10:02:26     14-04-2011
აშშ ნატოს ეხმარება
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალებმა, ნატოსთვის უფლებამოსილების გადაბარების მიუხედავად, ლიბიის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა დევიდ ლეპანმა განაცხადა.
ლეპანმა განმარტა, რომ აშშ, ოპერაციის მომდინარეობისას, ნატოს მოიერიშეებით დაეხმარება. თვითმფრინავების ზუსტი რაოდენობა, რომელთაც ახლა იერიში ლიბიაზე მიაქვთ, ლეპანს არ დაუზუსტებია. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ამერიკული მოეიერიშეები სხვა დროსაც, რამდენიმე ოპერაციის წარმოებისას გამოიყენა.
პენტაგონმა ასევე განაცადა, რომ ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალები, ლიბიის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას, ნატოს თანხმობის გარეშეც განაგრძობენ.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა, სამხედრო ოპერციაში მონაწილეობის შეზღუდვის შესახებ, 3 აპრილს განაცხადეს. მაშინ მისიის წინამძღოლობა დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს და ნატოს სხვა მეკავშირებს გადაეცა. იგეგმებოდა, რომ ორ-სამ დღეში ამერიკულ საბრძოლო თვითმფრინავებს ლიბია მთლიანად უნდა დაეტოვებინათ, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.
0