ლევან გუდაძე: „ФСБ სააკაშვილის წინააღმდეგ აქციების ჩატარებას მთხოვდა” ლევან გუდაძე: „ФСБ სააკაშვილის წინააღმდეგ აქციების ჩატარებას მთხოვდა” />


  11:10:58     28-04-2011

ლევან გუდაძე: „ФСБ სააკაშვილის წინააღმდეგ აქციების ჩატარებას მთხოვდა”

a5400.gif

ჟურნალისტი ლევან გუდაძე, რომელიც გასულ წელს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადავიდა, ხოლო შემდეგ რუსეთის ფედერაციაში მოხვდა, კვლავ საქართველოში დაბრუნებას ითხოვს. ამ მოთხოვნით, გუდაძემ შვეიცარიის საელჩოს წინ, მშრალი შიმშილობა დაიწყო. “პრესა. ჯი” შიმშილობის პირველ დღეს ლევან გუდაძეს მოსკოვში ესაუბრა.

 

- რა გახდა თქვენს მიერ ასეთი უკიდურესი ნაბიჯის გადადგმის მიზეზი?  

- მოგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადასვლა, იმთავითვე არ ყოფილა ჩემი მიზანი. “სამხრეთ ოსეთში” ოჯახის გადაყვანით კი მხოლოდ ოჯახის წევრების და საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებით ვხელმძღვანელობდი. “სამხრეთ ოსეთიდან” რუსეთის ტერიტორიაზე გადმოსვლა, თავიდან ბოლომდე, რუსეთის სპეცსამსახურების "შემოქმედების" შედეგი გახდა.

 

მათ განმიცხადეს, რომ ცხინვალში ჩემი ოჯახის უსაფრთხოება, მათ ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, დაცული არ იყო და დაჟინებით "მირჩიეს" რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა, სადაც ჩვენი გადმოყვანა ცხინვალში მოქმედმა ფეესბეს დანაყოფმა განახორციელა.

 

ამის შემდეგ, რუსეთის ტერიტორიაზე ძალაუნებურად შევეცადე ცხოვრების შეძლებისდაგვარ აწყობას, თუმცა რამდენჯერმე უარი ვთქვი რა რუსეთის სპეციალურ სამსახურებთან თანამშრომლობაზე, ფაქტობრივად, სამართლებლივ ვაკუუმში აღმოვჩნდი, რომლის გარღვევას დღემდე ვერ ვახერხებ, ანუ ვერ ვახერხებ რუსეთის ბიუროკრატიულ აპარატთან ჭიდილში ჩემი და ოჯახის წევრების ფუნდამენტალური უფლებების დაცვას და იმიტომ არის, რომ აქ გადმოსვლიდან მოკლე დროში ვცადე საქართველოში დაბრუნება და დღემდე ამას ვცდილობ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით უშედეგოდ.

 

მარტივად რომ ვთქვა, რუსეთის ტერიტორიაზე ოჯახის, მეუღლის და ორი მცირეწლოვანი ბავშვის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველვყოფ, რადგან რუსეთი და მისი სახელმწიფო პრობლემები, ფაქტობრივად, არ გვაძლევს მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობას.

 

შეიძლება ეს იმის გამოც იყოს, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე რომ განვაცხადე უარი, შეიძლება, უბრალოდ, რუსეთის ბიუროკრატიაა ადამიანის "გატეხვაზე" ორიენტირებული და შეუვალი, მაგრამ ჩემთვის ამით არაფერი იცვლება. ოჯახის წევრებისთვის ელემენტალური საარსებო პირობების შექმნას ვერ ვახერხებ, 18 თვის მანძილზე და ამას ვერ შევეგუები. ამჟამად, შვეიცარიის საელჩოს სკვერში ვიმყოფები და შიმშილობის აქციას ვმართავ.   

 

- რუსეთის სპეცსამსახურებმა რა შემოგთავაზეს, ვინ გესაუბრათ და რაზე თქვით უარი?

 

- რუსეთის სპეცსამსახურებთან კონკრეტული საუბარი არ მქონია. კონკრეტიკამდე არ მივიყვანე ანუ. სურვილით კი მედიის მიმართულებით და ანალიტიკური მიმოხილვების კუთხით უნდოდათ ჩემი გამოყენება. ეს ღიად თქვეს. სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართულ ერთობლივ აქციებზეც იყო საუბარი, თუმცა, როგორ უკვე აღვნიშნე, უარი განვაცხადე რა მათთან თანამშრომლობაზე, საუბრის იქით ეს თემა არ განვითარებულა. ის თუ ვის ვესაუბრე, არ შემიძლია გასაგები მიზეზების გამო დავასახელო, მითუმეტეს, რომ ერთ და ორ ფეესბეს თანამშრომელზე არ არის საუბარი. ჯერჯერობით, რუსეთში ვარ, ნუ დაგავიწყდებათ.

 

- ზემოთ თქვენ აღნიშნეთ, რომ მშვიდად ცხოვრების საშუალება არ მოგცეს, კონკრეტულად რას გულისხმობთ? ზოგადად კი, რა წარმოდგენა გქონდათ რუსეთზე და რეალური სიტუაცია როგორი აღმოჩნდა?

 

- დიახ, ასეა. უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე თავშესაფრის მაძიებელ პირებს, პირველ ეტაპზე და ამ ადამიანების დამოუკიდებლად არსებობის შესაძლებლობამდე, სახელმწიფო ეხმარება. ყოველ შემთხვევაში, ასეა ცივილიზებული ევროპის ქვეყნებში. რუსეთი სხვა შემთხვევაა, აქ რამდენადაც მე ვხვდები, დევნილებს არაფრის უფლება რეალურად არ აქვთ, კანონით რომ მოქალაქეებთან არიან გათანაბრებული, ეს მხოლოდ ამ კანონის მიმღებმა და საემიგრაციო სამსახურის რამდენიმე, მაღალი რანგის ჩინოსანმა თუ იცის ალბათ..

 

მოკლედ, ჯერ იყო და მუშაობის უფლება და შესაბამისად, ოჯახის შენახვის შესაძლებლობა არ მქონდა, დაახლოებით 12 თვის მანძილზე, ბოლო 6 თვე კი ლტოლვილის სტატუსი მოგვცეს და შესაბამისად, ეკონომიკური აქტიურობისაც, მაგრამ იმდენი კაბინეტი უნდა მოიარო, რეალურად რომ შეძლო მუშაობის დაწყება, რომ ერთი ცხოვრება არ გეყოფა საამისოდ, ასე რომ ამ მხრივაც არაფერი შეცვლილა. რუსეთის ბიუროკრატიის გადამკიდეს, იმ უფლებების რეალიზების ნომინალური შანსიც კი არ მოგვცემია, რომელიც ლტოლვილის სტატუსთან ერთად მოგვენიჭა.

 

რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან, სოციალური უსაფრთხოების გარანტიების შექმნაზე ხომ საერთოდ საუბარი არ არის. ლტოლვილებს რუსეთში როგორც უკვე ვთქვი, ადამიანებად არ თვლიან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, თავად წარმოგიდგენიათ, რაოდენ რთული, თუ არა შეუძლებელი აღმოჩნდა ჩვენთვის რუსეთის ტერიტორიაზე სიცოცხლისა და ჯამრთელობისთვის მინიმალურად აუცილებელი პრობების შექმნა და რომ არა ნათესავებისა და მეგობრების დახმარება, დღეს ცოცხლები არ ვიქნებოდით.

 

- მოსკოვის ქუჩებში რა დამოკიდებულებაა კავკასიელების მიმართ?

 

- რუსეთში კავკასიელების და, ზოგადად, სამხრეთული გარეგნობის ადამიანებისადმი უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს ბევრს, ყველაზე, ცხადია, ვერ ვისაუბრებ. ყოველ შემთხვევაში, მე პირადად, რამდენჯერმე გადამხდა არასასიამოვნო საუბარი ეთნიკური წარმომავლობის გამო, თუმცა ეს რიგით მოქალაქეებს ეხება და არა ჩინოვნიკებს. ჩინოვნიკები ღიად რასისტული, ნაცისტური ან ზოგადად ქსენოფობიური განცხადებების უფლებას საკუთარ თავს, როგორც ჩანს, მაინც იშვიათად აძლევენ.

 

ასეთ სიტუაციაში ვიმყოფებით ამჟამად მე და ჩემი ოჯახი. საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, შესაძლოა, რომ მე პირადად, სისხლის სამართლებრივ დევნაში აღმოვჩნდე, მაგრამ ოჯახის წევრების უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობისათვის, მირჩევნია ოჯახი საქართველოში იყოს, ვიდრე რუსეთში.

0

ავტორი: