23:34:35     26-12-2016
2016 წლის სამი ყველაზე სასტიკი მკვლელობა საქართველოში
2016 წელი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი არაერთი მკვლელობით გამოირჩეოდა, თუმცა თქვენს ყურადღებას სამ ყველაზე შემზარავ ფაქტზე შევაჩერებ. ფაქტებზე, რომელმაც მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო და დიდი ხნის განმავლობაში აქტიური საზოგადოებრივი განხილვის საგნად იქცა.
მაგდა პაპიძის საქმე
მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული 2016 წლის დადგომამდე, რამდენიმე დღით ადრე, 19 დეკემბერს მოხდა, გადავწყვიტეთ, ეს საქმე წლის ყველაზე ხმაურიან მკვლელობებს შორის მაინც პირველ ადგილზე დაგვეყენებინა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმეს ნაფიცი მსაჯულები სწორედ 2016 წელს, მთელი 7 თვის განმავლობაში განიხილავდნენ და სწორედ ამ პერიოდში გახდა ცნობილი დანაშაულის შემზარავი დეტალებიც.
მცირეწლოვანი შვილისა და ქმრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ნაფიცმა მსაჯულებმა 4 ივლისს დამნაშავედ ცნეს, მოსამართლემ კი მას სასჯელის სახით უვადო პატიმრობა დაუდგინა. ამით დასრულდა ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული საქმის განხილვა, რომლის მიმართაც საზოგადოებას ამჟამადაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს. გამამტყუნებელი ვერდიქტის მიუხედავად, ნაწილი მაგდა პაპიძის უდანაშაულობაში ახლაც დარწმუნებულია და წარმოუდგენლად მიაჩნია, როგორ შეძლებდა დედა საკუთარი შვილის მოკვლას.
დანაშაულის მოტივად მაგდა პაპიძის სასიყვარულო ურთიერთობები დასახელდა, თუმცა ეს ამ საქმის სამართლებრივი მხარეა. ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ მსგავს შემთხვევებში დანაშაულის მიზეზი გაცილებით ღრმა და კომპლექსურია, სამართლებრივი მოტივი კი შესაძლოა, ბოლო წვეთი იყოს დამნაშავის ფსიქოლოგიურ ფიალაში, რამაც მას ძალადობრივი ქმედებისკენ უბიძგა. როგორც წესი, მოწყვლადი ადამიანი, რომელიც ძალადობრივ გარემოში გაიზარდა, შემდგომში თავადვე სჩადის ძალადობას. ცნობილია, რომ მაგდა პაპიძეს საკმაოდ რთული ბავშვობა ჰქონდა, მშობლების კონფლიქტი ხშირად ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მიდიოდა, თუმცა ამჯერად ჩვენ ამ დეტალებს არ შევეხებით და გაგაცნობთ პროფესიონალის მოსაზრებებს.
ფსიქოლოგ ნინა გოგოხიას ორი წლის განმავლობაში ციხის საავადმყოფოში იმ პატიმრებთან უწევდა მუშაობა, რომლებიც სასჯელს სწორედ შვილის, ან მეუღლის მკვლელობისთვის იხდიდნენ. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ის განმარტავს, რომ შემთხვევათა უმრავლესობა სწორედ ტრავმულ გამოცდილებასა და წარსულში მათ ირგვლივ არსებულ ძალადობრივ გარემოს უკავშირდება. ფსიქოლოგი მაგდა პაპიძეს ახასიათებს, როგორც მსხვერპლს და თუ რატომ ფიქრობს ასე, ამას ქვემოთ მის ინტერვიუში შეიტყობთ.
ნინა გოგოხია, ფსიქოლოგი:
– ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა დამოკიდებულია ფსიქოლოგიურ მოწყვლადობაზე. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს, როდესაც სტრესის ხარისხს გაუზრდი რაღაც ეტაპზე შესაძლოა, მან კონტროლი დაკარგოს საკუთარ თავზე, ანუ გახდეს ირაციონალური. უფრო მძიმე შემთხვევაში შესაძლოა, ფსიქიკური აშლილობაც კი განვითარდეს. არიან ადამიანები, რომლებიც ელემენტარული დისკომფორტის გამოც კი აფექტის მდგომარეობაში ვარდებიან. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი ტრავმული გამოცდილება აქვთ, თუმცა მაინც ართმევენ თავს. ინდივიდუალური საკითხია – ვიღაც არის მდგრადი, ვიღაც არამდგრადი. წარმოიდგინეთ ფიალა, რომელიც ივსება. გარკვეულ მომენტში შესაძლოა, ერთი წვეთი იყოს საკმარისი იმისთვის, რომ ეს ფიალა გაივსოს და შენ მოიქცე, როგორც ცხოველი, ანუ განახორციელო იმპულსური ქცევა და ეს არ იყოს იმ ტრავმის საპირწონე, რაც შვილის მოკვლას გაიძულებდა. ანუ გარემოებებმა ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მიიყვანოს იმ დონემდე, რომ ეს ფიალა აივსოს. მაგდა პაპიძის ქცევა ავტომატურად გულისხმობს, რომ საქმე გვაქვს არამდგრად ადამიანთან, ან სავსე ფიალასთან. ფსიქოლოგიურად ეს ადამიანი მოწყვლადი რომ არ ყოფილიყო, არ განახორციელებდა ქცევას, სადაც დაზარალდებოდა თვითონ. იმის თქმა, რომ ვიღაც მკვლელად იბადება, არასწორია. მაგდა პაპიძე თვითონ არის დაზარალებული, როგორც დედა, რომელსაც შვილი მოუკვდა. ვინ და როგორ განახორციელა ეს ქმედება, ეს უკვე სხვა საკითხია.
– წარსულში არსებული ოჯახური კონფლიქტები, მშობლების ძალადობრივი ქმედებები შესაძლოა, გამხდარიყო დანაშაულის მაპროვოცირებელი?
– ხშირად ძალადობის გამოვლინება ხდება კოპირებით. ეს არის ძირითადი მექანიზმი. შვილის დასჯა ძალადობრივი გზით, თუნდაც კეთილშობილური მოტივით, ან მშობლების ჩხუბის სცენები – ეს არის სწორედ ის, რამაც შესაძლოა, მოგვიანებით უკვე შვილებში იჩინოს თავი და საკმაოდ რთულ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ძალადობა ამრავლებს ძალადობას. როცა ბავშვობაში ვიღაც გსჯის, მამა დედას ეუხეშება, ან პირიქით, ეს არის ფსევდო ოჯახური მზრუნველობა. ეს არის ფსიქოლოგიური ექსპრესია, ჩაგვრა. ბავშვობაში განცდილი ძალადობა შემდგომში აისახება პიროვნულ აშლილობაში, რადგან ამ შემთხვევაში ძალიან ძნელია, ჩამოყალიბდე არაძალადობრივ პიროვნებად.
– და თუკი ჩავთვლით, რომ მაგდა პაპიძე გაიზარდა ძალადობრივ გარემოში, გამოდის, რომ ქვეცნობიერად ის ვერ განთავისუფლდა ტრავმული გამოცდილებისგან, რამაც დანაშაულის ჩადენა აიძულა…
– ჩვენი მეხსიერება დამოკიდებულია ნეირო ქიმიურ პროცესებზე. ადამიანს ცუდი უფრო ადვილად ამახსოვრდება. ამ შემთხვევაში ცენტრალურ ნერვულ სისტემაში წარმოიქმნება ენგრამა, როგორც კომპიუტერული ფაილი. ბავშვობაში განცდილი ან ნანახი ძალადობა ჩვენს მეხსიერებაში ლაგდება ფაილებად, სად და როგორ გახსნი ამ ფაილს და რა მომენტში ამოგივარდება, ამის განსაზღვრა ძალიან რთულია. ანუ ასეთი დანაშაულები ხშირად უკავშირდება ჩვენს მეხსიერებაში დალექილ ძალადობას, რომელიც ვერ წაიშალა. ფსიქოლოგები, რასაც ვაკეთებთ, არის სწორედ ის, რომ ასეთი ადამიანების ფაილებისგან განთავისუფლება მოვახდინოთ, რადგან შეიძლება ნებისმიერ მომენტში ერთი წვეთი იყოს საკმარისი იმისთვის, რომ ან თავი დაიზიანონ, ან თუნდაც საყვარელ ადამიანებს შეუქმნან საფრთხე. ფსიქოლოგიურად მოწყვლად ადამიანს, რომელიც ძალადობრივ გარემოში გაიზარდა, რეალურად მიმღებლობა აქვს, განახორციელოს ძალადობრივი ქმედება. ძალიან დიდი შანსია, რომ თქვენც და მეც, როდესაც ვმართავთ კიდეც თავს, ვიყოთ ანტისოციალურები. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება, იგივე დაემართოს, განსხვავება მხოლოდ ფსიქოლოგიურ მოწყვლადობაშია.
ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის საქმე
ამ საქმის განხილვას ნაფიცი მსაჯულები უკვე 2017 წელს დაიწყებენ. სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი კი საბოლოო ვერდიქტს საპატიმროში დაელოდება.
2016 წლის 22 თებერვალს, ფონიჭალაში მომხდარი ამ სასტიკი დანაშაულის შესახებ „პრაიმტაიმი“ არაერთხელ წერდა. ცნობილია, რომ მკვლელმა 42 წლის ნონა რამინაძეს ყელი გამოსჭრა და სხეულზე დანით 29 ჭრილობა მიაყენა, მის 3 წლის შვილს, მარიამ მამფორიას კი დანით 16 ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც ცხედარი დაწვა.
ბრალდებულის დაკავების მიუხედავად,საქმეში კვლავაც არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები. ყველაფერს ნათელს,ალბათ,ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოჰფენს, სადაც მკვლელობის დეტალები გასაჯაროვდება.
ბრალდებული 26 წლის გიორგი ხაბელაშვილი მამფორიების ოჯახის მეგობარი გახლდათ. ის სამართალდამცავებმა მოწმის სტატუსით ჯერ კიდევ 22 მარტს დაკითხეს და ისევე, როგორც ყველა სხვა ახლობელს, დნმ-ის ნიმუშიც აუღეს. მაშინ გამოძიებას ხაბელაშვილის ბრალეულობაში ეჭვი არ შეუტანია. ის პირველი დაკითხვიდან მხოლოდ 4 თვის შემდეგ დააკავეს ბრალდებულის სტატუსით. თავდაპირველად არაფერი თქმულა დანაშაულის მოტივის შესახებ. საგამოძიებო ორგანომ მხოლოდ ის გვაცნობა, რომ ხაბელაშვილი წარსულში ქურდობის, ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იყო ნასამართლევი და რომ მისი გენეტიკური პროფილი (დნმ) ემთხვევა მკვლელობის იარაღიდან აღებულ ნიმუშს.
ინფორმაცია დანაშაულის მოტივის შესახებ მხოლოდ ბრალდებულის დაკავებიდან მეორე დღეს, სასამართლო დარბაზში გახდა ცნობილი, რა დროსაც ხაბელაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. პროცესზე გამოცხადებულმა პროკურორმა აღნიშნა, რომ დანაშაული ანგარების მოტივით იყო ჩადენილი, ვინაიდან ბრალდებულს ბინაში რამდენიმე ათასი დოლარი ეგულებოდა, მაგრამ მისი წაღება ვერ მოახერხა. თუმცა სულ რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ ხაბელაშვილის წინააღმდეგ ახალი მტკიცებულება მოიპოვა. კერძოდ, თბილისის ერთ-ერთი ლომბარდიდან ამოიღეს ნონა რამინაძის კუთვნილი ოქროს ნივთები, რომელიც გიორგი ხაბელაშვილმა მკვლელობიდან მეორე დღეს ჩააბარა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებისგან შევიტყვეთ ისიც, რომ ხაბელაშვილი ლომბარდიდან აღებული ფულით ქობულეთში ნონა რამინაძისა და მისი მცირეწლოვანი ბავშვის დაკრძალვაზე ჩავიდა.
11-ტომიანი სისხლის სამართლის საქმე გიორგი ხაბელაშვილის წინააღმდეგ არაერთ მტკიცებულებასა და ჩვენებას მოიცავს. მათ შორის გახლავთ მისი მეგობარი ქალის, ელენა ნიკოლაევას ჩვენებაც. ის პროკურატურას სასამართლოში დასაკითხ მოწმეთა სიაშიც ჰყავს შეყვანილი, ვინაიდან ნიკოლაევას მიერ წინასწარ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ მკვლელობის დროს გიორგი ხაბელაშვილი მასთან არ იმყოფებოდა, როგორც ამას თავად ხაბელაშვილი ამტკიცებს. „პრაიმტაიმისთვის“ კი ცნობილი გახდა ელენა ნიკოლაევას სკანდალური ახსნა-განმარტება, სადაც ის დაკითხვის დროს მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.
„შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიყვიროდნენ, მაყენებდნენ შეურაცხყოფას. მეუბნებოდნენ, რომ მეთქვა, თითქოს მე ავედი სახლში, მე გავაღებინე კარი და მე მოვითხოვე ყავა. ვინაიდან უარვყოფდი მათ მიერ შემოთავაზებულ ფაქტებს, ამის შემდეგ დაიწყეს ფიზიკური ზემოქმედება“, – წერს ახსნა-განმარტებაში ელენა ნიკოლაევა.
ზეწოლაზე საუბრობს თავად ბრალდებულიც, რომელიც ირწმუნება, რომ აღიარებითი ჩვენება წამების გზით გამოსძალეს. რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია? რა მტკიცებულებებს ეყრდნობა პროკურატურა და ჰყავდა თუ არა მკვლელს თანამზრახველი? ამ კითხვებს პასუხი მომდევნო დღეებში გაეცემა, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით ორმაგი მკვლელობის არსებითი განხილვა დაიწყება.
რიტუალური მკვლელობის საქმე
ეს ამბავი ერთი შეხედვით დაუჯერებელია და შეიძლება ითქვას, უპრეცედენტოც. საზოგადოება შოკში ჩააგდო ინფორმაციამ რიტუალური მკვლელობის შესახებ. ოფიციალური ცნობით, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი 19 ოქტომბერს ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდეგ ცხედარი დაანაწევრეს და გლდანის ნაგავსაყრელზე დაწვეს. სამართალდამცველებმა მკვლელობის საქმეზე სულ ხუთი პირი დააკავეს. დანაშაულის მთავარ ფიგურანტად 23 წლის ბექა შენგელია სახელდება. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობის თანამონაწილე გახლდათ მოკლულის 18 წლის ქალიშვილი ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილი და კიდევ ერთი არასრულწლოვანი გოგონა. დანარჩენ ორ ბრალდებულს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. შსს-ს ცნობით, ეს იყო რიტუალური მკვლელობა, რასაც ბრალდებულ ბექა შენგელიას ჩვენებაც მოწმობს. იგი აღიარებს, რომ მოკლული ქალის შინაგანი ორგანოები შეწვეს და შეჭამეს.
მას შემდეგ, რაც „პრაიმტაიმმა“ ლუბა ყოჩიაშვილის რიტუალური მკვლელობის დეტალებზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რედაქციაში რამდენიმე პირმა მოგვწერა, რომლებიც გვარწმუნებდნენ, რომ ბრალდებული ბექა შენგელია ხშირად მიმართავდა სატანისტურ რიტუალებს და წარსულშიც არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი.
„თქვენ კიდევ ერთი რამე არ იცით… მან გააუპატიურა მარიამის სახელის მქონე 5 გოგო. 3 წლის წინათ გადაცემაშიც იმყოფებოდა ნიღბით, სახეს მალავდა, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ბექა შენგელიაა… არ უარყოფდა გოგოების გაუპატიურებას, პირიქით, ამას სიამოვნებით ვაკეთებდიო… შეგიძლიათ „იმედშიც“ გადაამოწმოთ ეგ ფაქტი“.
„კატებს კლავდა, აუპატიურებდა გოგოებს სასაფლაოზე. გოგოს, რომელმაც საკუთარი დედა მოკლა, სახელად მარიამი მაგ სატანამ დაარქვა. სულ 6 მარიამი სჭირდებოდა რიტუალისთვის“.
ჩვენ ამ ინფორმაციების გადამოწმება მართლაც ვცადეთ. აღმოჩნდა, რომ ბექა შენგელია გაუპატიურების ბრალდებით წარსულში ნამდვილად იხდიდა სასჯელს, თუმცა მან საპყრობილე ვადაზე ადრე დატოვა.
გადავხედეთ სატელევიზიო არქივსაც და შეგვიძლია, დადასტურებულად ვთქვათ, რომ დაახლოებით ორი წლის წინათ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ანონიმურობის დაცვით, ბექა შენგელია მართლაც აღიარებდა გოგონების გაუპატიურებასა და სატანისტურ რიტუალებში მონაწილეობას. დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვემომოყვანილი ინტერვიუც ნამდვილად ბექა შენგელიას ეკუთვნის.
ადამიანი, რომელიც ინტერნეტში იცნობდა გოგოებს, სასაფლაოზე აუპატიურებდა და ატარებდა სატანისტურ რიტუალებს – ასე წარადგინეს ის პირველად სატელევიზიო ეთერში.
ერთ-ერთი ვერსიით, ბექა შენგელია საკუთარ მსხვერპლს სოციალურ ქსელში იცნობდა და მისი ფსიქოტიპის შესწავლას სთავაზობდა. სამიზნეებს შორის ძირითადად „მარიამის“ სახელის მქონე გოგონები იყვნენ. როგორც ჩანს, ეს სახელი რიტუალისთვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენდა, რადგან ირმა ყოჩიაშვილს, რომელსაც ახლა საკუთარი დედის მკვლელობაში ედება ბრალი, სახელი სწორედ ბექა შენგელიამ გადაარქვა და მას „მარიამი“ უწოდა.
0