09:23:35     03-09-2018
ცნობილი ქართველი ქალები, რომლებმაც ქართველ მამაკაცებს უცხოელები ამჯობინეს

უკანასკნელ წლებში, ბევრი ცნობილი ქართველი ქალბატონი უცხოელ მამაკაცზე დაქორწინდა. ასეთი ქორწინებები ყოველთვის საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. წარმოგიდგენთ ცნობილ ქართველ ქალებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს უცხოელ მამაკაცებზე გააკეთეს არჩევანი.
[I=2] ნუკი და ბენი
ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი და მოდელი ნუკი კოშკელიშვილი სიმპატიურ ამერიკელ ექიმზე, ბენ ხაიმზე 2015 წელს დაქორწინდა. ერთმანეთი სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცვნეს. ნუკიმ ბენს ამერიკაში ჩააკითხა და მისი ბინის გასაღებიც მიიღო. წყვილი სხვადასხა გადაცემებსა და შოუებს სტუმრობდა და საკუთარი სიყვარულის ისტორიას გვიამბობდნენ. "ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპრობლემო. ძალიან ეცინება, როდესაც ჩემზე ათას რაღაცას წერენ. დიდად არც ადევნებს თვალყურს, მაგრამ, როდესაც იგებს, ამაზე მხოლოდ იცინის"- ასე გაგვაცნო ნუკიმ ამერიკელი რჩეული. ნუკი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს თავისი ოჯახური ცხოვრების ამსახველ ფოტოებს, სადაც ჩანს, თუ რა ბედნიერად ცხოვრობს წყვილი.
[I=3] ლიკა და ჯუზეპე
ულამაზესი ქართველი ტელეწამყვანი და მოცეკვავე ლიკა ლაბაძე და იტალიელი მოდელი და მსახიობი ჯუზეპე მარელა 2016 წელს დაქორწინდნენ. ქართულ - იტალიური ქორწილი რომში გაიმართა. მოგვიანებით, წყვილმა ქორწილი თბილისშიც გადაიხადა. ლიკა და ჯუზეპე ამჟამად რომში ცხოვრობენ, თუმცა, პრესას დიდად არ სწყალობენ. მათი ამბავი სოციალურ ქსელში, მეგობრების მიერ ვრცელდება-ხოლმე.
[I=4] სალომე და რიჩარდი
ცნობილი ქართველი მომღერალი სალომე კორკოტაშვილი შოტლანდიელ პროფესორზეა დაქორწინებული. ამის შესახებ ცნობილი სალომეს "ფეისბუქ" გვერდიდან გახდა, სადაც მომღერალმა ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც შოტლანდიაში გადაიხადეს. სალომე ამბობს, რომ მის მეუღლეს არ უყვარს პოპულარობა და ამიტომ პრესასთან არ კონტაქტობს. ქართველი მომღერლის მეუღლე 34 წლის არის და მას რიჩარდი ჰქვია.
[I=5] ეკა და რაფაელი
საქართველოს ყოფილი შსს მინისტრი და უკრაინის ყოფილი შს მინისტრის მოადგილე, ეკა ზღულაძე მიხეილ სააკაშვილის ყოფილ ფრანგ მრჩეველ, რაფაელ გლუკსმანზეა დაქორწინებული. რაფაელი ცნობილი ფრანგი ფილისოფოსის, მილიონერ ანდრე გლუკსმანის ვაჟია. წყვილმა 2011 წელს იქორწინა. ეკასთვის ეს მეორე ქორწინებაა, მისი პირველი მეუღლე რუსთავი 2"-ის მარკეტინგის დირექტორი გეგა ფალავანდიშვილი იყო. ეკას და რაფაელს ერთი შვილი - ალექსანდრე ჰყავთ.
