„საქართველო ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც მტრად განვიხილავთ...“ „საქართველო ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც მტრად განვიხილავთ...“ />


  17:55:21     18-04-2011

„საქართველო ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც მტრად განვიხილავთ...“

a5056.jpg

ოფიციალური რუსეთი საქართველოს ომის რიტორიკის გამო ხშირად აკრიტიკებდა და კრიტიკას დღესაც განაგრძნობს, თუმცა, მსგავს რიტორიკაზე თვითონ უარს არ ამბობს. მართალია, ოფიციალური, პროსახელისუფლებო პრესა რუსეთის სამხედრო სამზადისზე მაინცდამაინც არ გაჰყვირის, მაგრამ სულ სხვა სიტუაციაა ინტერნეტ–სივრცეში, სადაც სამხედრო მაღალჩნოსნები თუ გავლენიანი პოლიტიკური პირები ღიად საუბრობენ თითქოსდა საქართველოს მხრიდან არსებულ საფრთხეებზე და ამ საფრთხეებზე საუბარს ამიერკავკასიაში სამხედრო კონტიგენტის კიდევ უფრო გასაძლიერებლად იყენებენ.

რა თქმა უნდა, მთავარი თემა სოჭის ზამთრის ოლიმპიადისთვის სამზადისი და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. სწორედ ამით აპელირებენ რუსები და არც მალავენ, რომ მთავარ მტრად სამხრეთში სწორედ საქართველოს განიხილავენ. ამავე დროს, ღიად საუბრობენ თურქეთ–სომხეთის მოსალოდნელ ომზე და ამ ომში რუსეთის შესაძლო ჩართვაზე. ერთ–ერთ რუსულ, ავტორიტეტულ ინტერნეტსაიტზე გამოქვეყნდა ინტერვიუ რუსეთის სამხედრო–პოლიტიკური ანალიზის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილესთან, ალექსანდრე ხრამჩიხინთან, რომელსაც „პრესა.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ:

– სამხედრო ოლქ „სამხრეთის“ დასაყრდენი რუსეთში უძლიერესი „ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქია“. ყველაფერი საუკეთესო, ის რაც ბოლო წლებშია გამოშვებული სამხედრო მრეწველობის მიერ, სწორედ იქ იგზავნება. ეტყობა, ბოლო ორი ჩეჩნური ომი ჯერაც კარგად გვახსოვს. გავითვალისწინოთ ასევე შავი ზღვის ფლოტი და კასპიის ფლოტილია, რომლებიც „სამხრეთის“ ოლქში შედიან. ვინ არის იქ ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე?

– პირველ რიგში, საქართველო. ეს მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც ჩვენ შესაძლო მტრად განვიხილავთ. სხვათა შორის, საქართველომ ჩვენც შეგვრაცხა მტრად ჯერ კიდევ კარგა ხნით ადრე 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე. ამიტომაც, როსტოვის, სტავროპოლის, ყუბანისა და ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით მართლაც იგზავნება თითქმის ყველაფერი, რასაც სამხედრო მრეწველობა უშვებს. ძირითადად, ეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შენარჩუნებისთვის ხდება.

– მხოლოდ საქართველოსთან შესაძლო წინააღმდეგობისთვის? ვფიქრობ, რომ ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქი ხუთჯერ მაინც აღემატება სიძლიერით ქართულ არმიას, რომ არაფერი ვთქვათ სამხედრო ოლქ „სამხრეთზე“ მთლიანად...

–  გეთანხმებით. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველომ ვერ მოასწრო თავისი შეიარაღებული ძალების აღდგენა. მართალია, ჩვენ საპირისპიროში გვარწმუნებენ, მაგრამ ეს წმინდა წყლის პროპაგანდაა – საქართველომ ვერაფრის აღდგენა ვერ მოასწრო. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ამ ქვეყნის იარაღის დიდი პარტიის შესყიდვაზე მიერ არც შეიძლება იყოს საუბარი.

– მაგრამ ჩვენ მაინც ინერციით ვაგრძელებთ სამხედრო ტექნიკის გადასროლას ჩრდლოეთ კავკასიაში. რისთვის? ჩრდილოკავკასიელი ბოევიკების წინააღმდეგ? წესით, მათით „ეფ–ეს–ბე“ და შსს უნდა იყვნენ დაკავებულნი...

ალბათ, ინერციით. ჩვენ ამ ზედმეტი ძალისხმევის გარეშეც საქართველოზე ძლიერები ვართ. თანაც, მნიშვნელოვნად ძლიერები.

– იქ ხომ თურქეთიც კიაფობს. შესაძლოა, ამის გათვალისწინებაც გვიხდება?

– თურქეთთან შედარებით ჩვენ იმდენად სუსტები ვართ, რომ შედარებაც არ შეიძლება.

– მაინც, რამდენად?

– ბევრად. მაგალითად, თურქეთს 4.000 ტანკი ჰყავს. ჩვენ კი, მთლიანად რუსეთის სამხედრო ბაზებზე 2.000–ზე ოდნავ მეტი.

– მათგან სამხრეთში რამდენია გაგზავნილი?

– დაახლოებით 600. მათი ჩათვლით, რომლებიც ბაზებზე იმყოფებიან კონსერვაციის რეჟიმში. ამასთან, ჩვენ სამხრეთით დამხმარე ძალის გადასროლა ქვეყნის სხვა ევროპული ნაწილებიდანაც, უმოკლეს დროში შეგვიძლია, რადგან აქ საგზაო ინფრასტრუქტურა უფრო განვითარებულია. ასე რომ, პროგნოზირებად მომავალში, ჩვენ საქართველოს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გავუმკლავდებით. თურქეთს, პირიქით, ვერ გავუმკლავდებით. მაგრამ ჩვენ თურქეთთან სახმელეთო საზღვარი არ გვაქვს. ამ მიმართულებით მხოლოდ ერთი პრობლემა შეიძლება წარმოიქმნას – ომი თურქეთსა და სომხეთს შორის. მაშინ ჩვენ სომხეთის გადარჩენა მოგვიწევს. 

– მაგრამ ომი თურქეთთან ხომ წარმოუდგენელია, რადგან იგი, იმავდროულად, ნატოსთან ომს ნიშნავს?

– გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ ჩვენ დავესხმებით თავს თურქეთს, ეს იქნება ომი ნატოსთან. მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენ თურქეთს არასდროს დავესხმებით თავს. მაგრამ თუ თურქეთი სომხეთს დაესხმება თავს, ეს იქნება სომხეთისა და რუსეთის ომი თურქეთთან. ნატო მასში არ ჩაერევა, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევამდე, თუ ჩვენ სტრატეგიული იარაღით არ დავიწყებთ თურქეთის აღგვას პირისაგან მიწისა.

– თურქეთი კი სომხეთს, შესაძლოა, მთიანი ყარაბაღის გამო დაესხას თავს, სწორია?

– რა თქმა უნდა. ამიტომაც ებღაუჭებიან სომხები ჩვენს სამხედრო ბაზებს მათი ქვეყნის ტერიტორიაზე. იმდენადაც კი, რომ მთლიანად თვითონ ინახავენ, რაც, ჩემი ცნობებით, უნიკალური მოვლენაა მსოფლიო პრაქტიკაში.

– და ბელორუსში ჩვენს ბაზებს ბელორუსები არ ინახავენ?

– არა. იქ ჩვენს ბაზებს ჩვენ თვითონ ვინახავთ, უბრალოდ, ბელორუსები იჯარის გადასახადს არ ითხოვენ. სომხები კი ჩვენი ბაზების ხარჯებს მთლიანად იხდიან, უკანასკნელ კაპიკამდე. მსოფლიოში არსად მომხდარა ასე. რასაკვირველია, სომხების გათვლა სწორია: გიუმრსა და ერევანში განლაგებული რუსული ბაზები სომხებისთვის დაზღვევაა აზერბაიჯანთან ან, ყველაზე უარეს შემთხვევაში, თურქეთთან ომის შემთხვევისთვის.

– თქვენ ხომ თვითონ ამბობთ, რომ მთელი ჩვენი ძალები სამხრეთში უძლურია თურქეთის წინააღმდეგ. რა შეუძლია სომხეთში განლაგებულ ორ საშუალო ბაზას?

