10:25:07     15-04-2011
ახლო აღმოსავლეთი ამერიკული იარაღის გარეშე
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ, ახლო აღმოსავლეთის რიგ ქვეყნებთან სამხედრო კონტრაქტების გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიზეზი რეგიონში დაძაბული ვითარება გახდა.
“როიტერის” ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს სამხედრო თანამშრომლობის მართვის დირექტორის მოადგილის, რიჩარდ ჯენეილის თქმით, ზოგიერთი კონტრაქტი უკვე შეჩერებულია, მაგრამ რომელ ქვეყნებთან შეთანხმებებზეა საუბარი, ჯენეილს არ დაუკონკრეტებია.
თუმცა ცნობილია, რომ იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებული ორი მსხვილი კონტრაქტი, როგორც გამონაკლისი, აუცილებლად შესრულდება. საქმე ეხება საუდის არაბეთისათვის 84 მოიერიშის “F-15 Eagle” – ის და არაბეთის გაერთიანებული საემიროებისათვის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის “THAAD” – ის მიწოდებას. ამ შეთანხმებების საერთო ღირებულება 29 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ამას გარდა, 2011 წლის დასაწყისში, საუდის არაბეთმა აშშ-ს სამხედრო ხომალდების შეკეთებისათვის საჭირო თანხის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვა. ეს თანხა, სავარაუდოდ, 20 მილიარდი დოლარი იქნება. საუდის არაბეთთან ასეთი ტიპის სამხედრო თანამშრომლობა, ამ ქვეყნის და აშშ-ის მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობითაა განპირობებული.
0