15:43:45     22-12-2016
მღებრიშვილის ლექსიკა და სეკვესტრირებული პოლიცია
შეურაცხმყოფელი განცხადების შემდეგ, შს მინისტრი მღებრიშვილი თავს იმართლებს, ოღონდ საკმაოდ უცნაურად...
შეგახსენებთ რომ მან, გუშინ განაცხადა რომ შს სამინისტრო „ბალასტისგან“ გათავისუფლდება. მღებრიშვილს მხედველობაში ჰყავდა ის ადამიანები, რომლებსაც პოლიციიდან უშვებენ...
დღეს კი, მინისტრმა „ჩააზუსტა“ რომ „ბალასტად“ ისეთ პოლიციელებს თვლის, რომლებიც თურმე, პოლიციის მუნდირს სცხებენ ჩირქს.
არადა, სინამდვილეში, ჩირქსაც და ტალახსაც ზუსტად ისეთი განცხადებები შეიცავს, რაც გუშინ მინისტრმა გააჟღერა.
მეტიც, მინისტრი მღებრიშვილი, თავისი უცნაური, ზოგჯერ კი, მთავრობის წევრისთვის შეუფერებელი განცხადებებით ხშირად გვახსენებს თავს.
მაგალითად: მან, ცოტა ხნის წინ, პარლამენტის ტრიბუნიდან, უმცირესობის დეპუტატს, ოთარ კახიძეს ასე მიმართა: „დავიგინო თუ დავიფიცო“. კახიძე მღებრიშვილს კრიმინალური ფაქტების დამალვასა და სტატისტიკის გაყალბებაში სდებდა ბრალს. მინისტრი კი, იმის დამტკიცებას ცდილობდა რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც მძიმე დანაშაული აღარ ხდება - "თითქმის".
უფრო ადრე კი, მაშინ, როცა სასჯელაღსრულების მინისტრი იყო, მან პატიმრებს შეახსენა რომ „სწორედ ამ ხელისუფლებამ გამოუღო ცოცხები“...
„ადამიანებს, რომლებსაც ამოწურული აქვთ რესურსი, გადავუხდით მადლობას და დავემშვიდობებით“, - აი, ასე დააიმედა მინისტრმა მღებრიშვილმა დღეს გასათავისუფლებლად გამზადებული ასეულობით პოლიციელი, გაზრდილი კრიმინალის, გაძვირებული ცხოვრების, გაუფასურებული ლარის, აწეული გადასახადებისა და ღრმა კრიზისის ფონზე, ამ წინასაახალწლოდ...
0