16:32:57     23-12-2016
რატომ გაათავისუფლეს დარბაზიდან მკვლელობაში ბრალდებული?
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ განზრახ მკვლელობის ბრალდების საქმეზე ბრალდებულ ასლან ბ.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა და იგი სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.
ამის შესახებ განცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდების მხარემ პირის დამნაშავედ ცნობისთვის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ წარადგინა.
„საქმის არსებითი განხილვის საქმეში წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ დადასტურდა, ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
14 წლის დავით ოთხმეზური, რომელიც ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილი იყო, 2004 წლის 27 ოქტომბერს შელაპარაკების ნიადაგზე სასიკვდილოდ დაჭრეს. იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აღნიშნული მკვლელობის საქმე, 12 წლის შემდეგ, მიმდინარე წლის მარტში გახსნა და ასლან ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.
0