866 წელს დაამთავრა გიმნაზია და შევიდა "მთავარ სკოლაში", რომელიც 1869 წლიდან ვარშავის უნივერსიტეტი გახდა. ჯერ იურიდიულ ფაკულტეტზე. შემდეგ გადავიდა სამედიცინო ფაკულტეტზე. 1867 წელს კი ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. დიპლომი არ აუღია. მთელ დროს ლიტერატურულ მოღვაწეობას უთმობდა.

 

სტუდენტობის დროს "ყოველკვირეულ მომომხილველში" (Przegląd Tygodniowy) დაიბეჭდა მისი პირველი სტატია. ეს იყო 1869 წელი. 1871 წელს გამოიცა მისი რომანი "ამაოდ", რომელიც სტუდენტთა ცხოვრებას ეხება. შემდეგ გამოვიდა მისი წიგნი "იუმორესკები ვორშილოს საქაღალდიდან", რომელიც შედგებოდა ორი ნაწარმოებისაგან: "თავისიანებში არავინაა წინასწარმეტყველი" და "ორი გზა". "იუმორესკებმა" დიდი პოპულარობა მოუტანა "ახალგაზრდათა" შორის. იმ პერიოდში "ახალგაზრდებს" უწოდებდნენ პოლონური ლიბერალური ბურჟუაზიის იდეოლოგებს, რომელთაც მიზნად ჰქონდათ დასახული პოლონეთი გამხდარიყო თანამედროვე ბურჟუაზიული პროგრესული ქვეყანა.

 

ახალგაზრდა მწერალი პრესაში თანამშრომლობდა. 1873 წლიდან გახდა "პოლონეთის გაზეთის" (Gazeta Polska) ფელეტონისტი. "უსათაურო ფელეტონებს" აქვეყნებდა "ლიტვოსის" ფსევდონიმით. 1874 წელს იყო გაზეთ "ნივას" (Niwa) ლიტერატურული რედაქტორი. შემდეგ დაბრუნდა "პოლონეთის გაზეთში", სადაც აქვეყნებდა ფელეტონებს "მიმდინარე მომენტი"-ს სათაურით. ფელეტონებმა დიდი პოპულარობა მოუტანა სენკევიჩს.

 

იმავე პერიოდში მისმა ნოველებმა საქვეყნოდ გაუთქვა სახელი. 1875 წელს გამოქვეყნდა მოთხრობა "მოხუცი მსახური", 1876 წელს "ჰანია". მისი მოთხრობები სრულიად განსხვავდებოდა ფელეტონების იდეებისაგან, სადაც ის პროგრესს უჭერდა მხარს. მოთხრობები უფრო პატრიარქალური, ტრადიციული, იდილიური ცხოვრების თაყვანისცემის გამოხატვა იყო. კრიტიკამ და საზოგადოებამ ძალიან გულთბილად მიიღო ნიჭიერი მწერლის მოთხრობები.

 

1876 წელს სენკევიჩი გაემგზავრა ამერიკაში, როგორც "პოლონეთის გაზეთის" კორესპოდენტი. გზად იმოგზაურა გერმანიაში, ბელგიაში, ინგლისში, შემდეგ მოიარა ამერიკის სხვადასხვა შტატები და ქალაქები. 1878 წელს დაბრუნდა ევროპაში და საფრანგეთში დაჰყო ერთი წელი. იქიდან გაემგზავდა ლვოვში, რომელიც მაშინ ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში შედიოდა.. შემდეგ გაემგზავრა იტალიაში. უცხოეთიდან აგზავნიდა კორესპოდენციებს.

 

