10:38:23     13-04-2011
ჯონ მარმა “The Cribs” მიატოვა
გიტარისტმა ჯონი მარმა ჯგუფი “The Cribs” სამწლიანი თანამშრომლობის შემდეგ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას “New Musical Express” ავრცელებს. ოფიციალურ პრეს-რელიზში, მუსიკოსმა განაცხადა, რომ სოლო კარიერას იწყებს. ასევე, აპირებს ფილმებისთვის საუნდტრეკების დაწერას. მუსიკოსმა მისი ყოფილი ჯგუფის წევრები “კარგ მეგობრებად” მოიხსენია.
თავის მხრივ, “The Cribs “ – ის სამმა დარჩენილმა მონაწილემ აღნიშნა, რომ გიტარისტის წასვლა მათთვის ტრაგედია არ არის. უკანასკნელ დროს, მარი დანარჩენი მუსიკოსებისაგან ცალკე, დიდ დროს ატარებდა და აი, დადგა დრო, როცა მათ სხვადასხვა გზებით მოუწიათ წასვლა. ამ დროისათვის, ჯგუფი ახალი სიმღერების ჩასაწერად ემზადება და ირწმუნება, რომ “მათ აქვთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ”.
ჯგუფი “The Cribs” დიდ ბრიტანეთში, სამი ძმის, ჯერმანების მიერ, 2001 წელს დაარსდა და საკმაოდ დიდხანს არსებობდა, როგორც ტრიო. ჯონ მარი ჯგუფს 2008 წელს შეუერთდა და ალბომ “Ignore The Ignorant” – ის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა. ფირფიტას, კრიტიკოსების მხრიდან, დადებითი შეფასებები მოჰყვა და ბრიტანული ჩართების ტოპ ათეულშიც მოხვდა.
ჯონ მარმა, როგორც გიტარისტმა, სახელი 80-იან წლებში მოიხვეჭა. ის ჯგუფ “The Smiths” – ის სიმღერების ავტორი იყო, რომელიც სთივენ პატრიკ მორისონთან ერთად დააარსა. ჯგუფის დაშლის შემდეგ, 1987 წლიდან, მუსიკოსი სხვადასხვა ჯგუფებთან თანამშრომლობდა, მათ შორის “Oasis” – თან, “Pearl Jam” – თან, “Pet Shop Boys” – თან და სხვებთან. 0