10:48:20     07-04-2011
აშშ ავღანეთისთვის რუსულ ვერტმფრენებს ყიდულობს
რუსეთი და აშშ საბოლოოდ შეთანხმდნენ კონტრაქტის პირობებზე, რომლის მიხედვითაც ავღანეთისთვის 21 მრავალფუნქციური ვერტმფრენის, მი-17-ის მიწოდება მოხდება. თუმცა მყიდველმა გარიგების პირობები შეცვალა.
იგეგმებოდა, რომ ქაბულისთვის თვითმფრინავების შესყიდვას ნატო დააფინანსებდა, მაგრამ ალიანსმა საჭირო თანხები ვერ გამოძებნა, ამიტომ ფულს აშშ გადაიხდის. თუმცა ეს საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. ამ დროისთვის, მხარეები ტექნიკური მომსახურების საკითხებს არკვევენ.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთი ავღანეთს დამატებით სამ მი-17-ს მიაწვდიდა. ეს ვერტმფრენები ავღანეთის ოფიციალურ თავდაცვის ძალებს უფასოდ გადაეცემათ და კეთილი ნების ჟესტი იქნება.
მას შემდეგ, რაც საფრენი საშუალებების მიწოდების პროცესი დასრულდება, ავღანეთის შეიარაღება რუსული ვერტმფრენებით, დაახლოებით, ასი ერთეულით გაიზრდება. რუსებს უხარიათ, რომ პერსპექტივაში შანსები უჩნდებათ, ავღანური ტექნიკის სარემონტო სამუშაოებსა და მოდერნიზაციაზე შეკვეთების მისაღებად. 0