10:32:25     16-04-2011
ერაყში სამხედრო ბანაკი დაარბიეს
გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნავი პილაიმ ერაყელი სამხედროების თავდასხმა ირანელი მოჯაჰედების ბანაკ “აშრაფზე” მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, ადამიანთა ასეთ ხოცვა-ჟლეტას არანაირი გამართლება არ აქვს.
როგორც ცნობილია, გაეროს მონაცემებით, გასულ კვირას, ერაყში დევნილ ირანელ სამხედროთა ბანაკზე თავდასხმისას, 34 ადამიანი დაიღუპა. ერაყელების ინფორმაციით, კონფლიქტი ირანელთა პროვოკაციულმა ქმედებებმა გამოიწვია.
“აშრაფის” ბანაკში ირანიდან დევნილი 3 ათასი ადამიანი იმყოფება. ერაყი ირწმუნება, რომ დევნილების უფლებებს პატივს სცემს, მაგრამ ასევე ცნობილია, რომ ბაღდადს ამ ბანაკის არსებობა საკუთარ ტერიტორიაზე არ მოსწონს.
ერაყის ხელისუფლება ოფიციალურად აცხადებს, რომ მის ტერიტორიაზე მოჯაჰედების ბაზის არსებობა ორ ქვეყანას შორის დაძაბულობას იწვევს. უფრო ადრე კი, ერაყის ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ბანაკის დახურვას და ირანელი, ოპოზიციონერი დისიდენტების ქვეყნიდან გაძევებას გეგმავს. როგორც ცნობილია, თავად ირანი დევნილ მოჯაჰედებს ტერორისტებად მოიხსენიებს.
0