17:03:36     11-04-2011
სტიუარტ სატკლიფი - უდროოდ გარდაცვლილი ბითლზის ყოფილი წევრი
1962 წლის 10 აპრილს ჰამბურგში გარდაიცვალა მომავალი ლეგენდარული ჯგუფის The Beatles ყოფილი ბას-გიტარისტი, ნიჭიერი მხატვარი სტიუარტ სატკლიფი (Stuart Fergusson Victor Sutcliffe).
სტიუარტი ბითლზების ძველი წევრი იყო, მათთან ერთად დადიოდა გასტროლებზე ჰამბურგში.
სტიუარტ სატკლიფი დაიბადა 1940 წლის 23 ივნისს, ედინბურგში, შოტლანდიაში. მამა ჩარლზ სატკლიფი საზღვაო ოფიცერი გახლდათ, ხშირად უწევდა ნაოსნობაში ყოფნა. დედა, მილი სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად. სტიუარტს ჰყავდა ორი და, პოლინა და ჯეისი. სტიუ გაიზარდა ლივერპულში. სწავლობდა პრეკსოტის სკოლაში.
ბავშვობიდან უყვარდა ხატვა. შეიყვანეს ლივერპულის სამხატვრო კოლეჯში, სადაც გაიცნო ჯონ ლენონი. მალე დამეგობრდნენ. სტიუზე დიდი გავლენა მოახდინა ჯონმა. სტიუ დაჰყვებოდა ჯონს მისი პირველი ჯგუფის Quarrymen-ის რეპეტიციებზე. ჯონი კარგი მეგობარი იყო, შთაგონებული გახლდათ მუსიკით. "ქვორიმენის" პირველი შემადგენლობა ასეთი იყო: “პიტ შოტონი, რომელიც უკრავდა სარეცხ დაფაზე, ერიკ გრიფიტსი - გიტარა, ლენ ჰარი და კოლინ ჰანსონი - დასარტყმელი ინსტრუმენტი, როდ დევისი - ბანჯო. თავიდან პიტ შოტონიც ჯონის ხათრით იყო ჯგუფში. შემადგენლობა ხშირად იცვლებოდა. ამ დროისათვის ჯგუფში მოსული იყო პოლ მაკარტნი, რომელმაც მოიყვანა ჯორჯ ჰარისონი. ძველი წევრები, რომელთაც დიდად არ აინტერესებდათ მუსიკა, მეგობრებად დარჩნენ. ბიჭები იცვამდნენ “TeddY boy”-ს გამოპრანჭული სტილით, რომელსაც ხულიგნური მანერები ემატებოდა. თმა გრძელი და უკან გადაყრილი ჰქონდათ.
ჯონ ლენონმა და სტიუარტ სატკლიფმა დაარწმუნეს სასწავლებლის ადმინისტრაცია და აყიდინეს მაგნიტოფონი, ვითომდა სტუდენტებისათვის. სინამდვილეში მასზე ჯგუფის სიმღერებს იწერდნენ, რათა მერე მოესმინათ როგორ ჟღერდა. მერე კოლეჯს აყიდინეს გამაძლიერებელი. ესეც, ვითომდა ცეკვებისათვის. გამაძლიერებელსაც "ქვორიმენისთვის" იყენებდნენ. სტიუ იდგა ხოლმე რეპეტიციებზე და უსმენდა. გაუჩნდა სურვილი ჯგუფში მონაწილეობისა, თუმცა ინსტრუმენტი არ ჰქონდა.
ამ დროს ნიჭიერი სტიუარტ სატკლიფის რამდენიმე ტილო გამოიფინა ჯონ მურსის გამოფენაზე, რისთვისაც სტიუს გადასცეს პრემია 60 ფუნტი (სხვა ვარიანტით ჯონ მუსრმა იყიდა სტიუს ტილო 65 ფუნტად). ეს მაშინ კარგი ფული იყო. ადამიანები მხოლოდ 5-6 ფუნტს იღებდნენ კვირაში ხელფასს. ჯონის რჩევით სტიუს უნდა ეყიდა ან ბას გიტარა, ან დასარტყმელი ინსტრუმენტი, რადგან არც ერთი არ ჰქონდათ. სტიუმ გადაწყვიტა ეყიდა ბას გიტარა, თუმცა დაკვრა არ იცოდა. მისთვის დაკვრა ჯონს უნდა ესწავლებინა. მაშინ ჯონიც არ გამოირჩეოდა დიდი ოსტატობით.
"სტიუმ მაშინ სულ არ იცოდა გიტარაზე დაკვრა" - იხსენებდა ჯონ ლენონი. - "ჩვენ ვასწავლეთ ყველაფერი, რაც ვიცოდით. სტიუმ მალე აუღო ალღო". თუმცა, მაშინდელ ფოტოებზე ხშირად ჩანს, რომ სტიუარტ სატკლიფი ხანდახან ზურგით იდგა მაყურებლისადმი, რათა არ დაენახათ, რომ კარგად ვერ უკრავდა. მერე ჯგუფს გადაარქვეს სახელი და უწოდეს "სილვერ ბითლზი". ისინი, აკომპანიმენტისათვის მიიწვიეს ტურნეში, რომელიც უნდა გაემართათ სხვა მომღერლებს. ბიჭები უკრავდნენ ჯონ ჯენტლისათვის. ორი კვირით შოტლანდიაში იმოგზაურეს. დასარტყმელ ინსტრუმენტზე ეხმარებოდათ ჯერ ლივერპულელი ჯონ ჰაჩი, მერე შოტლანდიელი თომას მური.
ცოტა ხანში მათ დაემატა დრამერი პიტ ბესტი. ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი, ჯორჯ ჰარისონი, სტიუარტ სატკლიფი და პიტ ბესტი გაემგზავრნენ გერმანიაში, ჰამბურგში, გასტროლებზე. ამ დროს ჯგუფს უკვე The Beatles ერქვა. ეს იყო 1960 წელს.
ჰამბურგში სტიუმ გაიცნო სამხატვრო კოლეჯის სტუდენტი გოგონა, ასტრიდ კირჰერი. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. ასტრიდი ფოტოგრაფიას შეისწავლიდა. ჰამბურგის დროინდელი ბითლზის ისტორიული ფოტოებიდან თითქმის უმეტესობა ასტრიდის გადაღებულია. 1960 წლის ნოემბერში ასტრიდი და სტიუ დაინიშნენ.
1961 წელს ბიჭები ისევ გაემგზავრნენ ჰამბურგში და მიიღეს მონაწილეობა მომღერალ ტომი შერიდანის ჩაწერებში, როგორც აკომპანიმენტის შემსრულებლებმა. ამის შემდეგ სტიუ დარჩა ჰამბურგში ასტრიდთან ერთად და გააგრძელა ფერწერის შესწავლა.
სტიუს აწუხებდა თავის ტკივილები. ძნელია თქმა, რისი ბრალი იყო ეს. რამდენჯერმე მთვრალი მაყურებელი, სხვადასხვა კლუბში თავს დაესხა ბითლზის წევრებს. ერთ-ერთი შემთხვევის დროს სასტიკად სცემეს ყველა მათგანი, ლუდის ბოთლებით და სკამებით. მაკარტნი ყველაზე უფრო ადვილად გადარჩა. სტიუმ კი მიიღო ტვინის მძიმე შერყევა.
ჰამბურგში სტიუს ხულიგნები დაესხნენ თავს. ძლივს მიუსწრეს და უშველეს პიტმა და ჯონმა. ლენონმა ამ დროს თითიც მოიტეხა.
რამდენად მართალია არ ვიცი (ძნელია დავიჯერო), მაგრამ არის ვერსია, რომ ერთხელ სტიუ ჯონ ლენონმაც სცემა, როდესაც ჰამბურგში იყვნენ. ჯონი რაღაცაზე გაცოფდა და თავს ვეღარ აკონტროლებდა. მუშტები ურტყა სტიუს, მერე წიხლებიც ჩაურტყამს წაქცეული მეგობრისთვის თავში. გონს რომ მოვიდა გაცეცხლებული ჯონი, ნახა რომ სტიუ ეგდო და თავიდან სისხლი მოსდიოდა. ჯონი მიხვდა რომ საშინელებაც ჩაიდინა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. ამ დროს პოლს დაუძახია მისთვის, "სად გარბიხარ ნაძირალავ! მოდი აქ შე იდიოტო!". ჯონ ლენონი მთელი ცხოვრება მწარედ განიცდიდა ამ ამბავს და თავს იდანაშაულებდაო. ამ ვერსიას, იოკო ონოს მონაყოლის საფუძველზე (?), გადმოგვცემს ერთ-ერთი ბიოგრაფი ლენონისა, ალბერტ გოლდმანი.
ასეა თუ ისე, 1962 წლის 10 აპრილ ნიჭიერი სტიუარტ სატკლიფი გარდაიცვალა ტვინში სისხლის ჩაქცევით.
სატკლიფის მონაწილეობით არის ჩაწერილი სამი სიმღერა Hallelujah, I Love Her So, You’ll Be Mine და Cayenne, რომლებიც შევიდა ბითლზების შემდგომ ალბომებში. სტიუს სურათი მათ გამოსახეს ალბომის Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band ყდაზე. ასევე, 1995 წელს გამოსული Anthology 1 ყდაზეც, მარჯვენა, ზემო კუთხეში არის სტიუს ფოტოსურათი.
1994 წელს გადაღებულ იქნა ფილმი "4+1 (მეხუთე კვარტეტში)", სადაც აღწერილია სტიუს მოღვაწეობა ბითლზის შემადგენლობაში და მისი ტრაგიკული გარდაცვალება. ვისაც უნახავს ეს ფილმი, დამეთანხმება, რომ საკმაოდ სევდიანად, ლამაზად და დრამატულადაა მოთხრობილი სტიუს ისტორია, ბიჭებისა და შეყვარებულის განცდები. ფილმის ავტორები არ იზიარებენ ჩხუბის გამო სტიუს გარდაცვალების ვერსიას, მით უმეტეს, ლენონის მიერ მისი ცემის ამბავს.
როგორც ამბობენ, სატკლიფის პირველი ნახატები აგრესიულობით გამოირჩეოდა, გამოყენებული იყო მუქი ფერები. ჰამბურგის სამხატვრო კოლეჯში სტიუს ხელმძღვანელი იყო ედუარდო პაოლოცი, რომელმაც მერე განაცხადა "სატკლიფი საუკეთესო სტუდენტი იყოო". სტიუს ნამუშევარი "ჰამბურგული სახელოსნო 2" შეიძინა ლივერპულის სამხატვრო გელერეამ. უოკერის სამხატვრო გალერეაში არის რამდენიმე ნამუშევარი სატკლიფისა, მათ შორის "ავტოპორტრეტი" და "ჯვარცმა".
0