სოფელ ტუნაძეების სკოლის საქმის მწარმოებლის მიერ პედაგოგების ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სოფელ ტუნაძეების სკოლის საქმის მწარმოებლის მიერ პედაგოგების ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო />


  12:27:30     26-01-2017

სოფელ ტუნაძეების სკოლის საქმის მწარმოებლის მიერ პედაგოგების ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

a61663.jpg

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების სკოლის საქმის მწარმოებლის მიერ პედაგოგების ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე. 

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

დაზარალებულმა პედაგოგმა დავით ხარაბაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ სოფელ ტუნაძეების სკოლის საქმის მწარმოებელმა ინეზა ხარაბაძემ თავში ხელკეტი ჩაარტყა. მოგვიანებით კონფლიქტი სკოლის დერეფანსა და სამასწავლებლოში გაგრძელდა, სადაც დირექტორის ინფორმაციით, ინეზა ხარაბაძე 14 მასწავლებელს დაუპირისპირდა. შეხლა- შემოხლის დროს 5 პედაგოგი დაშავდა, რომლებსაც ბათუმში ექსპერტიზაც ჩაუტარდათ. ინეზა ხარაბაძეს დღეს, სკოლის დისციპლინური კომიტეტი სამსახურიდან გაათავისუფლებს.

„პირველ კლასში გაკვეთილს ვატარებდი, რა დროსაც საქმის მწარმოებელი ინეზა ხარაბაძე შემოვარდა ხელკეტით და თავში ჩამარტყა. გონება არ დამიკარგავს, მაგრამ თვალთ დამიბნელდა და ცუდად გავხდი, წავიქეცი. შემდეგ წამოვდექი და მის შეჩერებას შევეცადე, ხმაურზე შემოვიდნენ სასწავლო ნაწილის გამგე და გვერდით კლასში მყოფი დირექტორი. ეს ყველაფერი პირველი კლასის მოსწავლეების თვალწინ მოხდა, ბავშვებს შეეშინდათ, ზოგი ტიროდა, ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. ამით არ დამთავრებულა ყველაფერი, კლასიდან გაყვანის შემდეგ, სკოლის მეორე სართულზე გადაინაცვლა და ვინც შეხვდა ყველას ფიზიკურად გაუსწორდა. სამასწავლებლოში არსებული კომპიუტერები, პრინტერი, სკანერი და სხვა ინვენტარი რაც იყო დაამტვრია. 

ფეხის მოტეხილობის გამო ორი თვით ბიულეტენზე ვიყავი გასული, ჩემი არყოფნის დროს გაკვეთილებს ინეზა ხარაბაძე ატარებდა, ბიულეტენიდან დაბრუნების შემდეგ ჩემი კუთვნილი საათები დამიბრუნდა და ვფიქრობ, ამან გააღიზიანა. მეუბნებოდა, მეორე ფეხიც უნდა მოგტეხო, რომ სკოლაში საერთოდ ვერ მოხვიდეო. მიზეზებზე საუბარი მიჭირს, მაგრამ ვფიქრობ, საათების გამო დამიპირისპირდა“, - აღნიშნა დავით ხარაბაძემ.  0

ავტორი: