10:20:16     19-04-2011
ტაჯიკეთში საველე მეთაური მოკლეს
ტაჯიკეთის ხელისუფლებამ გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილი საველე მეთაურის, მოლა აბდულოს სახელით ცნობილი აბდულო რახიმოვის ლიკვიდაციის შესახებ ცნობა დაადასტურა. სახელმწიფო ტელევიზიით კადრები გავრცელდა, სადაც გარდაცვლილის ცხედარი უჩვენეს.
რახიმოვი სამდღიანი სპეცოპერაციის შედეგად გაანადგურეს. ოპერაცია 14 აპრილს, ნურაბადის რაიონში, დუშანბედან 135 კილომეტრში დაიწყო, სადაც მებრძოლები სპეციალურ, ფარულ ბანაკში იმალებოდნენ. ოპერაციაში მონაწილეობა ტაჯიკურმა სპეცსამსახურებმა მიიღეს, რომელთაც ავიაცია და მძიმე ჯავშანტექნიკა ეხმარებოდა. საბოლოო ჯამში, 15 მებრძოლი განადგურდა.
მოლა აბდულო საერთაშორისო ძებნაში 10 წელზე მეტია იმყოფებოდა. სამოქალაქო ომის დროს, ის დღევანდელი პრეზიდენტის ძალების წინააღმდეგ იბრძოდა. ომის დასრულების შემდეგ, ავღანეთში გადავიდა, თუმცა 2009 წელს უკან დაბრუნდა და ქვეყნის ნაწილზე კონტროლი დაამყარა.
2010 წლის შემოდგომაზე, მისი დაჯგუფება ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ავტოკოლონას დაესხა თავს, რის შედეგადაც 28 ოფიცერი და ჯარისკაცი დაიღუპა. ბოლო დრომდე, საველე მეთაურის ლიკვიდაციის მცდელობები წარუმატებლად სრულდებოდა.
0