14:16:36     23-11-2016
შსს: საბურთალოზე ნაპოვნი მამაკაცის მკვლელობის საქმე გახსნილია
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გუშინ, საბურთალოზე ნაპოვნი მამაკაცის მკვლელობის საქმე გახსნილია.
უწყების თანამშრომლებმა უკვე დააკავეს ორი პირი. 1987 წელს დაბადებულ ო.ა-ს განზრახი მკვლელობა ედება ბრალად, 1963 წელს დაბადებულ დ.წ-ს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.
ორივე დაკავებული აღიარებს დანაშაულს.
გამოძიების ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს, თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - 1976 წელს დაბადებულ გ.მ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი რამდენიმე საათის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ო.ა.-მ ცხედარი თავისი საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე სათავსოში დამალა.
ცნობისთვის, ცხედარი ბოლქვაძის ქუჩაზე გუშინ იპოვეს. ადგილობრივების თქმით, დაახლოებით 1 თვის განმავლობაში სპეციფიკურ სუნს გრძნობდნენ, შემდეგ კი სამართალდამცველებს მიმართეს. პოლიცია ადგილზე გუშინ ღამით მივიდა. სამართალდამცველებმა დაკითხეს იმ სათავსოს პატრონი, სადაც ცხედარი ნახეს. მისი თქმით, ოთახი არ იკეტება და შესაძლოა, სხვა ადგილიდანაც მიიტანეს გვამი. არსებული ინფორმაციით, ცხედარი დანაწევრებული იყო.
0