16:59:01     18-04-2011
ელენე ახვლედიანის ნახატების მყიდველები - პიკასო, სინიაკი…
1901 წლის 5 აპრილს (ახალის სტილით 18 აპრილი), თელავში, დიმიტრი ახვლედიანისა და ელისაბედ ერისთავის ოჯახში დაიბადა ცნობილი ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ელენე ახვლედიანი. მიუხედავად იმისა, რომ აპრილის თვეში დაიბადა, იმ გაზაფხულის დღეს თურმე თოვდა. ბავშვობაში თელავში ცხოვრობდა. იქვე მიიღო დაწყებითი განათლება წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში. 1907 წელს ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. სწავლა განაგრძო თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიაში. ხატვა პატარაობიდან დაიწყო. ძალიან უყვარდა მუსიკა, თუმცა მაინც მხატვრობა ამჯობინა. დაწყებითი სამხატვრო განათლება მიიღო ნიკოლა სკლიფასოვსკისა და ფოგელის სამხატვრო სტუდიაში, რომელიც დაამთავრა 1918 წელს მხატვრობის პედაგოგის კვალიფიკაციით. 1918-1920 წლებში ასწავლიდა ხატვას თბილისის დაწყებით სკოლებში.
ელენე ახვლედიანის სამხატვრო დებიუტი 1919 წლის მაისში, ქართველ მხატვართა სურათების გამოფენაზე შედგა, სადაც თვრამეტამდე ნამუშევარი წარადგინა. მისმა ნამუშევრებმა დიდი ყურადღება დაიმსახურა. განსაკუთრებით ორმა სურათმა: „თელავი” და „თელავში.”
1922 წლიდან სწავლობდა თბილისის ახლად დაარსებულ სამხატვრო აკადემიაში, პროფესორ გიგო გაბაშვილის კლასში. იმავე წელს, როგორც წარჩინებული სტუდენტი, აკადემიის სტიპენდიანტად მიავლინეს უცხოეთში. ცოტა ხანს, 1924 წლამდე იტალიაში იყო, შემდეგ პარიზის (კოლოროსის) აკადემიაში გადავიდა თავისუფალ მსმენელად.
უცხოეთში ყოფნისას, არა მარტო უცხოურ თემებს მიმართავდა. ხშირად მშობლიური ქვეყნის პეიზაჟებსაც ხატავდა. 1924 წელს, პარიზში სწავლის პერიოდში გაიცნო და დაუმეგობრდა პიკასოს. ერთ-ერთ გამოფენაზე პიკასოს მოსწონებია ელენე ახვლედიანის ნახატი "კახეთი, ზამთარი". დიდ გენიოსს სურდა შეეძინა ეს ტილო, რაზეც ავტორმა უარი უთხრა: „ეს ნამუშევარი მეც ძალიან მომწონს და არასოდეს გავყიდიო”. შემდგომში პიკასოს ქართველი მხატვრისთვის უჩუქებია თავისი ავტოლიტოგრაფია.
1926 წელს პარიზის გალერეა “კუატრ შემენში“ მოწყობილ გამოფენაზე ახალგაზრდა ქართველი ქალის ნახატები, „ძველი თბილისი“ და „ქართული პეიზაჟი“, მოეწონა ნეოიმპერესიონიზმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენელს, ცნობილ მხატვარს პოლ სინიაკს (Paul Signac). პოლ სინიაკმა მოისურვა სურათის შეძენა. ელენე ახვლედიანმა ნახატი აჩუქა დამსახურებულ მხატვარს, მაგრამ პოლ სინიაკმა საჩუქრის სახით არ მიიღო შედევრი და ხუთასი ფრანკი გაუგზავნა ავტორს. პარიზში ყოფნის პერიოდში ახალგაზრდა ქართველი ქალის შემოქმედებამ ფრანგი კრიტიკოსების დიდი ყურადღება დაიმსახურა. მის შესახებ წერდნენ პრესაში.