გარდა ამისა, წერდა მოთხრობებს. "მოხუც მსახურსა" და "ჰანიას" დაუმატა "მცირე ტრილოგიის" მესამე ნაწილი "სელიმ მირზა", დაწერა "ნახშირით ჩანახატები", რომელიც გახდა დასაწყისი ციკლისა ხალხის ცხოვრებიდან. იმავე პერიოდში შეიქმნა მისი "იანკო მუსიკოსი", "იამიოლ", "პურისათვის". ასევე, "ტრამალზე", "ორსო", "კაცი შუქურიდან", "მოგონებები მარიპოზიდან", "სახემი". "1879 წელს დაბრუნდა ვარშავაში და განაგრძო ჟურნალისტობა. ვარშავაში დაწერა "ძლევამოსილი ბარტეკი". მისი "ნახშირით ჩანახატები", კრიტიკამ და საზოგადოებამ, კრიტიკული შინაარსის გამო, ცივად მიიღო, თუმცა დღეს ითვლება პოლონური ლიტერატურის მშვენებად, ხოლო "კაცი შუქურიდან" XIX საუკუნის პოლონური ნოველისტიკის შედევრადაა მიჩნეული. ეს არის უდიდესი სიყვარულის გამოხატულება სამშობლოსადმი, და პატრიოტი ადამიანებისადმი.

 

1882 წელს სენკევიჩი გახდა კონსერვატიული ჟურნალის "სიტყვის" რადაქტორი. იმ პერიოდში ძალიან პოპულარული შეიქმნა სოციალ-დემოკრატიული იდეები. ჩამოყალიბდა პარტია "პროლეტარიატი". როგორც ჩანს, დიდმა მწერალმა კარგად იგრძნო საშიშროება ამ მიმდინარეობისა და კონსერვატორულ იდეებს მიმართა. მისი ნაწარმოებები, ისტორიული ტრილოგია "ცეცხლითა და მახვილით", "წარღვნა", "პან ვალოდიევსკი" გადმოგვცემს პოლონელი ხალხის ბრძოლას კაზაკებთან, შვედებთან, თურქებთან.

 

1885 წელს ტუბერკულიოზით გარდაეცვალა ცოლი, მარია შეტკევიჩი,. ამის მერე დაიწყო მოგზაურობა ავსტრიაში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ინგლისში, ესპანეთში, აფრიკაში. თან წერდა: "უდოგმატო", "პალანეცკების ოჯახი", "ვიდრე ჰხვალ", "ჯვაროსნები". პარალელურად ეხმარებოდა ჭლექით დაავადებულებს. 1893 წელს დაქორწინდა მეორედ, მარია ვოლოდკოვიჩზე ოდესიდან. მეორე ცოლთან დიდხანს არ უცხოვრია, დაშორდნენ 1895. 1904 წელს იქორწინა მესამედ, მარია ბაბსკოზე.

 

1900 წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნა დიდი მწერლისა და პოლონეთის მხურვალე პატრიოტის იუბილე. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. ჯერ კიდევ აკაკი წერეთელმა რუსულიდან თარგმნა სენკევიჩის "ვიდრე ჰხვალ". 1909 წლის 23 აპრილს სენკევიჩის ნაწარმოებების მოტივების მიხედვით დაიდგა პიესა თბილისში.

 

1883 წლიდან 1915 წლამდე, ქართულ ენაზე სენკევიჩის ნაწარმოებები გამოიცა 18-ჯერ. გარდა შემოქმედებისა, ქართული საზოგადოება კარგად იცნობდა დიდი პოლონელი მწერლის ცხოვრებასაც. ქართული გაზეთები საზოგადოებას აუწყებდნენ მწერლის ავადმყოფობაზე ("ცნობის ფურცელი" №838, 1899), სენკევიჩის იუბილეზე ("ივერია №279, 1900), 1901 წელს გაზეთმა "კვალმა" დაბეჭდა ოდესაში მყოფი ქართველის სტუდენტების მიმართვა დიდი პოლონელისადმი და სხვა.

 

1905 წელს წიგნს "ვიდრე ჰხვალ" მიენიჭა ნობელის პრემია.

 

1914 წლის ბოლოს სენკევიჩმა გამოაქვეყნა მიმართვა ყველა ხალხისადმი, სადაც გადმოცემულია პოლონელთა ტრაგიკული ბედი, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ გატანჯულნი, ერთმანეთს ებრძოდნენ სამი მოწინააღმდეგე სახელმწიფოს ჯარების რიგებში. მიმართვა ითარგმნა ქართულად და დაიბეჭდა გაზეთ "თემში" 1915 წლის 30 მარტს, სათაურით: "პოლონეთის გოდება".

 

დიდი პოლონელი მწერალი ჰენრიკ სენკევიჩი გარდაიცვალა 1916 წლის 15 ნოემბერს შვეიცარიაში.

0

ავტორი: