09:46:06     18-07-2017
ჯავახიშვილის ქუჩაზე დაკავებულის ადვოკატი: გამოძიება უნდა დარწმუნდეს, რომ ნარკოტიკი არ არის
ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებულ სკვერში ოპერატიული შეტყობინების საფუძველზე, ჩხრეკის შედეგად დაკავებული გიორგი გიორგიძე ქალაქის მთავარ სამმართველოში რჩება.
როგორც დაკავებულის ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამოღებული ნივთიერება ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, მისი პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი.
„ამოღებული ნივთიერება თავისუფალ ბრუნვაშია და სააფთიაქო ქსელებში ურეცეპტოდ იყიდება. გამოძიება უნდა დარწმუნდეს, რომ ნარკოტიკი არ არის და ამიტომ დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. სწორედ ამის შემდეგ გაათავისუფლებენ დაკავებულს. ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს პრობლემაზე, რაც ზოგადად ახლავს ოპერატიულ ინფორმაციას. არ არსებობს გადამოწმების სამართლებრივი მექანიზმი, ნებისმიერი ოპერატიული შეტყობინების საფუძველზე შეიძლება გაგჩხრიკონ და დაგაკავონ, რაც ძალიან დიდი ხარვეზია. ჩხრეკის დროს უკვე ვმონაწილეობდი საგამოძიებო მოქმედებებში, როგორც დამსწრე. ამოიღეს პირადი ნივთები, რომელიც ჩვენი თანდასწრებით დაილუქა. დაკავებულმა ყველა დოკუმენტზე მოაწერა ხელი“, - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ.
ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფილი ელბაქიძის აღმართი) არსებულ სკვერში გიორგი გიორგიძის გაჩერებას და მის ჩხრეკას ახალგაზრდის მეგობრები აპროტესტებდნენ. როგორც გიორგიძის ახლობლები აცხადებდნენ, სამართალდამცველები ახალგაზრდისთვის ნარკოტიკული საშუალების ჩადებას ცდილობდნენ.
0
ავტორი: