12:59:52     30-04-2011
ქართული არმია ოცი წლისაა
ცნობილი გამოთქმის მიხედვით, არმია ორგანიზაციაა, რომელსაც დიპლომატების შეცდომების გამოსწორება უწევს. ქართულ არმიას კი, დაარსების გარიჟრაჟზე, ახლადფეხადგუმული სახელმწიფოს დიდი იმედები და სიყვარული დაებედა. იმ დროისთვის, შინდისფერბერეტიანი სამხედროები ტოტალიტარული იმპერიის მონობიდან გათავისუფლებული, ათეული წლების განმავლობაში, ქართველი ერისათვის ნანატრი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოდ იქცნენ.
დღეს, ქართულ არმიას ოცი წელი შეუსრულდა. სახელმწიფოს ხერხემალი და მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტი დამოუკიდებელ საქართველოში ეტაპობრივად განვითარდა. პირველი ნაბიჯები, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე გადაიდგა. 1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია შეიქმნა.
ეროვნული გვარდია, საბჭოთა იმპერიის ბატონობისაგან გათავისუფლებული ქვეყნის ახლადშექმნილი ჯარის მშენებლობის საქმეში გარდამავალი საფეხური უნდა გამხდარიყო. მაშინ მოხდა ქვეყანაში არსებული გასამხედროებული გაერთიანებების თავმოყრა, რომელიც იმ დროისათვის საძმოების და დაჯგუფებების სახით მრავლად არსებობდა. სახელმწიფოს ერთერთი მთავარი ელემენტის ჯარის შექმნა კი ახალი ქართული სახელმწიფოს დაარსების მთავარ მოვლენად უნდა ქცეულიყო. ქართული არმიის შემდგომი განვითარება სწორედ ეროვნული გვარდიის საფუძველზე წარიმართა.
გარკვეული რეფორმების და ქაოტური მდგომარეობის სისტემაში მოყვანის შემდეგ, 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. იმავე წლის 30 აპრილს საქართველოში პირველი საგაზაფხულო გაწვევა ოფიციალურად გამოცხადდა. სწორედ ეს დღე იქცა ქართული არმიის დღედ.
1991–93 წლები უმძიმესი პერიოდი იყო ქართული არმიის და საქართველოს ცხოვრებაში. სამოქალაქო ომი, აფხაზეთის და ცხინვალის კონფლიქტები, არეულობა და მათი თანმდევი პროცესები ჯარის განვითარებაზე უკიდურესად მძიმედ აისახა. ეს იყო ეპოქა, რომელმაც ქართული სამხედრო ფორმიანი ახალგაზრდების სამგლოვიარო სურათების მთელი წყება გააჩინა. ამას მოჰყვა არანაკლებ მძიმე პოსტსაომარი წლები.
2003 წლის შემდეგ, საქართველოს შეიარაღებული ძალების აქტიური მოდერნიზაციის პროცესი დაიწყო. წლების განმავლობაში სულ უფრო იზრდებოდა სამხედრო ბიუჯეტი. 2002–2004 წლებში საქართველოში წრთვნისა და აღჭურვის პროგრამა წარიმართა. ამ პროგრამის ჩარჩოებში, დაიგეგმა ქართული არმიის ნატოს სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანა. ამ პერიოდიდან დაიწყო ქართული ჯარის კოსოვოს, ერაყის და ავღანეთის მისიებში მონაწილეობის მიღების პროცესი, რომელიც დღემდე გრძელდება. ქართულმა არმიამ არსებობის ჯერჯერობით ხანმოკლე პერიოდში, გმირობისა და სიამამაცის მაგალითებიც მრავლად აჩვენა და ისტორიის ფურცლებზე ახალი ეპოქაც შექმნა. 0