11:13:29     24-03-2017
უკრაინელი სამხედროები საქართველოში რეაბილიტაციის კურსს გაივლიან
აღმოსავლეთ უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციებში დაშავებული უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში რეაბილიტაციის კურსს გაივლიან. 11 უკრაინელი დაშავებული სამხედრო საქართველოში ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოვიდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარისკაცები რეაბილიტაციის კურსს წეროვანში მდებარე მარო მაყაშვილის სახელობის რეაბილიტაციის ცენტრში 6 აპრილის ჩათვლით გაივლიან. სამხედროების უმრავლესობა ტყვედ ნამყოფია, ნაწილი კი საბრძოლო მოქმედებების დროსაა დაჭრილი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინელ სამხედროებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე, უკრაინის სამხედრო ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ევგენი ორლოვი და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საქმეთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი დახვდნენ. წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში კი დაშავებული სამხედროებისთვის სპეციალური მიღება გაიმართა, რომელსაც საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეებიც დაესწრნენ და უკრაინელ მებრძოლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ უკრაინელ დიპლომატს რეაბილიტაციის ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და რეაბილიტაციის მეთოდები გააცნო.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წეროვანში რეაბილიტაციის კურსის გასავლელად საქართველოში უკვე მეშვიდე უკრაინული ჯგუფი ჩამოვიდა. უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები ცენტრში ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ორკვირიან კურსს გაივლიან, რაც მიზნად ისახავს დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის, ფიზიკური და ფუნქციური მდგომარეობის მაქსიმალურ გაუმჯობესებას, შესაძლებლობის ფარგლებში, ცხოვრების ხარისხის ოპტიმალური დონის მიღწევასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციას. რეაბილიტაციის სამსახურის სპეციალისტები სამხედროების ფიზიკურ, ფუნქციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას შეაფასებენ. რეაბილიტაციის სპეციალისტები – ექიმი-რეაბილიტოლოგი და ფიზიკური თერაპევტი, თითოეული პაციენტის ფიზიკური და ფუნქციური მდგომარეობის შეფასებას სპეციალური საერთაშორისო ტესტების მიხედვით ახორციელებენ. ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი კი, როგორც დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე, მათი ოჯახის წევრებს უტარდებათ.
უწყების ცნობით, უკრაინელი დაშავებული სამხედროების საქართველოში ვიზიტი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შორის აღმოსავლეთ უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილე უკრაინელი დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის ერთობლივი პროექტის განხორციელების თაობაზე” 2015 წლის 28 აპრილს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.
წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში რეაბილიტაციის პროცესი ამერიკელი პარტნიორების აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს.
0