10:20:20     12-04-2011
ღია კარის დღე - ”ვიკინგი 2011”
საქართველო ნატო-ს “პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის” (NATO/PfP) ფარგლებში სწავლება “ვიკინგ 2011-ს” მასპინძლობს.
სწავლების მიზანია NATO/PfP ქვეყნების სამხედრო, სამოქალაქო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის, ინტეროპერატიულობისა და ურთიერთნდობის გაღრმავება.
“ვიკინგ 2011” სიმულაციური ქსელების დახმარებით ვირტუალურად მიმდინარეობს. სწავლება სამშვიდობო და კრიზისებზე რეაგირების ოპერაციების დახვეწას ემსახურება.
სწავლებისთვის შექმნილია სპეციალური პროგრამა. პროგრამით გათვალისწინებული სცენარი გულისხმობს ვირტუალურ ქვეყანა “ბოგალანდში” მიმდინარე კონფლიქტის სამშვიდობო ოპერაციის მეშვეობით მოგვარებას.
სცენარი მაქსიმალურად მიახლოებულია რეალობასთან – მოვლენები/ინციდენტები მოდელირებულია მიმდინარე კონფლიქტების შესაბამისად (აფრიკა და ცენტრალური აზია).
“ვიკინგ 2011–ში” 24 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები მონაწილეობენ. სწავლების ძირითადი ორგანიზატორი შვედეთის სამეფოა. შვედეთშია განთავსებული მთავარი შტაბი, ბრიგადის დონის შტაბები კი საქართველოში, ავსტრიაში, გერმანიაში, ირლანდიასა და უკრაინაში ფუნქციონირებს.
სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-3, ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის, ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი ზურაბ თომაური ხელმძღვანელობს. მთავარი მრჩეველი შვედეთის წარმომადგენელი, მაიორი დურბიონ იოჰანესონია.
“ვიკინგ 2011” ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მიმდინარეობს, სადაც სამშვიდობო ოპერაციების ფარგლებში ქართული ქვეითი ბრიგადის გაწვრთნა ხდება. სწავლებას მრჩევლების სტატუსით შვედეთის და აშშ-ის შეიარაღებული ძალების ოფიცრები ესწრებიან.. სამეთაურო-საშტაბო სწავლებაზე მიწვეული არიან საქართველოს საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. საქართველოში განლაგებულ სასწავლო შტაბში სულ 130 სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი მონაწილეობს.
“ვიკინგი 2011”
1998 წლის 12 ნოემბერს შვედეთის მთავრობამ შეერთებულ შტატებთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის მიზანი “პარტნიორობა მშვიდობისთვის” პროგრამის სიმულაციური ქსელის (PSN) განვითარება იყო. PSN-ის მთავარი მიზანია კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, ხელი შეუწყოს კრიზისებზე რეაგირების და სამშვიდობო ოპერაციების წარმოებას. სწავლების ძირითადი პრინციპია მრავალეროვნულ გარემოში გამოყენებულ იქნას თანამედროვე მეთოდები, რათა შესრულდეს დასახული ამოცანები. სწავლება საშტაბო დონეზე ტარდება და მასში სამხედროებთან ერთად აქტიურად მონაწილეობენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. PSN-ი ხელს უწყობს კომუნიკაციის გაუმჯობესებას და ინფორმაციის გაცვლას ნატო-ს, მის პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს შორის. სწავლება “ვიკინგის” ნებისმიერი ქმედება სიმულაციურია და მისი განხორციელება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. სწავლების კონცეფცია 1999 წელს შემუშავდა, როცა პირველი წვრთნები გაიმართა. 2008 წლის ჩათვლით სწავლება “ვიკინგი” სულ ხუთჯერ ჩატარდა (1999, 2001, 2003, 2005).
სწავლების მიზანი
“ვიკინგ 2011” სამხედროების, პოლიციის და სამოქალაქო სექტორის ერთობლივი სწავლებაა. მთავარი ყურადღება არასტაბილურ გარემოში მათ თანამშრომლობას და კოორდინაციას ეთმობა. წვრთნებში მონაწილე აუდიტორია საკუთარი ქვეყნის სამხედრო ბაზებიდან ერთვება სწავლებაში, რაც საშუალებას იძლევა დაიზოგოს მნიშვნელოვანი თანხები.
რითი განსხვავდება “ვიკინგი 2011” სხვა სწავლებებისგან?
• სასწავლო აუდიენცია, სწავლების დაგეგმვის და მაკონტროლებელი ჯგუფიც სამხედრო, პოლიციური და სამოქალაქო სექტორისგან შედგება
• სწავლების მთავარი პრინციპია მოხდეს სამოქალაქო, სამხედრო და პოლიციური სტრუქტურების კოორდინირებული თანამშრომლობის გაუმჯობესება.
• სცენარი რეალური სამშვიდობო ოპერაციების მრავალ კომპონენტს მოიცავს (განიარაღება, დემობილიზაცია, რეინტეგრაცია, უსაფრთხოების სექტორის რეფორმა, კანონის უზენაესობა, ჰუმანიტარული დახმარება).
• სწავლების ტრენერები, დამკვირვებლები, კოორდინატორები, მრჩეველები და მენტორები სამოქალაქოები არიან.
სამხედრო-სამოქალაქო-პოლიციური ურთიერთობები: პრინციპული ცვლილებები “ვიკინგ 2011-ში”
• სცენარი მაქსიმალურად მიახლოებულია რეალობასთან – მოვლენები/ინციდენტები მოდელირებულია მიმდინარე კონფლიქტების შესაბამისად (აფრიკა და ცენტრალური აზია)
• აქცენტი კეთდება დაგეგმვით მოქმედებებსა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნაზე
• სასწავლო თამაშებში აქტიურად არიან ჩართულები ფუნქციონალური ექსპერტები და საშუალო დონის მენეჯერები
• სასწავლო აუდიენციასა და წვრთნების კონტროლის სტრუქტურაში სამოქალაქო და პოლიციური წრეების წარმომადგენლები უფრო მრავლად არიან წარმოდგენილნი, ვიდრე ეს გასულ სწავლებებში იყო.
0