16:25:50     08-04-2011
ყველაზე პოპულარული სახელები

უძველესი დროიდან, ადამიანის ნებისმიერ სახელს წარმოშობისა და მნიშვნელობის განმარტება გააჩნია. ერიოდულად, საზოგადოების ნაწილში ჩნდება განსხვავებული, ორიგინალური ან იშვიათი სახელების დარქმევის მოთხოვნილება. ბავშვისათვის სახელის შერჩევისა და დარქმევის პროცესი საკმაოდ საპასუხისმგებლოა. თუმცა, საქართველოში წამყვან პრინციპად მიჩნეულია ბავშვისათვის ბაბუის და ბებიის სახელის დარქმევის ტრადიცია. ქრისტიანულ სამყაროში ბავშვისათვის სახელის დარქმევა ნათლობის დროსაა მიღებული. სახელი ირჩევა არა მხოლოდ მშობლის სურვილით, არამედ შეირჩევა წმინდანების სახელებიდან, რომელთაც ეკლესია ბავშვის მონათვლის დროს მოიხსენიებს.
ფსიქოლოგების შეფასებით, კი მიზანშეწონილია ბავშვს საშუალოდ გავრცელებული სახელი დაარქვათ, რომელიც გონივრულად შეითავსებს თქვენი შვილის ინდივიდუალობას საზოგადოებრივ ხედვასთან, მომავალში არ შეზღუდავს ადამიანის ქცევას საზოგადოებაში და მოზარდს პირობით ჩარჩოებს არ შეუქმნის, რადგან საკმაოდ ხშირად, ბავშვს უცნაური სახელის გამო თანატოლები დასცინიან, ან სახელის დამახინჯებით შექმნილ დამამცირებელ ზედმეტსახელს არქმევენ, რის შედეგადაც ბავშვს კომპლექსები გამოუმუშავდება.
საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ, დღეს, იმ სახელების მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც მიმდინარე წელს, ახალდაბადებულებს დაარქვეს.
მონაცემების თანახმად, ახალშობილებს ყველაზე ხშირად ნიკოლოზს და მარიამს არქმევენ. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე, ახალშობილ ვაჟებს შორის პირველობას სტაბილურად სახელი გიორგი ინარჩუნებდა.
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ტექნოლოგიების სამმართველოს ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ხარისხის ანალიზის განყოფილების ინფორმაციით, რომელიც სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ერთიან ბაზას ეყრდნობა, 2011 სტატისტიკის მიხედვით ვაჟების პოპულარული სახელებია:
ნიკოლოზი (907-მათ შორის 131 ნიკა), გიორგი (767), ლუკა (517), საბა (508), დავითი (474), ალექსანდრე (340-მათ შორის 145 სანდრო), ანდრია (229), მათე (157), დემეტრე (130), ილია (119) და ირაკლი (106).
ხოლო, ახალშობილი გოგონების პოპულარული სახელებია: მარიამი (977), ნინო (721 მათ შორის 215 ნინი), ანა (584 მათ შორის 158 ანი, 121 ანანო), ელენე (425), ანასტასია (419), ბარბარე (368), ლიზი (338), ნია (136), სალომე (135), ლიკა (93) და თამარი (91).
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით, ყველა ასაკში ქალისა და მამაკაცის პოპულარული სახელები ასეთია: მამაკაცის სახელები: 1. გიორგი 2. დავითი; 3. ზურაბი, 4. ალექსანდრე; 5. ლევანი; 6. თეიმურაზი - (თემურ); 7. ნიკოლოზი; 8. მიხეილი; 9. თამაზი; 10. ირაკლი და სხვა. ქალის სახელები: 1. ნინო; 2. თამარ; 3. მარინე (მარინა); 4. მარიამი; 5. ლია (ლიანა); 6. მაია; 7. ქეთევანი; 8. ანა; 9. ნანა; 10. თინათინი და სხვა.
მოგეხსენებათ, რომ სამეგრელოს რაიონი უცნაური სახელებითაც გამოირჩევა. საინტერესოა, სამოქალაქო რეესტრის ბაზაში აღრიცხული იშვიათი სახელები: მილიარდი, სამძიმარა, ვებერთელა, მხედარი, ვინარი, კუკუშა, ედემი, ფუჩქი, ფიზიკა, პელე, გარინჩა, ნიუტონი, სევდაგულ, ფემისტოკლე, კეკლუცა, ნექტარი, ლამაზი, ვარგისო და მოქეიფე.
ამასთან, აღსანიშნავია, ინგლისელი თერაპევტის მიერ წარმოდგენილი სტატისიკა. მეცნიერი მიიჩნევს, რომ გულისა და სისხლძარღვის დაავადება უფრო ხშირია ადამიანთა შორის, რომელთა სახელი ანბანის ბოლო მესამედის ასოებით იწყება.
უმჯობესია, მშობელმა შვილს ის სახელი დაარქვას რაც მის გულთან ახლოსაა.
0