პაბლო პიკასო მშვიდობისათვის პაბლო პიკასო მშვიდობისათვის />


  16:34:03     08-04-2011

პაბლო პიკასო მშვიდობისათვის

a4784.jpg

1973 წლის 8 აპრილს ქალაქ მუჟენში, საფრანგეთში, გარდაიცვალა დიდი მხატვარი, მოქანდაკე, გრაფიკოსი, კერამიკოსი, დიზაინერი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი - პიკასო. პაბლო პიკასოს სახელი ესპანურად ასე გამოითქმის Pablo Diego José Francisco de Paula Juan Nepomuceno María de los Remedios Cipriano de la Santísima Trinidad Martir Patricio Ruíz y Picasso.

 

პაბლო პიკასოს ნამუშევრები, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში. ექსპერტების გამოთვლით, პიკასო არის ყველაზე "ძვირადღირებული" მხატვარი. მისი ნამუშევრები 2008 წლის მონაცემებით 260 000 000 დოლარზე მეტად გაიყიდა. 2010 წელს კი პიკასოს ნახატი, "შიშველი, ბიუსტისა და მწვანე ფოთლების ფონზე", კრისტის აუქციონზე გაიყიდა 106 484 000 დოლარად. ეს არის ყველაზე ძვირად გაყიდული ნახატი კაცობრიობის ისტორიაში. მისი ნახატები ყველაზე მეტჯერ მოუპარავთ ხელოვნების ნიმუშების გამტაცებლებს.

 

მომავალი გენიოსი დაიბადა 1881 წელს ესპანეთის ქალაქ მალაგაში. ხატვას ჯერ მამა ხოსე რუისი ასწავლიდა, რომელიც ხატვის მასწავლებელი იყო. 8 წლისამ და დახატა თავისი პირველი ნახატი ზეთით - პიკადორი.

 

1891 წელს მამამ ხატვის მასწავლებლის სამუშაო მიიღო ლა კორუნიეში, მერე ბარსელონაში გადავიდნენ. პაბლო სწავლობდა ლა კორუნიეს (1894-95), ბარსელონის (1895-იდან) ნატიფი ხელოვნების სკოლებში. მერე მადრიდის სამეფო აკადემიაში (1897-98).

 

1898 წელს დაბრუნდა ბარსელონაში და შევიდა სამხატვრო საზოგადოებაში ls Quatre Gats. რომლის სახელიც ბოჰემური კაფეს სახელწოდებიდან იყო წარმომდგარი. სწორედ ამ კაფეში მოეწყო მისი პირველი გამოფენა.

 

1904 წლისათვის საცხოვრებლად გადავიდა პარიზში. მისი შემოქმედება რამდენიმე ეტაპად "იყოფა". 1900-1905 წლებში შექმნილი მისი ნამუშევრები "ცისფერი პერიოდის" შემოქმედებადაა სახელდებული. ესაა სევდიანი, ცისფერი შეფერილობის ნახატები. ხატავს აკრობატებს, არლეკინებს, მეძავებს, მათხოვრებსა, ღარიბ მხატვრებს. შემდგომი წლებისას კი "ვარდისფერი პერიოდის" სახელით იცნობენ (1905–1907). ეს უფრო ხალისიანი პერიოდია ვარდისფერით და ნარინჯისფერით გაჯერებული. აქაც ბევრია არლეკინი. შემდეგია "აფრიკული პერიოდი" (1908-1909), აფრიკული ხელოვნებისა და ხელოსნობის ნაკეთობებით შთაგონებული.

 

მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური და რეალისტური ფერწერის დიდოსტატობა შეეძლო, მან კლასიკური სტილი და რეალიზმი შეუხამა ავანგარდიზმის ყველაზე უკიდურეს ცდებს თუ ექსპერიმენტებს.

 

პაბლო პიკასო ძალიან განიცდიდა ბურჟუაზიული საზოგადოების კრიზის, მაგრამ, მოდით ამას ზოგადად საზოგადოების კრიზისი დავარქვათ, რადგან მორალური კრიზისის სათავე მხოლოდ ბურჟუებიდან არ მოდიოდა, საზოგადოების დიდი ნაწილი თვითონ ოცნებობდა გამხდარიყო ბურჟუა, თვითონ დამტკბარიყო ბურჟუას ნოყიერი ცხოვრებით, სხვების ექსპლუატაციის ხარჯზე.

 

პიკასო ჟორჟ ბრაკთან ერთად არის ახალი მიმდინარეობის - კუბიზმის ფუძემდებელი. კუბიზმში სამგანზომილებიანი თუ სამსიბრტყიანი სხეული იხატებოდა სხვადასხვა სიბტრყეების შეერთებით. ეს არის მისი "კუბიზმის პერიოდები". ჯერ "ანალიტიკური კუბიზმი" (1909-1912), მერე კი "სინთეტური კუბიზმი" (1912-1919). ამ დროს იწყება ხელოვნებაში კოლაჟის გამოყენება.

 

მის შემოქმედებაში ჩანს ნეოკლასიცისტური ტენდენციებიც. აღსანიშნავია მისი გატაცება სურრეალიზმით, რომელსაც ასევე არაერთი მისი შედევრის შექმნას უნდა ვუმადლოდეთ. ალბათ, მისი მისამართით ყველაზე თამამად უნდა გამოიყენო სიტყვა მოდერნიზმი. შემდეგ ქანდაკება, ბიუსტები და ქალის შიშველი სხეული (NU). გარდა ამისა, იმ პერიოდიდან მისი შემოქმედება სულ უფრო და უფრო გამოხატავს თავისი თანამედროვეობის მძაფრ მოვლენებს, რომლებიც აღელვებდა მხატვარს. პიკასო თავის შემოქმედებით ებრძვის ძალადობას, სოციალურ უსამართლობას, ხალხის ტკივილებს ითავისებს და გადმოსცემს. პიკასო სახალხო ფრონტის აქტიური მოღვაწე გახდა. აღსანიშნავია მისი ნამუშევარი "გენერალ ფრანკოს ოცნება და სიყალბე".

 

მკვლევარები ამ ნაწარმოებს და პიკასოს პანოს “გარნიკა” ფაშიზმის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს უწოდებენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფრანკო არ იყო ფაშისტი. ფრანკო იყო ფალანგისტი. ფაშისტები იყვნენ იტალიაში, ხოლო ნაცისტები კი გერმანიაში.

 

დღევანდელი გადასახედიდან ფრანკო არ ჩანს ისეთი ურჩხული, როგორიც იყო ჰიტლერი. მეტიც, ესპანური სახალხო ფრონტის წევრები, რომლის იდეალიზებასაც პიკასო ახდენდა თავის ფიქრებში, საკმაოდ მხეცები იყვნენ. გავიხსენოთ პატარა ქალაქის ალკასარის ალყის ისტორია (თუმცა, ამზე სხვა დროს). პიკასო 1944 წელს გახდა კომუნისტური პარტიის წევრი, თუმცა მერე კომუნისტებზეც აიცრუა გული.

 

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდ ადამიანებს შეცდომები არ ემჩნევათ. პიკასომ არ იცოდა, რა ურჩხულიც იყო სტალინი (კომუნისტები). მისი სოციალური პროტესტი კი მართლაც გამართლებულია. ხელოვანის უდიდესი მისია არა მხოლოდ ხალხისათვის აღტაცების საგნების შექმნაა, არამედ ხალხის აღზრდაც თავისი ნამუშევრებით. პროტესტი უსამართლობისადმი ზუსტად ადამიანების აღზრდას ემსახურება. შემოქმედი ადამიანი თავისი შედევრებით აუცილებლად დააშინებს ტირანებს, ხოლო მომავალ თაობებს გაკვეთის მისცემს. ასეც იყო ყოველთვის. პიკასოს პროტესტი სოციალური თუ სხვა სახის უსამართლობებისადმი მისი გულის კეთილშობილებაზე და მისი შემოქმედების მთავარ დანიშნულებაზე მიუთითებს - ეს არის ადამიანი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ნაცისტებმა საფრანგეთი დაიპყრეს, პიკასო არსად არ წასულა და დაუახლოვდა წინააღმდეგობის მოძრაობას. ომის შემდეგ კი მშვიდობისათვის მებრძოლთა ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი იყო. მისი მსოფლმხედველობა კარგად ჩანს ნამუშევარში: “მშვიდობის მტრედი” (და სხვა). ომის დროს და განსაკუთრებით ომის მერე, პაბლო პიკასოს შემოქმედება კიდევ უფრო მდიდარი და მრავალფეროვანი ხდება, როგორც მოქანდაკისა და კერამიკოსისა, გრაფიკოსისა და სხვა. მის შემოქმედებაში ისევ ჩანს ცირკი, მითოლოგია, ქალი...

 

პარიზში პიკასოს უდიდესი მუზეუმია. იქ წარმოდგენილია უდიდესი კოლექცია პიკასოს ნამუშევრებისა, მონახაზებიდან დაწყებული და დასრულებული ნახატების ჩათვლით. ეს ნამუშევრები თავად პიკასოს შეგროვებულია. აკი ამბობდა კიდეც: “მე ვარ პიკასოს უდიდესი კოლექციონერი მსოფლიოშიო”. პიკასომ თავის ცხოვრების მანძილზე შექმნა დაახლოებით 20 000 ნამუშევარი. გარდა საკუთარი შEმოქმედებისა პიკასოს კოლექციაში შედიოდა სხვა შემოქმედთა ნამუშევრები (სეზანი, დეგა, რუსო, სიურატი, მატისი). ასევე ძველი იბერიული ბრინჯაოს ნივთები (იგულისხმება პირინეის იბერია) და პრიმიტიული ხელოვნების ნიმუშებიც.

 

პიკასომ უდიდესი გავლენა მოახდინა მის თანამედროვე და შემდგომი თაობის მხატვრებზე და საერთოდ ადამიანებზე მთელ მსოფლიოში.

 

2009 წელს გაზეთ The Times-ის გამოკითხვით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1 400 000 ადამიანმა, პაბლო პიკასო დასახელდა ყველაზე საუკეთესო მხატვრად უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში.

0

ავტორი: