დიდი ბერძენი - ელ გრეკო დიდი ბერძენი - ელ გრეკო />


  12:40:02     07-04-2011

დიდი ბერძენი - ელ გრეკო

a4745.jpg

1614 წლის 7 აპრილს გარდაიცვალა დიდი შემოქმედი ელ გრეკო.

როგორც ჩანს, სახელი ელ გრეკო უფრო მისი გარდაცვალების მერე გამოიყენება. სოცოცხლეში, როგორც ამბობენ, მას უფრო დომინიკო გრეკოს უწოდებდნენ. ზოგი თვლის, რომ ელ გრეკო მხატვარს უწოდეს მისი სიდიადის აღსანიშნავად, გრეკო ნიშნავს ბერძენს (El Greco). იმ დროისათვის ადამიანის ზედწოდება წარმომავლობის მიხედვით ჩვეულებრივი ამბავი იყო.

 

ელ გრეკოს სახელი მისი სიკვდილიდან დაახლოებით 300 წლის მერე გაბრწყინდა, თუმცა თანამედროვეებიც აფასებდნენ, მაგრამ არა ისე, როგორც ეკუთვნოდა.

 

მომავალი მხატვარი დაიბადა 1541 წელს კუნძულ კრეტაზე. ზოგი გადმოცემით სოფელ ფოდელში, სხვა ვერსიით კანდიაში (თანამედროვე ჰერაკლიონი). მისი ნამდვილი სახელია დომენიკოს თეოტოკოპულოსი (Δομήνικος Θεοτοκόπουλος). კრეტა იმ დროს ვენეციის რესპუბლიკაში შედიოდა. მხატვრის მამა, გეორგიოს თეოტოკოპულოსი ვაჭარი უნდა ყოფილიყო.  პრობლემები ჰქონიათ ვენეციურ ხელისუფლებასთან. ხატვას სწავლობდა კრეტაზე ცნობილ ფერმწერთან მიქაელ დამასკინთან. რა თქმა უნდა, მასზე გავლენას იქონიებდა ბიზანტიური და პოსტბიზანტიური ხელოვნება.

 

26 წლისა გაემგზავრა ვენეციაში და ხატვის ხელოვნების სწავლა განაგრძო ტიციანის სახელოსნოში. მეგობრები მას ახასიათებენ, როგორც ,,იშვიათ ტალანტს მხატვრობაში’’. მის შემოქმედებაზე გავლენა იქონიეს აგრეთვე ბასანომ, ვერონეზემ, ტინტორეტომ და სხვებმა, თუმცა, დიდი ხელოვანის შემოქმედებაში გავლენა დროებითია. 1570 წელს რომისაკენ მიმავალმა, პარმაში ნახა კორეჯოს შემოქმედება, რომში კი გაეცნო მიქელანჯელოს შედევრებს. იმავე წელს მუშაობა დაიწყო კარდინალ ფარნაზესთან. ამ პერიოდის მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია "ქრისტე ბრმის განმკურნელი", "ქრისტე განასხამს ქვაბ-ავაზაკებს". განიცადა ვენეციური რენესანსის გავლენა. ამავე დროს კრიტიკულად განეწყო მიქელანჯელოსადმი, მისი ტექნიკისადმი. არ მოსწონდა მიქელანჯელოს ,,განკითხვის დღე’’ სიქსტეს კაპელაში. მხატვარს უსიამოვნება მოუვიდა კარდინალთან და დატოვა მისი სასახლე. ფერწერისადმი ჩამოუყალიბდა თავისი დამოკიდებულება. ამ დროიდან გაეჯიბრა დიდ ოსტატებს. რომში გახსნა საკუთარი სახელოსნო და თანაშემწეებად დაიქირავა მხატვრები: ლატანზიო ბონასტრი, დე ლუსიგნანო და ფრანცისკო პრებოსტე. ელ გრეკო მანიერისტების ერთ-ერთი წარმომადგენელია. მანიერიზმი (maniera - მანერა, სტილი), ასევე ცნობილია გვიანი რენესანსის სახელწოდებით. ეს იყო მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში 1520 წლებიდან.

 

როცა რამე ძალიან განვითარდება, იწყება ხოლმე მისი უარყოფა. როცა რენესანსულმა ხელოვნებამ შეძლო საგნებისა და სხეულების უზადოდ გამოსახვა. გამოჩნდნენ ოსტატები, რომელთაც უარი თქვეს პროპორციების სიზუსტეზე, ფერთა ჰარმონიაზე, დამაჯერებლობაზე და გადაწყვიტეს უფრო ემოციური და არტისტული ეფექტის მოხდენა. მანიერიზმს ახასიათებდა სივრცის დანაწევრება, ხშირად ბუნდოვანება, სხეულთა დეფორმირებული, მანერული გადმოცემა, ექსპრესიის, მოძრაობის გამოსახვა. მანიერიზმისთვის დამახასიათებელია სტილისტური ოსტატობა. მანიერიზმის ერთ-ერთ კლასიკურ ნიმუშად ითვლება ელ გრეკოს "ლაოკოონი" (1614 წელი).

 

ელ გრეკო ითვლება ექსპრესიონიზმისა და კუბიზმის წინამორბედად. მისი შემოქმედება ერთგვარი შერწყმაა ბიზანტიური და დასავლური ტრადიციებისა. მისმა შემოქმედებამ გაუსწრო დროს. თუ თანამედროვეები ჯეროვნად ვერ აფასებდნენ მას, მომავალში მას დიდება არ დაჰკლებია. მხატვარი შესანიშნავად ფლობდა პორტრეტის ოსტატობას, რაც ხაზს უსვამს მის მრავალმხივობას, მის ნიჭიერობას და საკუთარი მანერით ხატვის დიდ სურვილს, ძიების წყურვილს და ახალი, ხშირად თანამედროვეებისათვის გაუგებარი, უცნაური სიმაღლეების დაპყრობას ოსტატობაში.

 

1577 წელს ელ გრეკო საცხოვრებლად გაემგზავრა ესპანეთში. ჯერ მადრიდში იყო, მერე ტოლედოში გადავიდა. ჰქონდა შეკვეთები, რომლებმაც დიდი სახელი მოუტანა ტოლედოში. ტოლედო ერთგვარად რელიგიური ცენტრი იყო იმდროინდელი ესპანეთისათვის. უნდოდა მეფის, ფილიპე II კეთილგანწყობა მოეპოვებინა. ფილიპე II დიდი ძალაუფლების მქონე გახლდათ, გვარად ჰაბსბურგი. ფლობდა ესპანეთს, პორტუგალიას, ნეაპოლსა და სიცილიას. ის გახლდათ შვილი რომის საღვთო იმპერიის იმპერატორის კარლოს V-სა. მეფემ შეკვეთებიც მისცა ელ გრეკოს, მაგრამ სამწუხაროდ, დიდოსტატმა ჯეროვანი დაფასება ვერ მიიღო ხელმწიფისაგან.

 

მნიშვნელოვანია ელ გრეკო როგორც არქიტექტორი და მოქანდაკე. აპროექტებდა და აფორმებდა სამლოცველოებს და ქანდაკებებს. მაგალითად, სანტა დომინტო დელ ანტიგუოს მონასტრისათვის შეასრულა ქანდაკებები და ნახატები და სხვა.

 

მის შესახებ ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ის კათოლიკური მრწამსის მიმდევარი იყო, რის დამამტკიცებლადაც დოკუმენტიც მოჰყავთ, თუმცა მას არ გაუწყვეტია კავშირი ბერძნული წარმომავლობის ადამიანებთან. ტაველას საავადმყოფოში შეკვეთის შესრულების დროს დიდი ელ გრეკო დაავადდა და მალე გარდაიცვალა, ეს მოხდა 1614 წლის 7 აპრილს. სიკვდილის წინ თავისი ვაჟი მანუელი (ბერძნული სახელია) გამოაცხადა მომკვიდრედ, რასაც მისი ორი ბერძენი მეგობარი ესწრებოდა.

 

დაკრძალეს ტოლედოს სანტა დომინგო დელ ანტიგუოს ეკლესიაში, რომლისთვისაც კარგა ხნით ადრე შეასრულა ცხრა ნახატი, მათ შორის “ქალწულის ამაღლება”.

 

სიკვდილის მერე, კარგა ხანს, ელ გრეკოს აბუჩად იგდებდნენ, მასზე ამბობდნენ, რომ იყო ,,საზიზღარი, სასაცილო და აბუჩად აგდების ღირსი’’. მოიხსენიებდნენ როგორც "უცნაურს", "ექსცენტრიულს", "ახირებულს", "უცნაურობაში ჩაძირულს" და სხვა. მისი დაფასება დაიწყო XVI-XVII საუკუნეებიდან. 1920 წელს ინგლისელმა მხატვარმა და კრიტიკოსმა ელ გრეკოზე თქვა, "ელ გრეკო არის ძველ ოსტატი, რომელიც არ არის მხოლოდ თანამედროვე, არამედ არის ბევრად წინ, რომელიც უკან ბრუნდება, რათა ჩვენ გზა გვიჩვენოსო’’.

 

თანამედროვე ეპოქაში, კარგად გაიგეს, ვინ იყო დიდი ბერძენი ელ გრეკო. ელ გრეკოს შემოქმედებამ აღაფრთოვანა და დიდი გავლენა იქონია დელაკრუაზე, მანეზე, პიკასოზე, სეზანზე...

0

ავტორი: