12:47:17     14-04-2011
სერგო ზაქარიაძის “ჯარისკაცის მამა”
მთელი მსოფლიოს კინოთეატრები მოიარა "ჯარისკაცის მამამ". მთელმა მსოფლიომ შესანიშნავად ნახა, როგორი ლამაზი ყოფილა კახელი გლეხი, როგორი დინჯი, ბრძენი და კეთილშობილი, როგორი თავდადებული, თაობიდან თაობამდე მეომარი, სიცოცხლის მადიდებელი და უძველესი მიწათმოქმედების კულტურის მატარებელი.
"ჯარისკაცის მამის" სცენარის მონახაზი, რეზო ჩხეიძისთვის ძველი კინოსტუდიის ეზოში მიუტანია სულიკო ჟღენტს. რეზო ჩხეიძე მაშინ სხვა ფილმს იღებდა, სადაც სერგო ზაქარიაძე თამაშობდა. რეზო ჩხეიძეს ძალიან მოსწონებია "ჯარისკაცის მამის" სცენარი (ამაზე სხვა დროს). მეორე დღეს, გადაღებაზე საგრიმიოროში შესულა სერგო ზაქარიაძესთან. როდესაც სერგო ზაქარიაძე როლისთვის ემზადებოდა, მასთან საუბარი არ იყო ადვილი, მთლიანად შთანთქმული იყო გარდასახვით.
რეზო ჩხეიძეს უთქვამს მისთვის, საინტერესო რაღაც მოგიტანეთო. Mერე, მოკლედ უამბო შინაარსი. სერგო ზაქარიაძე ყურადღებით უსმენდა. ბოლოს თვალებიდან ცრემლები წამოსვლია, ისე შეძრა სიუჟეტმა. რა თქმა უნდა, სერგო ზაქარიაძე ასეთ ფილმში გადასარევად ითამაშებდა.
სცენარის ავტორისა და რეჟისორის უდიდესი დამსახურებაა "ჯარისკაცის მამის" მსოფლიო წარმატება, რომელშიც შესანიშნავი სახე შექმნა სერგო ზაქარიაძემ (რეზო ჩხეიძის ფილმებისთვის წარმატება იშვიათი არ არის). "ჯარისკაცის მამა" ერთგვარი სავიზიტო ბარათია საქართველოსი - ქართული კულტურის, ქართული მსოფლმხედველობის, ქართული კაცობის... ყველა ასპექტით, რასიული, ეროვნული დახვეწილობის ანთროპოლოგიურ-კულტურული სახე, ამ სავიზიტო ბარათზე კახელი გლეხია, სერგო ზაქარიაძის გმირი - გიორგი მახარაშვილი. ამ ფილმმა არა ერთი ჯილდო და დიდი საერთაშორისო აღიარება მოუტანა ბრწყინვალე მსახიობს.
სერგო ზაქარიაძე დაიბადა 1909 წლის 18 ივნისს (ახალი სტილით 1 ივლისს), ბაქოში, ქართველი რკინიგზელის ოჯახში. მალე საცხოვრებლად გადავიდნენ ზესტაფონში. 1922 წელს სცადა თბილისის აკაკი ფაღავას თეატრალურ სტუდიაში ჩაბარება, მაგრამ, ძალიან მცირეწლოვანი იყო ამისთვის.
სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1926 წელს მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელობის თეატრში. 1928 წელს, გახდა ქუთაისში დაარსებული თეატრის (შემდგომში მარჯანიშვილის თეატრის) მსახიობი. 1956 წელს გადავიდა რუსთაველის თეატრში. 1969 წელს გახდა აღნიშნული თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. ის შესანიშნავად, განუმეორებლად თამაშობდა ჰეროიკულ, სახასიათო და კომიკურ როლებს. შესანიშნავად ასრულებდა უარყოფითი გმირების როლებსაც.
სერგო ზაქარიაძის მიერ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია: რევოლუციონერი დომენრი (დადიანის "ნაპერწკლიდან", 1937), ჯიბილო (კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება", 1945), გიგაური (მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი", სახელმწიფო პრემიით დაჯილდოებული, 1952), გიორგი (თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი", 1954). ბაგრატიონი (სამსონიას "ბაგრატიონი", 1944), ბახა ( ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი", 1945), მეფე დავითი (გოთუას "დავით აღმაშენებელი", 1946), ბესიკ გაბაშვილი (გოთუას "მეფე ერეკლე", 1942). რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე შესრულებული როლები: ქადაგი ("ბახტრიონი", ვაჟა-ფშაველას მიხედვით, 1960), ფიროსმანი (ნახუცრიშვილის "ფიროსმანი", 1961). ოიდიპოსი ( სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე", 1956), შუისკი (პუშკინის "ბორის გოდუნოვი")...
1934 წლიდან მოღვაწეობდა კინოშიც: გადაღებულია ფილმებში: “Ватерлоо” (1970); “არ იდარდო!” (ლევან ცინცაძე) - (1968); “მალე გაზაფხული მოვა” (მინაგო) - (1967); “შეხვედრა წარსულთან” (ალმასხანი) - (1966); “ჯარისკაცის მამა” (გიორგი მახარაშვილი) - (1964); “პალიასტომი” (ივანე) - (1963); “ზღვის ბილიკი (მოხუცი მეზღვაური)” - (1962); “დღე უკანასკნელი, დღე პირველი” (გიორგი) - (1959); “Великий воин Албании Скандербег” (1953); “ქეთო და კოტე” (ყარაჩოხელი) - (1948); “გიორგი სააკაძე” (შადიმან ბარათაშვილი) - (1943); “Кутузов” (1943); “მეგობრობა” (ვარდენი–ბრიგადირი) - (1940); “სამშობლო” (სარდიონი) - (1939); “დარიკო” (სიმონა) - (1936); “უკანასკნელი ჯვაროსნები” (თორღვაი) - (1933).
1955-1960 წლებში სცენურ მეტყველებას ასწავლიდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში.
მიღებული ჰქონდა სახელმწიფო პრემია, ლენინური პრემია (1966) , რუსთაველის სახელობის პრემია (1971). დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის და "საპატიო ნიშნის" ორდენებით. მინიჭებული ჰქონდა საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება.
სერგო ზაქარიაძე გარდაიცვალა 1971 წლის 13 აპრილს, მხოლოდ 61 წლისა, შემოქმედებითი აქტივობის პერიოდში. კიდევ რამდენი შესანიშნავი როლის შესრულება შეეძლო. ქართულმა კულტურამ დიდი დანაკლისი განიცადა. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
0