ნუშის რულეტი ჟოლოს ჯემით ნუშის რულეტი ჟოლოს ჯემით />


  11:34:07     31-05-2017

ნუშის რულეტი ჟოლოს ჯემით

a67078.jpg

ბისკვიტი:

კვერცხი - 4 ც.

მარილი - დანის წვერზე რაც დაეტევა

შაქრის პუდრი - 4 ს.კ.

ლიმონის წვენი - 1 ჩ.კ.

ვანილი - 0.3 გრ. ან შაქრიანი ვანილი - 1 ჩ.კ.

მოხალული ნუში - 70 გრ.

ფქვილი - 4 ს.კ. - თავმობმული


კრემი:

კარაქი - 100 გრ. (ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული)

ნაღების ყველი - 100 გრ.

შაქრის პუდრი - 2-3 ს.კ. (გემოვნებით)

ვანილი - 0.3 გრ. ან 1 ჩ.კ. შაქრიანი ვანილი


ჟოლოს ჯემი - 100 გრ. 


ან ცოცხალი ჟოლო - 100 გრ.

შაქარი - 2 -3 ს.კ. (გემოვნებით)

რომი ან ვისკი - 1 ჩ.კ. (არ არის სავალდებულო)


მოსართავად - ჟოლო, შაქრის პუდრი, პიტნა, შოკოლადის სიროფი ან შოკოლადის ფილა (50 გრ.) + 10-15 გრ. კარაქი +5-7 ჩ.კ. რძე


მოხალეთ ნუში საშუალო ცეცხლზე და შემდეგ გააგრილეთ. კარგად რომ გაგრილდება, ჩოპერში დააქუცმაცეთ რაც შეიძლება წმინდად - თითქმის ფქვილის სტრუქტურა რომ ქონდეს.

გაახურეთ ღუმელი 180 C -მდე

გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. 4 კვერცხის ცილა მოათავსეთ ჯამში, მოაყარეთ სულ ცოტა მარილი (დანის წვერზე  რაც დაეტევა), და მაღალ სიჩქარეზე გათქვიფეთ მიქსერით 4-5 წუთის განმავლობაში. მასა გამოვა თეთრი, ჰაეროვანი და ამავე დროს შედარებით მყარი. დაამატეთ ლიმონისგან ახლად გამოწურული წვენი - 1 ჩ.კ. და განაგრძეთ მორევა. თანდათან დაამატეთ შაქრის პუდრი. გირჩევთ, შაქრის პუდრი გაცრათ და ისე დაამატოთ, რადგან მასა კიდევ უფრო ჰაეროვანი გამოვიდეს. შემდეგ სათითაოდ დაამატეთ კვერცხის გული და განაგრძეთ მორევა კიდევ 3-4 წუთი.

გაცერით 4 “თავმობმული” სუფრის კოვზი ფქვილი (ანუ სუფრის კოვზზე ფქვილის პატარა გორაკი უნდა გქონდეთ, იმდენი უნდა ამოიღოთ). ფქვილი აურიეთ დაქუცმაცებული ნუშის მასას. შემდეგ ფქვილის მასის 1/2 დაამატეთ კვერცხის მასას და ამოურიეთ კვერცხის სათქვეფით, წრიული მოძრაობით. დაამატეთ დანარჩენი ფქვილის მასაც და ისევ წრიული მოძრაობით ამოურიეთ. ამით შეინარჩუნებთ ცომის ჰაეროვან მასას და ცომი არ ჩავარდება.

საცხობ დაფაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი. საცხობ ქაღალდზე გაშალეთ ცომი (“ცომი” პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან მასა ძალიან ფაფუკია, ნაზი და ცომს არ გავს :)) ფრთხილად და თანაბრად გადაანაწილეთ მასა ყველგან, რომ ერთნაირად გამოცხვეს ბისკვიტი.

შედგით ღუმელში 13-15 წუთით. რომ გამოცხვება, ქაღალდით, ფრთხილად აიღეთ ბისკვიტი და დადეთ მშრალ, სუფთა ზედაპირზე. ზემოდან დააფარეთ მეორე საცხობი ქაღალდი და ფრთხილად ამოატრიალეთ ბისკვიტი. ზემოდან, ფრთხილად მოაძრეთ საცხობი ქაღალდი (ქაღალდი არ გადააგდოთ). როდესაც ბისკვიტი ბოლომდე გაგრილდება, ისევ დააფარეთ ქაღალდი და ამოაბრუნეთ ბისკვიტი. შედარებით არათანაბარი ზედაპირი რულეტის შიგნით მოექცევა, გარედან კი ლამაზ, თანაბარ ზედაპირს მივიღებთ.

კრემის მომზადება არის უმარტივესი და ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი რეცეპტია. ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი გათქვიფეთ მიქსერით, მაღალ სიჩქარეზე 4 წუთის განმავლობაში. დაამატეთ 2-3 ს.კ. შაქრის პუდრი და 1 ჩ.კ. შაქრიანი ვანილი ან 0.3 გრ. სუფთა ვანილის ფხვნილი. შემდეგ დაამატეთ ნაღების ყველი (cream cheese - ხანდახან, ქართულადაც “ქრიმ ჩიზს” უწოდებენ ხოლმე). ხშირად, ნაღების ყველს მდნარი ყველიც აწერია, მაგრამ სანამ იყიდით, დარწმუნდით, რომ მასა არის თეთრი და ოდნავ მყარი (თუმცა კრემოვანი კონსისტენციის) და არა გამდნარი ყველი. კარაქს რომ დაამატებთ ნაღების ყველს, კარგად მოურიეთ მიქსერით და უგემრიელესი კრემიც მზად არის.

წაუსვით კრემი გაგრილებულ ბისკვიტს (ანუ კრემს ვუსვამთ არათანაბარ ზედაპირზე, რომელსაც გადახვევის შემდეგ, შიგნით მოვაქცევთ) და დატოვეთ ასე 15 წუთის განმავლობაში - ბისკვიტი დარბილდება და შემდეგ უფრო ადვილი გახდება გადახვევა.

თუ ჟოლოს მზა ჯემი გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ პირდაპირ, თუ არადა მიჰყევით რეცეპტს: 100-150 გრ. ცოცხალი ჟოლო ჩაყარეთ პატარა ქვაბში, დაამატეთ 2-3 ს.კ. შაქარი (გემოვნებით) და დადგით საშუალო ცეცხლზე. ჩაჭყლიტეთ ჟოლო კოვზით და თან პერიოდულად მოურიეთ. მიიღებთ თხევად მასას. სურვილლისამებრ, დაამატეთ 1 ჩ.კ. რომი ან ვისკი. ჩაუწიეთ ცეცხლს და ქვაბი ცეცხლზე გააჩერეთ კიდევ 6-8 წუთი, პერიოდულად მოურიეთ. შემდეგ გადმოდგით და გააგრილეთ. ბოლომდე რომ გაგრილდება ჟოლოს ჯემი, შეგიძლიათ ზემოდან გადაუსვათ კრემს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ბისკვიტის კიდეებში არ წაუსვათ, რადგან, გადახვევის დროს თხევადი მასა კიდეებისკენ მიიწევს ისედაც, და ზედმეტი თუ მოგივიდათ, გარეთ გადმოვა. 

ფრთხილად გადაახვიეთ რულეტი - შეეცადეთ რაც შეიძლება მჭიდროდ გადაახვიოთ, თუმცა ძალიან არ დააწვეთ ბისკვიტს, თორემ გაბრტყელდება და ფორმას დაკარგავს.

ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრი (საცერით), მოასხით შოკოლადის სიროფი და მორთეთ ჟოლოთი და პიტნის ფოთლებით. თუ შოკოლადის სიროფი არ გაქვთ, წყლის აბაზანაზე გაადნეთ შავი შოკოლადის ფილა, დაამატეთ კარაქი  - კარგად რომ გადნება, მოურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ, მერე თანდათან დაამატეთ რძე ჩაის კოვზით მანამ, სანამ შედარებით თხელ კონსისტენციას არ მიიღებთ, რომ კოვზით შეძლოთ ბისკვიტის მორთვა. 

0

ავტორი: