23:10:09     31-01-2017
ბექა შენგელიას ბავშვობის უცნობი დეტალები – როგორ მოხვდა ის წალენჯიხის ბავშვთა სახლში
მედიაში ბევრი დაიწერა ბექა შენგელიას ცხოვრებაზე. მშობლების დაშორებიდან დაწყებული მისი ნასამართლობითა და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობით დასრულებული. დანაშაულის სისასტიკიდან და ფორმიდან გამომდინარე, ბევრი დაიწერა ბექა შენგელიას ინტერესებზე, სუბკულტურებთან და სექტებთან კავშირზეც.
„პრაიმტაიმი“ ბექა შენგელიას ცხოვრების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას შეეცადა და საინტერესო დეტალები გაარკვია.
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ბექა შენგელიას მშობლებმა ცალ-ცალკე ცხოვრების გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როცა ბექა მესამე კლასში იყო. მამა უკრაინაში წავიდა, დედა – თბილისში, ბავშვები კი ბებიასთან დარჩნენ ზუგდიდში. ბებია მოხუცი იყო, მუშაობდა და ბავშვების მოვლას ვერ ახერხებდა. ნანა შენგელიამ, რომელიც დათა კვარაცხელიას დედა და ბექა შენგელიას მამიდაა, ბავშვები წალენჯიხაში წაიყვანა და ბავშვთა სახლში მიაბარა. სწორედ აქ გაატარა ბექა შენგელიამ მე-3, მე-4 და მე-5 კლასები, ძმასთან ერთად
ნანა შენგელია:
– ბექას უცნაური ბავშვობა არ ჰქონია. უნიჭიერესი ბავშვი იყო. ბექა და მისი ძმა ბავშვთა სახლში მყავდა და პარასკევი, შაბათი, კვირა ჩემთან იყვნენ.
– დედამ მიიყვანა ბექა და მისი ძმა ბავშვთა სახლში?
– არა. დედაჩემმა, იმიტომ რომ აღარ შეეძლო. ყოველდღე სამსახურში მიდიოდა. ამათ კი გარეცხვა, დაბანა, სწავლა და ყურადღება სჭირდებოდათ. ბავშვები სახლში მარტო ხომ არ დარჩებოდნენ? ამიტომ ვუთხარი, მე წავიყვან ბავშვებს, წალენჯიხაში მშვენიერი სწავლებაა-მეთქი.
– რატომ არ დაიტოვეთ ბექა და მისი ძმა თქვენთან და რატომ მიიყვანეთ ბავშვთა სახლში?
– მე სამი შვილი მყავს. ხუთ ბავშვს ვერ გავზრდიდი. ბავშვთა სახლი ჩემს სახლთან ახლოს იყო. ყველა პედაგოგს ვიცნობდი. მათთან ხშირად მივდიოდი და ვნახულობდი.
– დედა თუ აკითხავდა შვილებს?
– იმ წლების განმავლობაში, როცა ბავშვები ბავშვთა სახლში იყვნენ – არა. სამსახურში რომ მოეწყო და თავისი ბინა იქირავა, შემდეგ წაიყვანა თავისი შვილები.
„პრაიმტაიმი“ დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად წალენჯიხის ბავშვთა სახლის ყოფილ დირექტორს გონერ ჭანიას დაუკავშირდა.
ის ბავშვთა სახლს სწორედ იმ წლებში ხელმძღვანელობდა, როცა ბექა შენგელია და მისი ძმა დაწესებულებაში მიიყვანეს.
გონერ ჭანია:
– ეს ბავშვები არ მახსენდებიან. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს დაწესებულება ერთადერთი იყო მთელ საქართველოში, რომელსაც პროკურატურასთან და მილიციასთან საქმე არ ჰქონია, რომ რაიმე დაეშავებინათ. კონკრეტულად მესამე კლასის ბავშვი როგორი იყო, ამის თქმა ამდენი წლის შემდეგ ძნელია.
– როგორ ხვდებოდნენ ბავშვები წალენჯიხის ბავშვთა სახლში?
– 2000 წელს ჩვენ გვქონდა სტატუსი სანატორიუმი-ინტერნატი. ტუბერკულოზით დაავადებული ოჯახის ბავშვები ხვდებოდნენ და ავადმყოფობაგადატანილი ბავშვებიც მოდიოდნენ. შემდეგ სტატუსი შეეცვალა და გახდა ბავშვთა სახლში. ბავშვთა სახლში მძიმე ოჯახური პირობების მქონე ბავშვები ხვდებოდნენ, ასევე, უდედმამო და გასაჭირში მყოფები, რომლებსაც რთული ოჯახური პირობები ჰქონდათ – ეს არის ცუდი ეკონომიკური პირობები, პლუს უდედმამობა.
– უშუალოდ ბექა შენგელია არ გეცნობათ?
– ბექა შენგელია არ მეცნობა, იმიტომ რომ რთულია, გაიხსენო 16 წლის წინათ მესამე კლასში ვინმე. წარმოიდგინეთ 2012 წლამდე რამდენმა ბავშვმა გამოიარა ეს ბავშვთა სახლი. ძნელია, 16 წლის წინანდელი ბავშვის შესახებ აღიდგინო რაიმე. 300-ზე მეტი ბავშვი მყავდა.
– ბატონო გონერ, იმ პერიოდში, 2000-იან წლებში, ძალიან ხშირი იყო ბავშვთა სახლებში ძალადობის შემთხვევები…
– თუ სადმე მოიძიებთ ბავშვებზე ძალადობის ფაქტს ჩვენს ბავშვთა სახლში, მე მზად ვარ, პასუხი ვაგო. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ჩემი დირექტორობის პერიოდში ჩვენ არც პროკურატურასთან არ გვქონია საქმე და არც პოლიციასთან, არ ყოფილა ძალადობის ფაქტები და რაიმე გართულება.
წალენჯიხის ბავშვთა სახლი 2012 წელს დაიხურა. დაწესებულება სახალხო დამცველის ანგარიშში რამდენჯერმე მოხვდა. მაგალითად, 2010 წლის მონიტორინგის შედეგებით, წალენჯიხის ბავშვთა სახლში აღმზრდელები ბავშვებზე ფიზიკურად ძალადობდნენ.
„იკვეთება ძალადობის პატერნი (ძალადობის განმეორებითი მოვლენა, რომლის შინაარსი და მიმდინარეობა ემთხვევა ერთმანეთს): ჯოხით ცემა ხელებსა და ფეხებზე, თმების მოგლეჯა დასჯის მიზნით, სახეში ჩარტყმა, ყურის აწევა“, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშში.
გარდა ძალადობის შემთხვევებისა, ბავშვთა სახლში რთული საცხოვრებელი პირობები იყო. ჩამოდიოდა წყალი, იშლებოდა კედლები… ერთ ოთახში 15-მდე ბავშვს ეძინა. დაწესებულებას არ ჰქონდა სამედიცინო იზოლატორი და ფსიქოლოგის მომსახურება.
2011 წელს კი სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევის ფაქტები გამოავლინა. მაგალითად, ერთ-ერთმა აღსაზრდელმა უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა.
0