ასპინძის ბრძოლა - რუსული ღალატი და ბრწყინვალე ქართული გამარჯვება ასპინძის ბრძოლა - რუსული ღალატი და ბრწყინვალე ქართული გამარჯვება />


  16:28:55     20-04-2011

ასპინძის ბრძოლა - რუსული ღალატი და ბრწყინვალე ქართული გამარჯვება

a5134.jpg

1768-1774 წლებში რუსეთსა და ოსმალეთს შორის ომი მიმდინარეობდა. ქართველები და მათ შორის ერეკლე II და სოლომონ I იმედით უყურებდენ მოვლენებს და, რა თქმა უნდა, ერთმორწმუნე რუსეთის მხარეს აპირებდნენ ბრძოლას. ასეც შეთანხმდნენ. 1769 წლის 21 მაისს თბილისში რუსეთის წარმომადგენელმა ხვაბულოვმა (ყოფილი ქართველი ქობულაშვილი) და ქართველმა მეფეებმა გადაწყვიტეს ერთიანი ძალებით შეეტიათ მტრისათვის. ქართველებს იმედი ჰქონდათ, რომ დაიბრუნებდნენ მიტაცებულ მიწებს, ლეკიანობას შეწყვეტდნენ და სხვა. რუსებს კი უნდოდათ. ქართველებს აღმოსავლეთის ფრონტი გაეხსნათ ოსმალებისათვის, ამით ბალკანეთის მიმართულებით ბრძოლა გაუადვილდებოდათ.

 

შეთანხმების საფუძველზე, 1769 წელს დარიალის მხრიდან, საქართველოში შემოვიდა რუსული სამხედრო ნაწილი, 480 კაცი, რომელთაც გენერალი ტოტლებენი მეთაურობდა. 1770 წელს ამ ნაწილს დაემატა 3762 კარისკაცი. ეკატერინე II-ს და რუსულ იმპერიას იმედი ჰქონდა რომ ქართული საომარი ძალით მიაღწევდნენ მიზანს, თორემ 4242 ჯარისკაცი რა გამოსაგზავნი იყო, როდესაც ოსმალებს ათი ათასობით მეომრის გამოყვანა შეეძლოთ.

 

1770 წლის მარტის ბოლოს რუსთა და ქართველთა ნაწილები დაიძრნენ მესხეთისაკენ.  მეფემ რუსების იმედით ზარბაზნები თბილისში დატოვა. 14 აპრილს აიღეს სადგერის ციხე. 17 აპრილს ქართველები ერეკლე მეფისა და რუსები გენერალი ტოტლებენის ხელმძღვანელობით აწყურის ციხეს მიადგნენ. ქართველთა ნიჭიერმა სარდალმა იცოდა, რომ მთავარი იყო საფაშოს ცენტრის, ახალციხის აღება, რის მერეც დეზორგანიზებული მტრის დამარცხება მთელ მესხეთში გაადვილდებოდა. ტოტლებენი აწყურის აღებას ითხოვდა. რა ექნა საწყალ ქართველ მეფეს, დათანხმდა. დაბანაკდნენ. ახალციხის ფაშამ 18 აპრილს აწყურის ციხეში გარნიზონს 2 000 ჯარისკაცი დაამატა. მეორე დღეს ტოტლებენმა თავისი რუსული ნაწილი აჰყარა და ბრძოლის ველს გაშორდა. ქართველი მეფე ვიგინდარა გარუსებულ გერმანელს ბევრი ეხვეწა, მაგრამ ვერ მოაბრუნა. ამის შემხედვარე, თურქები გათამამდნენ.

 

იმპერიის მსახურმა დიდ შარში და განსაცდელში ჩააგდო ქართველობა და მერე ღალატით მარტო დატოვა გააფთრებულ მტერთან. მეფემ უაზროდ მიიჩნია აწყურის შეტევა და გამობრუნდა ქართლისაკენ. მიუყვებოდა მტკვრის მარჯვენა მხარეს. მისი ძალები საკმაოდ მცირე იყო, სულ 3 000 მეომარი ჰყავდა. ესეც უნდა დაეყო მტრის თავდასხმის მოლოდინში. თანაც თუ რუსები არ შეეშველებოდნენ, ყიზილბაშების მტრობას ქართლ-კახეთისთვის ოსმალების შემოსევებიც დაემატებოდა.

 

ასპინძასთან ახლოს ხერთვისისა და ახალქალაქის გარნიზონის ოსმალურმა ნაწილებმა შეუტიეს ქართველებს, რათა მათთვის სვლა შეეფერხებინათ ძირითადი ძალის მოსვლამდე. მეფე ერეკლე ამას ელოდა და მზად იყო. მეფემ ჯარს მიმართა: "ქართველებო, ყოველ განსაცდელში განუყრელო ძმებო! ჩვენი უკან გაბრუნება არ იქნება, იმიტომ, რომ თუ რუსის ჯარს ოსმალო მიეწევა, დიდ ვნებას მისცემს და გაქეზებულნი ოსმალ-ლეკნი საქართველსაც აგვიოხრებენ. უმჯობესია ჩვენ აქ გავწყდეთ. აბა თქვენ იცით, და თქვენმა ვაჟკაცობამო!"

 

ქართველები გაუსწორდნენ ოსმალო-ლეკებს და მტკვრამდე მიყარეს. ათასამდე კაცი მოკლეს, ხუთასმა ძლივს გაასწრო. ამ დროს მტკვრის მარცხენა ნაპირიდან ოსმალოებისა და ლეკების მთავარი ძალა წამოეწია და შეუტია ქართველებს, 8 000 კაცი. ამ ჯარის დიდ ნაწილს ნიჭიერმა სარდალმა ერეკლემ მტკვარზე გადმოსვლის საშუალება მისცა, თვითონ მაღლობი დაიკავა. თურქებს ხელმძღვანელობდნენ არტანბეგ ბექირბექი, გოლა ფაშა, შავშეთის, კარცხლისა და ოლთისის ფაშები და სხვა სანჯაყ-ბეგები. ლეკებს კოხტა ბელადი (მალაჩილა), უსუფ ბელადი, ჰაჯი მამედი და ყურმუხის მთავრის შვილი გაჰტრაი, რომელიც თურქეთის ხონთქარს თბილისის ფაშად უნდა დაენიშნა...

 

ღამით, ნიჭიერმა ქართველმა მეფემ აღბაბა ერისთავს, სვიმონ მუხრანბატონს, და ხუდია ბორჩალოელს დაავალა ხიდის დაზიანება. მათ დახოცეს გუშაგები და მტკვარზე ხიდის თავხეები (ბოძები) გადახერხეს. ამით, მაშველი ჯარი ვერ დაეხმარებოდა ოსმალო-ლეკებს და არც გასაქცევი გზა დარჩებოდათ.

 

დილით ბრძოლა დაიწყო. ერეკლე მეფე ცენტრში იდგა, მარცხენა ფლანგს ერეკლეს უფროსი ვაჟი, მომავალი მეფე გიორგი XII ხელმძღვანელობდა. მარჯვენა ფლანგს დავით ორბელიანი. მტრის ცენტრალურ ნაწილს კოხტა ბელადი - მალაჩილა სარდლობდა, მარჯვენა მხარეს არტაბეგ ბექირბექი, მარცხენას გოლა ფაშა. მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზე შეუტიეს და გაიმარჯვეს ქართველებმა. ცენტრში ლეკები მედგრად იბრძოდნენ. მალაჩილამ ერეკლე მეფე ორთაბრძოლაში გამოიწვია და თავი დაკარგა კოხტა ბელადმა. მაჰმადიანებმა უკან დაიხიეს, ხიდი 9 ჩაინგრა და მრავალი წყალმა წაიღო.

 

ბევრი შეშინდა და გაცურვა სცადა, მაგრამ ადიდებულმა მტკვარმა დაახრჩო. ქართველებმა ბოლომდე შეუტიეს, საქმე ბოლომდე მიიწვანეს და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. 25 დროშა და ალაფი ჩაიგდეს ხელთ. აბსოლუტური უმრავლესობა მტრისა მოისრა, მხოლოდ რამდენიმე ათეული მაჰმადიანი გადაურჩა სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლებს.

 

ქართველესაც დაეღუპათ ვაჟკაციები. ბევრი არა, მაგრამ, მათ შორის ერეკლე მეფის ძველი და გამოცდილი თანამებრძოლები, რამაც დიდად ატკინა გული მეფეს. ტოტლებენს, ალბათ, გეგმად ჰქონდა ერეკლე II-ის დაღუპვა და რუსული იმპერიის საქმეების მოგვარება საქართველოში. ერეკლე მეფემ თითქმის ვერ ისარგებლა ასპინძის ომის გამარჯვებით. მას აფიქრებდა ტოტლებენის გეგმები. 29 აპრილს უკვე თბილისში იყო. ტოტლებენი ანანურში ასულიყო და რუსეთიდან ახალ ჯარს ელოდა. ასეთმა ვითარებამ, კიდევ უფრო გაამწარა იმპერიის მსახური. გადაწყვიტა ერეკლე II ტახტიდან ჩამოეგდო. ციხე-სიმაგრეებს იჭერდა და ხალხს რუსეთის ხელმწიფის ერთგულებაზე დაფიცებას სთავაზობდა. ზოგიერთი ქართველი თავადიც მიიმხრო (არ დავასახელებთ მათ გვარებს). ერეკლემ მეფემ შეძლო მისი დაშინება. მერე ტოტლებენი იმერეთში გადავიდა. იმერეთის მეფესთანაც ინტრიგანობა და თავხედობა დაიწყო.

 

რუსეთს ომი ჰქონდა და მნიშვნელოვანი მოკავშირის დაკარგვა არ უნდოდა, მით უმეტეს, მართლმადიდებლურ სამყაროში სახელიც გაუტყდებოდა ომის დროს. ტოტლებენი გაიწვიეს და მის მაგივრად მასზე არცთუ ნიჭიერი სუხოტინი გამოგზავნეს. რომელმაც სრულიად უაზროდ, ავანტიურისტულად, ქართველების რჩევის გაუთვალისწინებლად ბევრი რუსი შეაწყვიტა ფოთის ციხეს. 1772 წელს რუსული ნაწილები საქართველოდან გავიდა და გაგულისებულ ოსმალოებს შეატოვა ქართველობა. ხონთქარმა 5000 ჯარისჯაცი შემოუსია იმერეთს, მაგრამ ბრწყინვალე სარდალმა სოლომონ I მათი დიდი ნაწილი გაანადგურა.

 

ასეთი მოკავშირე იყო, რუსეთის იმპერია ერთმორწმუნე ხალხებისათვის.

0

ავტორი: