ამადეო მოდილიანი - მე დავიბადე მორიელის ნიშნის ქვეშ, თვითონვე ვანგრევ ჩემს თავს ამადეო მოდილიანი - მე დავიბადე მორიელის ნიშნის ქვეშ, თვითონვე ვანგრევ ჩემს თავს />


  15:12:17     07-03-2017

ამადეო მოდილიანი - მე დავიბადე მორიელის ნიშნის ქვეშ, თვითონვე ვანგრევ ჩემს თავს

a63395.jpg

ლეოპოლდ სიურვაჟს ჩაწერილი აქვს მოდილიანის ცალკეული მოსაზრებები სხვადასხვა თემაზე, უფრო სწორად რამდენიმე ნაწყვეტი მათი საუბრებიდან ნიცაში, სადაც თითქმის ყოველდღე ხვდებოდნენ ერთმანეთს. 
„მე არც მეპატრონე ვარ, არც მუშა, მაგრამ მაინც არა ვარ თავისუფალი. ჩემი ოცნებაა - ვიცხოვრო იტალიაში, ხელოვნებით გაჟღენთი ამ ქვეყანაში, ვიცხოვრო ფლორენციაში ან ლივორნოში, ჩემს მშობლიურ ქალაქში. მაგრამ, ეტყობა, მხატვრობა ჩემს სურვილებზე ძლიერია. იგი მოითხოვს, ვიცხოვრო პარიზში. მხოლოდ პარიზის ატმოსფერო ბადებს ჩემში შთაგონებას. პარიზში მე უბედური ვარ, მაგრამ რაც მართალია, მართალია, მუშაობა მხოლოდ იქ შემიძლია“.
***
„ჩვენ ცალკე სამყარო ვართ, ბურჟუა მეორე - ჩვენთვის უცხო სამყარო“.

***
„ალკოჰოლი გვთიშავს გარე სამყაროსაგან, მაგრამ მისი საშუალებით ვწვდებით ჩვენ შინაგან სამყაროს და ამავე დროს შეგვყავს მასში გარე სამყარო“.

***
„ყველაზე დიდი მოგებაც ვერ ახშობს აზარტს. მე ყოველთვის ვიტოვებ რაღაცას მარაგად. მხატვრობაში არასოდეს არ უნდა გამოამჟღავნო ყველაფერი ბოლომდე“.

***
„ხაზი ჯადოსნური ჯოხია. მისი გამოყენება რომ შეძლო, ამისთვის გენიოსობაა საჭირო“.

***
„ჩვენ ვოცნებობთ, შევქმნათ ახალი სამყარო. საამისოდ მივმართავთ ფორმას, ფერებს, მაგრამ ეს სამყარო შეიძლება განაგოს მხოლოდ აზრმა“.

***
„მეც რომ სხვებივით მქონოდა სახელოსნო!.. მაგრამ ამ მოხეტიალე ცხოვრებასაც აქვს თავისი სიკეთე“.

***
„სკულპტურა მეტისმეტად მძიმე პროფესიაა. ამიტომ ჯერ მხატვრობაში უნდა გაიწაფო ხელი“.

***
„მაშინებს ალკოჰოლი. მე იგი მიტაცებს. როგორმე დავაღწევ თავს ამას“.

***
„ჩვენ პასუხს ვერ ვაგებთ ჩვენს ტვინზე, მაგრამ მაინც სწორედ ტვინი გვხელმძღვანელობს და გვაკონტროლებს, ჩვენ ყველაფერს მისი შუამავლობით ვაკეთებთ“.

***
„ნურაფერს მეტყვით კუბისტებზე. ისინი ეძებენ მხოლოდ საშუალებებს და ყურადღებას არ აქცევენ ცხოვრებას, რომელიც განაგებს ამ საშუალებებს. გენიოსი სწრაფად, პირველი შეხედვისთანავე უნდა ჩასწვდეს ცხოვრების არსს“.

***
„შენ ლოთი ხარ? - არა, მე შემიძლია დავლიო მხოლოდ მაშინ, როცა მუშაობისთვის მჭირდება, მერე კი თავი დავანებო, როცა მოვისურვებ“.

***
„შთაგონება ნიავის ნაზი შემოქროლვაა, ქარიშხლის მომასწავებელი. ჩვენ შევიგრძნობთ ამას ჩვენს ირგვლივ და ჩვენში. იგი შეიძლება ქარიშხლად გადაიქცეს და კარგი მეზღვაური უნდა იყო, რომ გაუმკლავდე ამას. ხანგრძლივი სიმშვიდე - უბედურებაა, უიმედობა“.

***
„ოჰ, ეს ქალები!.. საუკეთესო საჩუქარი, რომელიც შეგიძლია მიუძღვნა მათ, ბავშვია, ოღონდ არ უნდა აჩქარდე საამისოდ. მათ უფლება არ უნდა მისცე, თავდაყირა დააყენონ ხელოვნება. ისინი უნდა ემსახურონ ხელოვნებას. ჩვენი ვალია თვალყური ვადევნოთ ამას“.

***
„მივდივარ პარიზში. რაოდენ გამომეტყველი ბედნიერება ან უბედურება აწერიათ ადამიანებს სახეზე ამ ქალაქში. პარიზი - ჩემი სახელოსნოა, ჩემი სამუშაო ადგილი. ნიცაში ბედნიერებაა და ჯანმრთელობა. აქ ვიკრებ ძალას. პარიზში კი ტანჯვა ასტიმულირებს ჩემს მუშაობას“.


[I=2]

სიურვაჟი - რატომ არის, რომ შენს პორტრეტზე მხოლოდ ცალი თვალი მაქვს?

მოდილიანი - იმიტომ, რომ შენ ცალი თვალით უყურებ ქვეყანას. მეორე თვალით საკუთარ თავში იხედები. გაყიდე, სხვას დაგიხატავ, უფრო უკეთესს!

***
„მე არც მუშა ვარ, არც მეპატრონე. მხატვარი თავისუფალი უნდა იყოს. თავის ნებაზე უნდა იცხოვროს. ეს განსაკუთრებული ცხოვრებაა. თუმცა, თუკი ვინმე ეწევა ნორმალურ, ბუნებრივ ცხოვრებას, - მხოლოდ და მხოლოდ ისევ გლეხი, მიწის მუშა“.

***
„ადამიანი - აი რა მაინტერესებს მე. ადამიანის სახე - ბუნების უმაღლესი ქმნილებაა. ჩემთვის ეს დაუშრეტელი წყაროა“.

***
„Cara Italia (საყვარელო იტალია)... მინდა დავბრუნდე ლივორნოში, ჩემი სულიერი გარდაქმნისათვის“.

***
„შინ მინდა, დედასთან!“

***
„მე დავიბადე მორიელის ნიშნის ქვეშ. თვითონვე ვანგრევ ჩემს თავს და ეს აზრი მანგრევს, როცა მთვრალი ვარ“.

***
„მუშაობისას აუცილებლად მჭირდება ცოცხალი არსება. აუცილებლად უნდა ვხედავდა მას ჩემს თვალწინ. აბსტრაქცია ფიტავს, კლავს - იგი ჩიხია“.

***
„შევეცადოთ ჩავუღრმავდეთ შეუცნობელის ქვეარსს. ამას ცდილობდა კანდინსკი, პიკაბია და სხვები. ორგანიზება ქაოსისა... რაც უფრო თხრი, მით უფრო ღრმად ვარდები რაღაც უფორმოში. შევეცადოთ ფორმის ორგანიზებას ისე, რომ შევინარჩუნოთ წონასწორობა უფსკრულებსა და მზეს შორის“.

***
„არც მეპატრონე ვარ, არც მუშა, არამედ ის, ვინც თვითონ განაგებს თავის შესაძლებლობებს“.

თარგმნა ლარისა ტიტვინიძემგამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი, 1984წ.

წყარო 0

ავტორი: