10:37:09     10-07-2017
ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში ხანძარი ლოკალიზებულია
ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში ხანძარი ლოკალიზებულია, დარჩენილია მხოლოდ ცალკეული კერები.
დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილმა უკვე მოახერხა ტერიტორიაზე შესვლა და მაღაზიების ნახვა, ნაწილმა კი პროდუქციაც გამოიტანა. ისინი ეჭვობენ, რომ ხანძარი განგებ გაჩნდა. მოვაჭრეები გამორიცხავენ, რომ ცეცხლის გაჩენის მიზეზი ელექტროსადენები გამხდარიყო, რადგან, მათი ინფორმაციით, ღამით ელეტქროენერგია ტერიტორიაზე ითიშება.
შეგახსენებთ, ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც შერეული საქონლით ვაჭრობენ, ხანძარი დილის 7 საათზე გაჩნდა. ადგილზე სულ 150-მდე სავაჭრო ობიექტია განთავსებული. წინასწარი ინფორმაციით, 70-მდე მაღაზია დამწვარია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთის ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
0