1927 წელს დედის ავადმყოფობის გამო სამშობლოში დაბრუნდა. დედა გარდაეცვალა, თუმცა პარიზში აღარ წასულა. სამშობლოში დაბრუნებულმა მოაწყო გამოფენები თბილისში, თელავში, ქუთაისში. ქართულ საზოგადოებას ძალიან მოეწონა მისი ნამუშევრები. კოტე მარჯანიშვილმა, გამოფენის დათვალიერების შემდეგ, თეატრში მიიწვია მხატვრად. ელენე ახვლედიანმა 72 სპექტაკლი გააფორმა, თბილისის და საქართველოს, ასევე, მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და ხარკოვის თეატრებში. მათ შორის აღსანიშნავია ზ. ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერი” (1942-1943, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი), ზ. ანტონოვის “მზის დაბნელება საქართველოში” (1932-1933, მარჯანიშვილის თეატრი), ჯ. პუჩინის “ბოჰემა” (1944-1945, მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის საოპერო სტუდია), ჯ. ვერდის “ბალ-მასკარადი” (1955-1956, კიევის შევჩენკოს სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი) და სხვა.
ელენე ახვლედიანმა შეასრულა ილუსტრაციები უცხოელი მწერლების ნაწარმოებთა ქართული გამოცემებისათვის: მარკ ტვენის “ტომ სოიერის თავგადასავალი” (1934-ტუში), ვიქტორ ჰიუგოს “კაცი, რომელიც იცინის” (1934-აკვარელი). ასევე ქართველ მწერალთა ნაწარმოებისათვის: ეგ. ნინოშვილის “მეორე მწერალი” (ტუში), დ. კასრაძის “ქალავ არელა”(ტუში), ვაჟა-ფშაველას პოემები და მოთხრობები.
ელენე ახვლედიანის მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრებია: „კახეთი-ზამთარი“, „ძველი თბილისი“, „პარიზის ერთ-ერთი კუთხე“ , „თელავი“ , „ალაზნის ველი“, „იმერეთი“, „შემოდგომა“, "ჯვარი", "შატილი", "პარიზი. მუშათა უბანი", "სოხუმის კუთხე", "სახლი სანაპიროზე", "მონმარტრი", "პარიზი" და სხვა.
ელენე ახვლედიანს 1960 წელს მიანიჭეს საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება.
1961 წელს ჩამოაყალიბა მხატვარ ქალთა ჯგუფი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს წარსულისა და აწმყოს ასახვას ფერწერასა და გრაფიკაში. ისინი მოგზაურობდნენ მთელ საქართველოში და ხატავდნენ. შემდეგ გამოფენებს აწყობდნენ: “თბილისი და მისი მიდამოები”, “კახეთი”, “გურია”, “იმერეთი”.
1963-1964 წლებში მოეწყო ელენე ახვლედიანის პერსონალური გამოფენები საქართველოს მხატვართა სალონში. შემდეგ, 1965 წელს ხელოვნების მუშაკთა სახლში. საკუთარ სახელოსნოშიც ხშირად აწყობდა თავისი ნამუშევრების გამოფენებს. იქვე მართავდა შემოქმედებით საღამოებს, კონცერტებს, შეხვედრებს. მის სახელოსნოში უკრავდნენ ცნობილი პიანისტები ჰეინრიხ ნეიჰაუზი, სვიატოსლავ რიხტერი და სხვები.
1971 წელს ელენე ახვლედიანი გახდა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1973 წელს ლადო გუდიაშვილთან ერთად გადაიღეს ფილმში "მზე შემოდგომისა". ელენე ახვლედიანს ძალიან ჰყვარებია ბავშვები. შემთხვევითი არ არის, რომ ბავშვთა სამხატვრო გალერეა ელენე ახვლედიანის სახელობისაა.
ელენე ახვლედიანი გარდაიცვალა 1975 წლის 30 დეკემბერს.
0