11:37:24     21-05-2017
"პირდაპირ უფასო ფული და პირადი ბანკირი რომ დაპირდეს? ასე უფრო კარგად მოატყუებს ამომრჩეველს"

"სადაც გავიმარჯვებთ, იმ რაიონის ბიუჯეტიდან პენსიას გავზრდით", - ასეთი უცნაური და დაუფიქრებელი განცხადება გააკეთა გუშინ, ტყიბულში, პარტიული ოფისის გახსნისას, ციხიდან გამოსვლისთანავე ნაციონალური მოძრაობიდან გასულმა თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ, რომელიც ახლა ახლადშექმნილი ევროპული საქართველოს წევრია.
უგულავას ეს განცხადება უკვე შეფასდა როგორც ამომრჩევლის მოსყიდვისა და მოტყუების უნიჭო მცდელობა. თბილისის ყოფილი მერის განცხადებას კრიტიკული და ცინიკური კომენტარები მოჰყვა სოციალურ ქსელშიც.
"პირდაპირ უფასო ფული და პირადი ბანკირი რომ დაპირდეს? ასე უფრო კარგად მოატყუებს ამომრჩეველს, რომელიც, როგორც ჩანს, ფეხებზე ჰკიდია და პირადი გამორჩენის მიზნით, ზღაპრებს გვიყვება", - წერს სოციალურ ქსელში ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი.
ექსპერტთა აზრით კი, უგულავას განცხადება მიმართულია ევროპული საქართველოს დაბალი რეიტინგის (რომელიც NDI-ის ბოლო კვლევითაც დადასტურდა) გაზრდის მცდელობისაკენ. თუმცა, "ამან შესაძლოა კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩააყენოს პარტია, რომელსაც ძალიან ცოტა მხარდამჭერი ჰყავს".
აღსანიშნავია რომ ევროპული საქართველოს პარტიულ გვერდზე ამ დრომდე არ იძებნება მოქმედების კონკრეტული გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ აპირებენ იმ რაიონში გაზარდონ პენსია, სადაც გაიმარჯვებენ.
0