[I=6] ქეთა და ლევი
რუსეთში უკვე მრავალი წელია წარმატებით მოღვაწეობს ჯგუფ "ა-სტუდიოს" ქართველი სოლისტი, ქეთა თოფურია. ქეთა თოფურიას პირველი მეუღლე რუსეთში მცხოვრები ებრაელი ბიზნესმენი ლევ გეიხმანი იყო. წყვილი 2013 წელს დაქორწინდა. მათ ერთი ქალიშვილი - ოლივია ჰყავთ. ქეთა და მისი მეუღლე ყვითელი პრესის ინტერესის ქვეშ მუდმივად იყვნენ. თავად ქეთა ხშირად აღნიშნავდა, რომ იდეალური ქმარი ჰყავს და ნაციონალური განსხვავებულობა არაფერში უშლით ხელს, თუმცა, რამდენიმე წელიწადში ქეთა და ლევი გაშორდნენ. ამის შემდეგ ქეთას რომანი ჰქონდა რუს რეპერ გუფთან. გუფი და ქეთა ცოტა ხნის წინ სკანდალურად დაშორდნენ. გუფი სხვადასხვა ინტერვიუებში ხშირად აცხადებს, რომ ქეთა ისევ უყვარს და ყოველთვის ეყვარება, თუმცა, ქართველი მომღერალი, როგორც ჩანს, შერიგებას არ აპირებს, რადგან გავრცელდა ხმები მისი ახალი რომანის შესახებ რუს დიპლომატთან და ბიზნესმენთან, ლევ ძენგოვთან.
[I=7] თინა და ანდრეი
რუსეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის ცნობილი ტელეწამყვანის და ბიზნესლედის თინა კანდელაკის ყოფილი ქმარი ანდრეი კორდახინია. თინა და ანდრეი უკვე განქორწინებულები არიან, თუმცა, მეგობრული ურთიერთობა აქვთ. მათ ორი შვილი ჰყავთ. ამჟამად თინა თავისზე ათი წლით უმცროს, კომპანია "აპოსტოლ მედიას" გენერალურ დირექტორზე, ვასილი ბროვკოზეა დაქორწინებული, თუმცა, რუსული პრესა, ჭორების დონეზე, აქტიურად საუბრობს კანდელაკის და ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის რომანზეც. მცირე ხნის წინ, ქართული წარმოშობის ტელეწამყვანმა სოცქსელში სკანდალური განცხადებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართველ მამაკაცებს სომეხი მამაკაცები სჯობიან.
[I=8] დიანა და პიოტრი
რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლის, დიანა ღურწკაიას მეუღლე, წარმატებული ადვოკატი, კონსტიტუციური კათედრის პროფესორი და იურიდიულ მეცნიერებათ დოქტორი პიოტრ კუჩერენკოა. კუჩერენკოს და დიანას ერთი ვაჟი ჰყავთ. ერთ–ერთი ინტერვიუში პიოტრი აცხადებდა, რომ დიანა მომავალ ქმარს ქორწილამდე კოცნის უფლებას არ აძლევდა.„როგორც კოშმარი ისე წარმომიდგენია, რამდენჯერ მოუწევს ჩვენს მომავალ რძალს დედამთილისგან შემდეგი სიტყვების მოსმენა: „მე ჩემი ქმრისთვის ქორწილშიც კი არ მიკოცნია“. საქართველოში, სამეგრელოში აქვთ ეს ტრადიცია, არ კოცნიან ერთმანეთს ქორწილამდე, მე მაგალითად ეს არ ვიცოდი. ქორწილის შემდეგაც გვქონდა მსგავსი პრობლემები დიანას ტრადიციულობის გამო. თუმცა ძალიან ვაფასებ ჩემი სიმამრის მიდგომას ამ საკითხთან დაკავშირებით. მან დიანას უთხრა, რომ გათხოვების შემდეგ იმ ტრადიციებით უნდა ეცხოვრა რა ტრადიციებიც მისი ქმრის ეროვნებისთვის იყო მისაღები. შენ ახლა რუსი ხარ, რადგან რუსი ქმარი გყავსო ასე შთააგონა მამამისმა და ეს ძალიან პოზიტიური საქციელი იყო მისი მხრიდან“ - განაცხადა ღურწკაიას ქმარმა ერთ-ერთ გადაცემაში.
[I=9] ნინო და გვიდო
ოპერის მომღერალი, ულამაზესი ნინო მაჩაიძე მილანში იტალიელ მეუღლესთან გვიდო ლოკონსოლოსთან და ვაჟთან ერთად ცხოვრობს. ნინო უცხოური პრესის გამოკითხვით ყველაზე ლამაზ ოპერის მომღერალთა ათეულში ნინო სურგულაძესთან ერთად მოხვდა. ქართველი სოპრანო, არა მხოლოდ მისი სილამაზის, არამედ პიროვნული თვისებებისა და შარმის გამო იკავებს პირველ ადგილს ათეულში. ის მსოფლიოში წამყვან საოპერო სცენებზე ასრულებს ნაწარმოებებს. ნინოს უნიკალური სტილი, შესრულების ტექნიკა და ვოკალური დიაპაზონი აქვს, რომლითაც მსოფლიოს აოცებს. ნინოს ოპერის ანჯელინა ჯოლისაც ეძახიან.ნინომ იტალიელი კოლეგა გვიდო „ლა სკალას“ აკადემიაში გაიცნო. პირველ წელს იყო მეგობრობა. შემდეგ ორივეს „ლა სკალამ“ „რიგოლეტოში“ მონაწილეობა შესთავაზა.„მე და გვიდოს ხშირად გვიწევს ერთმანეთისგან შორს ყოფნა, მე ერთ ქალაქში, გვიდოს – მეორეში. თავისუფალი დრო რომ გამოგვიჩნდება, ერთმანეთთან ჩავდივართ. ეს არის მომღერლის ცხოვრება. აქვს კარგი მხარეებიც და ცუდიც. უარყოფითი ის არის, რომ ახლობლებისგან შორს ხარ, მაგრამ, როცა ამდენხნიანი განშორების შემდეგ ხვდები, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა“ – აღნიშნავს ქართველი სოპრანო.
[I=10] ქეთი და ჯეიმსი
ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ქეთი მელუას ქმარი, მოტომრბოლელი ჯეიმს ტოუზლენდია. 31 წლის ჯეიმსმა და 27 წლის ქეთიმ ერთმანეთი მომღერლის კონცერტზე გაიცნეს. ქეთით მოხიბლულმა მოტომრბოლელმა რამდენიმე თვეში ცოლობა სთხოვა და ბრილიანტის ბეჭედიც უსახსოვრა. პრესა აქტიურად აშუქებდა მათ ქორწილს. ქეთის ცნობილი დიზაინერის კლერ პეტიბოუნის თეთრი საქორწილო კაბა ეცვა და ცერემონია ლონდონის დასავლეთით სამეფო ბაღებში მდებარე კონსერვატორიაში გაიმართა და ბრიტანეთის ელიტა ესწრებოდა.
[I=11] ნინო და რობერტი
ქართველი რეჟისორი და მსახიობი ნინო კირთაძე საფრანგეთში ცხოვრობს. მისი მეუღლე ჟურნალისტი რობერტ პარსონსია. ის წლების განმავლობაში მუშაობდა ბი-ბი-სისთვის, მერე კი მოსკოვში, ლონდონში, პრაღაში.... ახლა ინგლისური სატელევიზიო არხის საერთაშორისო ამბების მთავარი რედაქტორია. "წარმოიდგინეთ, როგორი კომფორტია, როცა შოტლანდიელ ქმარს ქართულად ელაპარაკები. მას ჩემს გაცნობამდე ჰქონდა საქართველოსთან კავშირი, ამიტომ ენაც კარგად იცოდა. ეს თითქოს გვაახლოებს ერთმანეთთან. ჰო, ზუსტად ასე იყო - "დედაენამ რა ჰქმნა?!" როცა პირველად ვნუკოვოს აეროპორტში გავიცანი, გამაოგნა ბი-ბი-სის კორესპონდენტისა და შოტლანდიელი მამაკაცის დახვეწილმა ქართულმა" - აღნიშნავს ქართველი რეჟისორი.
[I=12] თეონა და კოლია
"ჩემი მეუღლე რომ ნახოთ, ენა გადაგეყლაპებათ, ვინ არის ჩემს გვერდით და ვინ მატარებს ხელისგულზე უკვე 11 წელია", – ამის შესახებ რუსეთში მოღვაწე ქართველმა ჟაზ–დივამ, თეონა კონტრიძემ ერთ–ერთი ქართულ გადაცემაში განაცხადა. "ჩემი მეუღლე ამოუწურავი თემაა" – აღნიშნა მომღერალმა. თეონას მეუღლე კოლია ეროვნებით რუსია და თბილისზე შეყვარებულია, რასაც მისი ფოტოალბომიც მოწმობს სოცქსელში. წყვილს ორი შვილი, გოგონა და ვაჟი ჰყავთ.
[I=14] ანა და სტივენი
ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი მსახიობი ანა გურჯი (გიორგობიანი) საზოგადოებამ სკანდალური ფილმით, "ისლამის უცოდველობა" გაიცნო.ქართველი გოგონა ამერიკაში 17 წლის ასაკში გაემგზავრა და მომავალ მეუღლეს ერთ-ერთი ფილმის გადაღებაზე შეხვდა. ფილმის კოპროდიუსერი სტივენ ბერეზი გახლდათ. ბერეზი პროდიუსერობის გარდა მუსიკოსია და საკუთარი მუსიკალური ჯგუფი აქვს. ბერეზი ერთხელ უკვე იყო დაოჯახებული და პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.
[I=13] ნინა და უმბერტო
საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, ვერა ქობალიას უმცროსი და 29 წლის ნინა ქობალია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დროს, საჯარო სამსახურის თანამშრომელი იყო, იტალიელ ჟურნალისტზე, უმბერტო ბაჩიზეა დაქორწინებული.უმბერტო Reuters-ში მუშაობს და უცხოეთის ამბების საკმაოდ ცნობილი რეპორტიორია. რაც შეეხება ნინას, ის წლების მანძილზე ლონდონში მოღვაწეობდა, ასევე ჟურნალისტი და მოდის ბლოგერი გახლავთ. უმცროს ქობალიას აქვს ფეშენ-ბლოგი, სახელწოდებით NONCHALANT. ნინამ და უმბერტომ იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ პიაჩენცაში იქორწინეს. ჯვრისწერისა და ხელმოწერის ცერემონია კათოლიკური წესების სრული დაცვით ჩატარდა ადგილობრივ ეკლესიაში. როგორც ნინა თავის ბლოგში წერს, ქორწინების ცერემონია მთლიანად თავად დაგეგმა და ინსპირაცია შექსპირის "ზაფხულის ღამის სიმზრისგან" მიიღო. ნინა ქობალიას ესპანური ბრენდის, YolanCris-ის ულამაზესი საქორწინო კაბა ეცვა. ხოლო პატარძლის ერთ-ერთი მეჯვარე ვერა ქობალია იყო.
[I=15] თაკო და ბორისლავი
მცირე ხნის წინ, უცხოელ მამაკაცზე დაქორწინდა ცნობილი ქართველი მომღერალი, ულამაზესი თაკო გაჩეჩილაძეც. თაკოს მეუღლე ავსტრიაში მცხოვრები წარმოშობით ბულგარელი პროდიუსერი და მუსიკოსი ბორისლავ მილანოვია. მათ ერთმანეთი "ევროვიზიის" კონკურსზე გაიცნეს, სადაც თაკო საქართველოს წარმოადგენდა. როგორც მომღერალი ყვება, სიმპატიური ბულგარელი მუსიკოსი მისი გულის მოგებას დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა. თაკომ და ბორისლავმა ჯვარი თბილისში, მამადავითზე დაიწერეს, ხოლო ხელი ავსტრიაში მოაწერეს. თაკო ქორწინების შემდეგ მეუღლის გვარზე გადავიდა და თამარა მილანოვა გახდა. წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს. ქართველი მომღერალი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს. "ყველაზე სექსუალური მეუღლე მყავს მსოფლიოში," - აცხადებს თაკო.
0