12:19:26     23-01-2017
კრიმინალურ სკანდალში პრეზიდენტის ოჯახთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი გაეხვა
პრეზიდენტ მარგველაშვილის ოჯახის ირგვლივ, კრიმინალური ისტორიები გრძელდება. 25 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში პრეზიდენტის ოჯახთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქმის განხილვაა ჩანიშნული.
ამჯერად, საქმე გიორგი მარგველაშვილის შვილის, ანა მარგველაშვილის პირად მძღოლს ეხება, რომელსაც ბრალი მოქალაქის ცემასა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებაში ედება.
შემთხვევა გასულ ზაფხულს მოხდა. დაზარალებული იხსენებს, რომ ანა მარგველაშვილის მძღოლი სანდრო მარტიაშვილი მას თავს დაესხა, კეფაში იარაღის კონდახით ჭრილობა მიაყენა და ფიზიკურად გაუსწორდა.
27 წლის მამუკა ხამასურიძე, რომელიც ფოსტის თანამშრომელია, ამბობს რომ დაპირისპირება პრეზიდენტის შვილის მძღოლის ინიცირებული იყო.
"ჩემი ცემის ფაქტი ზაფხულში ჩემს სახლთან ახლოს მოხდა მაშინ, როცა სტუმრებს ვაცილებდი, 2 მეგობარ ბიჭს. გამოვედით ცენტრალურ ტრასაზე ტაქსის გასაჩერებლად, დავინახეთ ტაქსი და დავუქნიე ხელი. თუმცა ტაქსის ნაცვლად გააჩერა მის წინ მიმავალმა ავტომობილმა, საიდანაც ჩემთვის უცნობმა პირმა დამიძახა.
მივუახლოვდი ავტომობილს და მითხრა, რატომ დაუქნიე ხელიო. მე ვუთხარი, რომ ტაქსს ვაჩერებდი სტუმრებისთვის. დამიწყო აგრესიული საუბარი, თითქოს ძალით ცდილობდა ჩემს გამოწვევას. ბოლოს მითხრა, მე წავიყვან მაგ ბიჭებსო. მადლობა გადავუხადე და თანხა შევთავაზე, რომელიც ხელში მეჭირა და ტაქსისთვის უნდა მიმეცა.
გაღიზიანდა, იუკადრისა და მანქანიდან გადმოვიდა. მითხრა, რად მინდა შენი ფული, ვის სთავაზობო, დროზე მითხარით თქვენი გვარები და სახელებიო. მე ვუთხრი ჩემი ვინაობა, პოლიციელი მეგონა, გვიყვიროდა. მე სანდრო მარტიაშვილი ვარ, მარგველაშვილთან ვმუშაობო, მითხარით თქვენი გვარები, ვინ ხართო.
შევეცადე, ამეხსნა, რომ ცუდი განზრახვა არ მქონია და არ მიცდია მისი დამცირება. არ მომისმინა, უფრო აგრესიული გახდა, მწვდა ყელში. ჩემი მეგობრები გაშველებას შეეცადნენ და ამ დროს ხელი წაიღო უკანა ჯიბისკენ და თავში ჩამარტყა იარაღის კონდახი. დავეცი, თუმცა, სანამ გავითიშებოდი, სახეში წიხლიც ჩამაზილა. ფაქტობრივად, უგონო მდგომარეობაში ვიყავი. გავითიშე. ამ დროს ადგილზე მოსულა პოლიცია და სასწრაფო დახმარება.
იქ უთქვამთ, თითქოს მე დავეცი. სასწრაფომ გადამიყვანა მე-8 საავადმყოფოში, სადაც ჩამიტარდა სხვადასხვა გადაუდებელი სამედიცინო პროცედურები. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ თავში მქონდა ჩარჩენილი ძვლის ნატეხი. ჩამიტარდა ოპერაცია. 10 დღის მანძილზე ვიწექი საავადმყოფოში და ორი თვის მანძილზე სახლის პირობებში ვმკურნალობდი.", - იხსნებს იგი "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში.
ხამასურიძის ინფორმაციით, საქმე რამდენჯერმე გადაკვალიფიცირდა. თავის ჩვენებაში იარაღის შესახებ არ უსაუბრიათ მოწმეებსაც, რასაც დაზარალებული მათზე ზეწოლას უკავშირებს.
როგორც ცნობილია, თავდასხმის მომენტში სანდრო მარტიაშვილი ანა მარგველაშვცილის პირადი მძღოლი და დაცვა იყო. დაზარალებული ამბობს, რომ მას მომხდარის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ გამოხმაურებია, თუმცა იხსენებს იმასაც, რომ მასთან მოლაპარაკება მარტიაშვილის მამამ სცადა, რაც უფრო მუქარას ჰგავდა.
25 იანვარს გახდება ცნობილი, რას გადაწყვეტს სასამართლო მარტიაშილის საქმეზე. მას უკვე დაკისრებული აქვს 3000-ლარიანი გირაო.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტი მარგველაშვილი სოჯახი კრიმინალურ სკანდალში ეხვევა.
კერძოდ: ცოტა ხნის წინ, იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით მარგველაშვილის ცოლისძმა დააკავეს. მას ახლა მეოთხედ ასამართლებენ.
ბოლოს, პრეზიდენტის ცოლისძმა ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მცდელობისათვის 17 წლიან სასჯელს იხდიდა, თუმცა, მარგველაშვილმა გაპრეზიდენტებისთანავე შეიწყალა.
წინა კვირას კი, პრეზიდენტის სიძე (მაკა ჩიჩუას შვილის მეუღლე), მინდია გოგოჭური დაჭრეს.
ტელეკომპანია იმედი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ გოგოჭური მისივე მეგობარმა დაჭრა. თუმცა, პოლიცია, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, მომხდარი კრიმინალური ფაქტის დეტალებს ამ დრომდე არ ახმაურებს.
0