– აქ თვითონ რუსეთის არმიის ბაზის არსებობის ფაქტორია გასათვალისწინებელი.

– ანუ, სომხეთზე თავდასხმა, ავტომატურად, რუსეთზე თავდასხმას ნიშნავს?

– დიახ, ასეა. მით უმეტეს, რომ როგორც ტაჯიკეთში ჩვენი 201–ე რუსული სამხედრო ბაზის შემთხვევაში, სომხეთშიც ჩვენს ბაზებზე, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობა მსახურობს, ანუ – სომხები. თურქეთთან ომზე ისინი, რა თქმა უნდა, უარს არ იტყვიან. ამ დროს კი გამოვა, რომ თურქეთი ებრძვის რუსეთს. თურქეთს კი დღეს ჩვენთან ომი ნამდვილად არ სურს. დააკვირდით, რა პროცესები მიდის ამ ქვეყანაში. დღეს თურქეთი ნატოს წევრ ქვეყანად მხოლოდ სიმბოლურად შეიძლება ჩაითვალოს.

– ისლამისტების მომძლავრებას გულისხმობთ?

– ისლამისტებიც არიან, მაგრამ არა თალიბები. იმას ვგულისხმობ, რომ დღეს დიდი დაშორიშორებაა ანკარასა და ვაშინგტონს შორის.

– რასთან დაკავშირებით?

– ყველაფერთან დაკავშირებით. მაგალითად, თურქეთმა სულ ახლახან ჩაატარა ერთობლივი სამხედრო სწავლებები ჩინეთთან. თანაც, ერთი კი არა, ორი – ჯერ სამხედრო–საჰაერო, მერე კი სახმელეთო ძალებისთვის.

– რომელ ტერიტორიაზე ჩაატარეს? მათ ხომ საერთო საზღვარი არა აქვთ?

– თურქეთის ტერიტორიაზე.

– როგორ მოხვდნენ თურქეთის ტერიტორიაზე ჩინელები?

– მათმა „სუ–27“–ებმა გადაიფრინეს მთელი ცენტრალური აზიის საჰაერო სივრცე, მათ შორის, ირანისაც. ეს ამბავი ნოემბერში მოხდა, დეკემბერში კი ერთობლივი, თურქულ–ჩინური სწავლებები ჩატარდა. სხვათა შორის, ეს არ მომხდარა არც სამშვიდობო ძალების და არც ანტიტერორისტული ფორმატით: მიმდინარეობდა ჩვეულებრივი საომარი გეგმის დამუშავება ჩვეულებრივი ომის პირობებისთვის.

– რატომ წავიდა თურქეთი ამაზე? რა საერთო აქვს ამ ქვეყანას ჩინეთთან?

– იმიტომ რომ ანკარა ამით თავის დამოუკიდებლობას უსვამს ხაზს. თურქეთმა კარგად იცის, რომ ამერიკას ის უფრო სჭირდება, ვიდრე თვითონ სჭირდება ამერიკა. ჩინეთი კი თურქეთს აშშ–ს ალტერნატივად და ახალ სამხედრო პოლუსად განიხილავს. ვაშინგტონი ამ დაახლოების გამო გაღიზიანებულია, მაგრამ ვერაფერსაც ვერ გააწყობს. ამიტომაც, ვიმეორებ, რომ თურქეთი დღეს ნატოს წევრად მხოლოდ სიმბოლურად შეიძლება ჩაითვალოს...

– იქ არსებულ სიტუაციაზე რამდენად მოახდენენ გავლენას შავი ზღვის ფლოტი და კასპიის ზღვის ფლოტილია?

– ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ. დღეისათვის ორივე ეს გაერთიანება წარმოადგენს ანტიკვარული მცურავი საშუალებების ნაკრებს. თუ რუსეთის დანარჩენი ფლოტების შემადგენლობაში არ დარჩა არც ერთი, 25 წელზე ხანდაზმული ხომალდი და წყალქვეშა ნავი, შავი ზღვის ფლოტში ამ დროს 40–დან მხოლოდ 17 საბრძოლო ერთეულია 25 წელზე უფრო „ახალგაზრდა“ და მხოლოდ 4 ერთეული – 20 წელზე „ახალგაზრდა“. სასაცილოა, მაგრამ 60–იანი წლებში ნაგები ხომალდებიც გვყავს იქ...

სტატიის ბოლოს, ვითვალისწინებთ რა მკითხველის დაინტერესებას ამ საკითხით, გთავაზობთ „სამხრეთის“ სამხედრო ოლქის დისლოკაციის ადგილების, შემადგენლობისა და შეიარაღების ნუსხას, რომელიც რუსული სამხედრო წყაროებიდანაა მოძიებული:

„სამხრეთის“ სახმელეთო ჯარების შემადგენლობა და დისლოკაცია:

გვარდიის მე–8 ცალკეული  მოტომსროლელი ბრიგადა (შალი, ჩეჩნეთი)

გვარდიის მე–17 ცალკეული  მოტომსროლელი ბრიგადა ( ბორზოი, ჩეჩნეთი)

გვარდიის მე–18 ცალკეული  მოტომსროლელი ბრიგადა (ხანკალა, ჩეჩნეთი)

გვარდიის მე–19 ცალკეული  მოტომსროლელი ბრიგადა ( დასახლებული პუნქტი სპუტნიკი, ჩრდილოეთ ოსეთი)

გვარდიის მე–20 ცალკეული  მოტომსროლელი ბრიგადა (ვოლგოგრადი)

33–ე ცალკეული სამთო მოტომსროლელი ბრიგადა (სოფ. ბოლტიხი, დაღესტანი)

34–ე ცალკეული სამთო მოტომსროლელი ბრიგადა ( სოფ. ზელენჩუხსკაია, ყაბარდო–ბალყარეთი)

გვარდიის 136–ე მოტომსროლელი ბრიგადა (ბუინაკსკი, დაღესტანი)

205–ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა ( ბუდიონოვსკი)

56–ე ცალკეული სადესანტო–მოიერიშე ბრიგადა (კამიშინი)

მე–4 სამხედრო ბაზა – ფორმირებულია მე–19 მოტომსროლელი დივიზიის 693–ე მოტომსროლელი პოლკის ბაზაზე (ცხინვალის რეგიონი)

მე–7 სამხედრო ბაზა – ფორმირებულია 131–ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის ბაზაზე (გუდაუთა)

102–ე სამხედრო ბაზა – ფორმირებულია 73–ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის ბაზაზე (სომხეთი)

„სამხრეთის“ ოლქის სახმელეთო ძალების შეიარაღება:

«Точка-У» ტიპის რაკეტების გამშვები მოწყობილობა – 12 ერთეული

ტანკები – Т-62, Т-72, Т-80, Т-90  – 287 ერთეული

БМП — 360

БТР — 269

თვითმავალი დანადგარები – 324

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები – 170

ჰაერსაწინააღმდეგო, «Тор» და «Оса» სისტემების გამშვები მოწყობილობა – 72

„სამხრეთის“ სამხედრო–საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების შემადგენლობა:

ბომბდამშენი Су-24 – 100 (მათგან 28 „მზვერავის“ რანგში)

მოიერიშე Су-25 – 42

გამანადგურებელი Су-27 – 42

დამრტყმელი ვერტმფრენი  Ми-24  – 40

დამრტყმელი ვერტმფრენი Ми-28Н — 5

საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი «Бук» – 2 დივიზიონი

საზენიტო–სარაკეტო სისტემა – С-300ПМ — 5 დივიზიონი

„სამხრეთის“ შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობა:

სარაკეტო კრეისერი – 1

დიდი საბრძოლო ხომალდი – 2

საგუშაგო ხომალდი – 2

მცირე საბრძოლო ხომალდი – 7

მცირე სარაკეტო ხომალდი – 4

სარაკეტო კატარღა – 5

სადესანტო ხომალდი – 7

წყალქვეშა ნავი – 1

საზღვაო ქვეითთა პოლკი – 1

საზენიტო–სარაკეტო პოლკი – 1

საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბატალიონი – 1

კასპიის ფლოტილიის შემადგენლობა:

საგუშაგო ხომალდი – 1

სარაკეტო კატარღა – 5

საარტილერიო კატარღა – 1

სადესანტო ხომალდი – 2

საზღვაო ქვეითთა ბრიგადა – 1

0

ავტორი: