16:15:00     16-04-2011
ჩაპლინი მეუღლეს საწოლში მეორე ქალბატონის "ჩამატებას" სთხოვდა
1889 წლის 16 აპრილს, ლონდონის მიუზიკ ჰოლის მსახიობების ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც სახელად ჩარლი დაარქვეს. ალბათ, მსოფლიო კინემატოგრაფში არ არის სხვა ისეთი მსახიობი, რომელსაც ასეთი ხანგრძლივი წარმატება ჰქონდა, როგორიც ჩარლი ჩაპლინს. დაახლოებით ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მის ეკრანზე გამოჩენას, მილიონობით მაყურებელი აღტაცებაში მოჰყავდა.
ასეთი წარმატება მისი სამსახიობო, არაორდინალური უნარით იყო განპირობებული.
კომედიური და დრამატული ადამიანის ერთ პერსონაჟში გაერთიანება მხოლოდ ჩაპლინს შეეძლო.
პატარა იყო ჩარლი, როდესაც მამა გარდაეცვალა. როგორც შემდგომ თავად ვარსკვლავი ყვებოდა, როდესაც მამამ დედის ღალატის ამბავი შეიტყო, ალკოჰოლის მიღება დაიწყო, რაც გახდა კიდეც მისი ნაადრევი გარდაცვალების მიზეზი.
ჩაპლინმა სამსახიობო ნიჭი პირველად სკოლაში გამოავლინა. როდესაც ერთერთი ღონისძიებისათვის ჩარლის ლექსის მომზადება დაავალეს. წაკითხვა იმდენად სასაცილო და შთამბეჭდავად გამოუვიდა, რომ კლასიდან კლასში დაატარებდნენ და იგივეს გამეორებას სთხოვდნენ.
ჯერ კიდევ პატარა ჩარლი ფულის გულისთვის, სცენაზე გამოსვლას იწყებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩარლი ენას უკიდებს და მეტყველების აშკარა დეფექტი აქვს, მისი მოძრაობის მანერას მაყურებელი აღტაცებაში მოჰყავს. 18 წლის ასაკში ჩაპლინი, ფრედ კარნოს დასში ეწერება, სადაც სამსახიობო ხელოვნების დაუფლებას იწყებს. როგორც შემდგომ ამბობდნენ, მისმა პირველმა მასწავლებელმა ფრედ კარნომ, სწორედ ჩაპლინის გამო მოიკლა თავი: საკუთარი მოსწავლის ჩრდილქვეშ ყოფნას ვერ გაუძლო.
კარნოს დასთან ერთად, ამერიკაში მოგზაურობისას, ჰოლივუდის პროდიუსერებმა ნიჭიერი ახალგაზრდა მალევე შეამჩნიეს. სტუდია “კისტოუნის” ხელმძღვანელი, მაკ სენეტი ჩარლის კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობს. მალევე შედგა ჩარლის დებიუტი ფილმში “ცხოვრების სახსარი”, რომლის შემდგომაც იწყება ჩაპლინის აღმასვლა.
ეკრანზე პირველივე ფილმის გამოსვლისთანავე ჩარლი, ჰოლივუდში, ქალების გულთამპყრობელის იმიჯს იძენს. ქალებისთვის ძნელი იყო წინ აღდგომოდნენ მის შარმს. თავად კი, რატომღაც, ჯერ კიდევ მოუმწიფებლობის ასაკში მყოფი ქალიშვილები იზიდავდა. 1917 წელს, ჰორიზონტზე გამოჩნდა მისი პირველი არასრულწლოვანი, მილდრედ ჰარისი. მცირეხნიანი ურთიერთობის შემდეგ, ჩარლი იძულებული ხდება იქორწინოს მილდრედზე, რადგან ის ჩაპლინისგან ბავშვს ელოდება. ქორწინება უიღბლო გამოდგა. წყვილს ბავშვი დაეღუპა. მართალია ამის შემდგომ მათ ერთად კიდევ რამდენიმე წელი იცხოვრეს, მაგრამ იძულებულნი გახდნენ დაშორებულიყვნენ.
როგორც თავად ჩარლი ჰყვებოდა, ის ვერ უგებდა ახალგაზრდა მეუღლეს, რომელიც ყველაფერს რატომღაც თავისებურად აკეთებდა. მილდრედს არ უნდოდა განქორწინება. ის ყველა ხერხით ცდილობდა ჩარლის შენარჩუნებას. თუმცა მათ ურთიერთობაში ფულმა ყველაფერი გადაწყვიტა. კანონის თანახმად, მილდრედს 25 ათასი ამერიკული დოლარი ერგებოდა განქორწინების შემდგომ, ჩარლიმ მას 100 ათასი გადაუხადა იმ პირობით, რომ აღარასოდეს გამოჩნდებოდა მის ცხოვრებაში.
ერთ–ერთ გადაღებაზე, ჩაპლინი გაიცნობს 12 წლის ლიტა გრეის, რომელიც მის ფილმში ანგელოზის როლს ასრულებდა. თავიდან ჩარლი მამობრივი მზრუნველობით უყურებდა გოგონას, თუმცა 15 წლის ასაკში ლიტა ჩარლისგან უკვე შვილს ელოდება. მსახიობს არ უნდა ეს ქორწინება და მეგობარ ქალს ნაყოფის მოშორებას სთავაზობს. გოგო არ თანხმდება და ვარსკვლავს სასამართლოში დავით ემუქრება. ჩარლი იძულებული გახდა, არასრულწლოვანზე მეორედ დაქორწინებულიყო. სამწლიანი თანაცხოვრობის შემდეგ, მათ ორი შვილი შეეძინათ. ლიტა გრეი ვერ უძლებს მეუღლის მუდმივ ღალატს და განქორწინებას მოითხოვს. სასამართლოზე განქორწინების მიზეზად ჩარლის სექსუალური გადახრები დაასახელდა. ქალის განცხადებით, ჩარლი მას ორგიებში მონაწილეობას აიძულებდა.
ლიტა გრეიმ წიგნი გამოსცა, რომელიც 25 ცენტად იყიდებოდა. ამ ფასად მკითხველს შეეძლო გაეგო ჰოლივუდის იმ ვარსკვლავების გვარები, რომლებთანაც ჩარლის სექსუალური ურთიერთობა აკავშირებდა. ასევე ის, თუ რამდენად ხშირად სტუმრობდა ის მეძავებს და როგორ სთავაზობდა ჩარლი მეუღლეს, ლოგინში მესამე ქალბატონის დამატებას. წიგნის გაყიდვის ტირაჟმა ყველა რეკორდი მოხსნა. თემა პრესამ აიტაცა. უმრავი ქალბატონი ჰყვებოდა ჩაპლინის აღვირახსნილობაზე. ინტერვიუებში საუბრობდნენ თუ როგორ აიძულებდა ჩაპლინი მათ მოსწავლის ფორმაში გამოწყობას. ჩარლი დეპრესიაში ვარდება, იწყებს სმას, ეტანება ნარკოტიკებს. ჰოლივუდი უდიდესი მსახიობის დაკარგვის რეალურ საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ეს გაგრძელდა, სანამ ჩარლის ცხოვრებაში არ გამოჩნდა ქალბატონი, რომელთანაც მესამედ იქორწინა.
ორისგან განსხვავებით, მესამე მეუღლე, პოლეტ გოდარდი ერთადერთი კანონიერი მეუღლე იყო, რომელიც ქორწინების პერიოდში სრულწლოვანი გახლდათ. მიუხედავად ამისა, მათი თანაცხოვრობა 5 წელიწადში დასრულდა. პოლეტმა ფილმ “დიქტატორის” გადაღების დასრულებისთანავე მეუღლის ბევერლი ჰილზის სახლი მიატოვა ისე, რომ განქორწინებისათვის კონპესანციაც არ მოუთხოვია.
უკანასკნელი განქორწინებიდან ჩარლი მხოლოდ წელიწადი იყო მარტო. ჩაპლინი მომავალი ფილმისთვის მსახიობ გოგონას ეძებდა. ჰოლივუდის აგენტებმა დრამატურგ ო’ნილის ქალიშვილის ნახვა ურჩიეს. როგორც ჩარლი იხსენებს, პირველივე ნახვით მოიხიბლა ახალგაზრდა მსახიობით. იმ დროისთვის, უნა ო’ნილი 17 წლის ყოფილა. მათ შორის სხვაობა 46 წელს შეადგენდა, თუმცა ასაკში სხვაობა სრულებითაც არ ქმნის ჩარლისთვის დაბრკოლებას და გაცნობიდან რამოდენიმე კვირაში მეოთხედ და უკანასკნელად ქორწინდება. წყვილმა ერთად 24 წელი იცხოვრა. ვერცხლის ქორწინების სამზადისში მყოფ ჩარლის სიკვდილმა უწია. დიდი კომიკოსი 1977 წელს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჩარლი ჩაპლინი თავად იყო ფილმების რეჟისორიც, დრამატურგიც და მსახიობიც. მან ასამდე ფილმი გადაიღო. მათგან აღსანიშნავია: “ოქროს ციებ-ცხელება”, “დიდი დიქტატორი”, “ახალი დროება”, “დიდი ქალაქის ჩირაღდნები”.
0