14:31:28     11-04-2017
პირი, რომელმაც მამაკაცი დანით მოკლა და ცხედარი კინტრიშის ხეობაში გადააგდო, დააკავეს
შსს-მ განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული ვ.უ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის თებერვალში, თავის საცხოვრებელ სახლში, ანგარების მიზნით, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1973 წელს დაბადებულ ნ.დ.-ს, რომელიც ამავე სახლში გირაოს სანაცვლოდ ცხოვრობდა. ნ.დ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ვ.უ.-მ, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი სახლთან ახლოს მდინარეში გადააგდო. სამართალდამცველებმა ცხედარი მიმდინარე წლის 9 აპრილს აღმოაჩინეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, კინტრიშის ხეობაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შსს ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. მომხდარზე კი გამოძიება, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.
0