დაპირისპირება მარნეულში - დაკავებულია 6 პირი დაპირისპირება მარნეულში - დაკავებულია 6 პირი />


  12:24:10     13-10-2016

დაპირისპირება მარნეულში - დაკავებულია 6 პირი

a58216.png

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში არჩევნების დღეს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, შსს-მ 6 პირი დააკავა. ამის შესახებ ცნობილი ცოტა ხნის წინ უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა.

დაკავებულებს ბრალად საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ისინი მოქალაქეებს საარჩევნო უბანში შეჭრისა და საარჩევნო ყუთის გატაცებისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო ადგილზე წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დაშავდა. თავდამსხმელებმა საარჩევნო ყუთის გატაცება ვერ შეძლეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იქნა პოლიციის დამატებითი ძალები. სამართალდამცველების ჩარევის შედეგად, სიტუაცია განიმუხტა."-აცხადებენ შსს-ში.

ამ წუთებში კი დაკავებულების ახლობლები მარნეულის პოლიციასთან არიან შეკრებილი.

მათი განცხადებით, უცნობია ამ დროისათვის სად იმყოფებიან ახალგაზრდები, რომლებიც პოლიციამ დააკავა.

ადგილზე იმყოფება "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი, რომელიც ხელისუფლებას ზეწოლასა და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამაჭერების დევნაში ადანაშაულებს.

მარნეულის პოლიციის შენობასთან მივიდა "ქართული ოცნების" წარმომადგენელი და მოქმედი დეპუტატი მახირ დარზიევი, რასაც ხმაური და შელაპარაკება მოჰყვა. დარზიევს ადგილზე კომენტარი არ გაუკეთებია.

0

ავტორი: