23:13:53     31-03-2011
მსოფლიოს უსასტიკესი ექსპერიმენტატორები - ფაშისტები

წინასწარ მინდა გავაფრთხილო ჩვენი ისედაც "ნერვებმოშლილი" საზოგადოება: სუსტი გული თუ გაქვთ, ნუ წაიკითხავთ!
მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტების აშენებული საკონცენტრაციო ბანაკებიდან აღსანიშნავია "ოსვენციმი" და "დაჰაუ" - სასტიკი, მწვალებლური ექსპერიმენტების "სავანე".
ოსვენციმი - ნაცისტთა საკონცენტრაციო ბანაკთა კომპლექსი. მდებარეობდა პოლონეთის სამხრეთით ქალაქ ოსვენციმთან. მთავარ შესასვლელთან ვხვდებით წარწერას - "Arbeit macht frei" ("შრომა არის გზა თავისუფლებისკენ"). ეს ბანაკი არის მეორე მსოფლიო ომის სისასტიკისა და ებრაელთა ჰოლოკოსტის (გენოციდის) გამოვლინების სახე. აქ დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი "საცდელ თაგვებად" აქციეს და სასტიკად აწამეს.
ბანაკში ჰყავდათ: ებრაელები, ბოშები, იეჰოვას მოწმეები, სამხედრო ტყვები, გერმანელი მოღალატეები, ჰომოსექსუალისტები.
1939 წელს ოსვენციმი დაიკავეს გერმანელმა ჯარისკაცებმა და ქალაქს აუშვიცი დაარქვეს. 1940 წლის 20 მაისს უშუალოდ ჰენრიხ ჰიმლერის ბრძანებით იწყება საკონცენტრაციო ბანაკის მშენებლობა, ბანაკი შედგებოდა ყაზარმის ტიპის 2-3 სართულიანი კორპუსებისგან.
1940 წლის 14 ივნისს კი ბანაკში მიიყვანეს პირველი ტუსაღები - ესენი იყვნენ პოლონელი 728 პოლიტ-პატიმარი, მომდევნო 2 წლის განმავლობაში ბანაკში უკვე 200 000 ადამიანი დაატყვევეს...
ადგილები შეზღუდული იყო და დაიწყო ბანაკის გაფართოვება. იქმნება კიდევ 2 ბანაკი, სადაც მილიონამადე ადამიანის დატყვევება იყო განზრახული, რაც ფაშისტებისთვის არც თუ ისე რთული შესასრულებელი გახდა.
ოსვენციმის ბანაკს მართავდა კომენდანტი რუდოლფ ჰიოსი. (1947 წელს ჩამოახრჩვეს).
1943 წელს იწყება სამდიცინო ექსპერიმენტები ტყვეებზე. ამისათვის ოსვენციმში გამოუშვეს სისასტიკით ცნობილი ექიმი "სიკვდილის ანგელოზად" და "ექიმ-სიკვდილად" წოდებული იოზეფ მენგელე.
ბანაკში მდებარე ჰოსპიტალიდან რომელიც უფრო "სიკვდილის ოთახს" ჰგავდა ყოველდღიურად განწირული კივილის ხმები ისმოდა და ექსპერიმენტებს ეწირებოდა ათასობით ადამიანი.
ბანაკიდან გაქცევის ფაქტებიც მრავლდა იყო, მაგრამ გაქცევას "სიკვდილის კალოს" დატრიალება ახლდა, როცა ბანაკიდან ვინმე გაიქცეოდა პასუხს ათასებს აგებინებდნენ. იყო შემთხვევა რომ გაიქცა ერთი ადამიანი და ამის საპასუხოდ ფაშისტებმა ჯერ მისი ნათესავები დაატყვევეს და აწამეს, ხოლო შემდგომ კიდევ 600 ადამიანი. ბანაკის ტყვეებს შორის საბჭოთა ტყვეებიც მრავლად იყვნენ, რომლებიც ხშირად აწყობდნენ აჯანყებას და პრობლემებს უქმნიდნენ მცველებს ამიტომ მათ საწინააღმდეგოდ ბანაკის ტერიტორიაზე ადამიანებზე დაგეშილი ძაღლების გამოყენება დაიწყეს.
მცირედი ფიქრის შემდეგ, ნაცისტურმა ხელისუფლებამ გადაწყიტა რაიმე სარგებელი მიეღო ბანაკთა პატიმრებისგან და გადაწყდა მათი აქტიურად გამოყენება სამედიცინო ექსპერიმენტებში.ყოველივე ამას კურირებდა ექიმი ედუარდ ვირტსი.
ადამიანის სხეულში შეჰყავდათ სხვადასხვა ქიმიური ხსნარი და აკვირდებოდნენ რეაქციას, "პაციენტებს" ხელოვნურად აავადებდნენ მალარიით და სხვა მძიმე სენით, შემდეგ ცდიდნენ პრეპარატებს. ასევე ყველაზე ხშირი იყო მამაკაცთა კასტრაცია და ქალთა სტერილიზაცია.
ოსვენციმის ტერიტორიაზე იყო რამდენიმე კრემატორიუმი და გაზის კამერა. აქ დაიღუპა მილიონზე მეტი ადამიანი.
სწორედ ამ ექსპერიმენტების შედეგად განიცადა მედიცინამ დიდი პროგრესი, რაც ნამდვილად არ ღირდა ამდენი მსხვერპლის ფასად.
ექსპერიმენტი ტყუპებზე - როგორც ცნობილია ტყუპების ფენომენით ბევრი მედიკოსია დაინტერესებული, ასე იყო გერმანიაშიც. სწორედ ამიტომ განიზრახეს ტყუპებზე ექსპერიმენტები. მათ ბანაკებში შეარჩიეს 1500-მდე ტყუპი. დაიწყეს მათი გენეტიკის დეტალური შესწავლა, ამ მიზნით სხეულის სხვადასხვა ნაწილას უკეთებდნენ ნემსებს (მათ შორის თვალშიც), იყო მცდელობა ტყუპების ერთმანეთზე "მიკერებისა" და სიამის ტყუპების ხელოვნურად შექმნისა. ამ ექსპერიმენტების დროს 1500 ტყუპიდან მხოლოდ 200 გადარჩა. ეს ექსპერიმენტები ჩატარდა ოსვენციმში და მას ხელმძღვანელობდა იოზეფ მენგელე.
სტერილიზაცია - 1941-1945 წლებში ბანაკები ახალმა ექსპერიმენტების ტალღამ მოიცა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კარლ კლაუბერგი. მიზანი იყო სტერილიზაციის იოლი მეთოდის შემუშავება. ექსპერიმენტების დროს ადამიანებს რამდენიმე გზით "უტევდნენ" - რენდგენის სხივებით, რადიაციული დასხივებით, ქირურგიული ჩარევით და მედიკამენტებით. ექსპერიმენტში იძულებით მონაწილეობდა 400 000-მდე ადამიანი, ამათგან რამდენიმე ათასს უშუალოდ ჩაუტარეს ეს პროცედურა. საბოლოოდ გამოჩნდა, რომ ყველაზე ეფექტური გზა რადიაციის ზემოქმედებით მიიღებოდა და ადამიანები მალევე კარგავდნენ გამრავლების უნარს.
1945 წელს გერმანელებს საქმეი ცუდად წაუვიდათ და იძულებულნი გახდნენ უკან დახევა დაეწყოთ. ოსვენციმის შრომისუნარიანი ტყვეების ნაწილი (დაახლოებით 58 000 ადამიანი) ნაცისტებმა თან წაიყვანეს სხვა ბანაკებში განაწილების მიზნით. მოგვიანებით, ბანაკის სარდაფებში ნახეს 1 185 345 ცალი ბანაკის ტყვეთა კომბინიზონი, 50 000 მდე წყვილი ფეხსაცმელი (გაზის კამერაში შესვლამდე ტყვეებს აშიშვლებდნენ, ხოლო ტანსაცმელს ინახავდნენ სხვა ტყვეთათვის), ასევე ნაწამებ ადამიანთა თავის ქალები (ერთ-ერთი ფაშისტი ჯალათი ებრაელთა თავის ქალების კოლექციას აგროვებდა).
1947 წელს, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე გაიხსნა მუზეუმი, ხოლო 1967 წელს კი აქ აღიმართა საერთაშორისო მონუმენტი, სადაც წარწერები იმ ენებზეა გაკეთებული რა ეროვნების ხალხიც შეეწირა ფაშისტთა არაჰუმანურობას.
"დაჰაუს" საკონცენტრაციო ბანაკი
დაჰაუ დაარსებულ იქნა 1933 წლის მარტს, დაჰაუში, ქ. მიუნხენის ახლოს. არსებობს ქალაქური ლეგენდა, თითქოს 1933 წლის არჩევნებში ქ. დაჰაუს მთელმა მოსახლეობამ ჰიტლერის წინააღმდეგ მისცა ხმა. ხელისუფლებაში მოსულმა ფიურერმა კი გადაწყვიტა კონცლაგერი გაეშენებინა მეტეოროლოგიურ-კლიმატური რეჟიმის გათვალისწინებით ისე, რომ დაუმორჩილებელი მოსახლეობის "დასასჯელად", კრემატორიუმის მილებიდან გამოსული კვამლი რაც შეიძლება ხშირად მოხვედრილიყო ქ. დაჰაუს თავზე.
კონცლაგერი გახდა პირველი "საცდელი პოლიგონი", სადაც მუშავდებოდა ტყვეთა დასჯისა და სხვა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედების, "დაცინვის" სისტემები.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, დაჰაუს პატიმრობაში იყვნენ ის ადამიანები, ვინც რასობრივ თეორიაზე დაყრდნობით, სხვადასხვა მიზეზით, არიული რასის "დამაბინძურებლად" ითვლებოდნენ. ესენი იყვნენ ნაცისტური რეჟიმის პოლიტიკური მოწინააღმდეგენი, პირველ რიგში კომუნისტები, სოციალისტები, ოპოზიციური პოლიტიკის მხარდამჭერი მღვდელმსახურები, ასევე სულით ავადმყოფები, პროსტიტუტები, ნარკომანები და ა.შ.
დაჰაუს ტყვეთა უმრავლესობა მუშაობდა როგორც უფასო/შავი მუშა ინდუსტრიული მრეწველობის არეალში, მათ შორის "Farbenindustrie"-ის კონცერნის წარმოებაში.
უკვე მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს, დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკმა ყველაზე საშინელი ბანაკის სახელი დაიმკვიდრა, რამდენადაც დაპატიმრებულ ტყვეებზე სამედიცინო ექსპერიმენტები ხორციელდებოდა. მხოლოდ 1941-1942 წლებში ცოცხალ ადამიანებზე 500-მდე სამედიცინო ექსპერიმენტი იქნა ჩატარებული. ჰაინრიხ ჰიმლერი, და სხვა მაღალჩინოსანი ნაცისტები საინსპექციო მიზნით რეგულარულად სტუმრობდნენ დაჰაუს, სადაც აკვირდებოდნენ და იკვლევდნენ ცდების ანალიზებს.
ბავარიის ხელისუფლების მხარდაჭერითა და დაჰაუს ყოფილ პატიმართა საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით, საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე, 1960 წელს მემორიალური კომპლექსი იქნა გახსნილი.
საკონცენტრაციო ბანაკს 123 ფილიალი და პირადი შემადგენლობა ჰყავდა, ხოლო კონცლაგერის ტერიტორიის ფართობი 235 ჰექტარი იყო. ექსპერიმენტები მალარიაზე - 1942-1945 წლის შუალედში დაჰაუს ბანაკში დაიწყეს ექსპერიმენტის ჩატარება რომლის საბოლოო მიზანი იყო მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა. ექიმები ბანაკის ტერიტორიაზე არჩევდნენ 25-40 წლის ჯანმრთელ ადამიანებს, მათ ხელოვნური გზით აავადებდნენ მალარიით და შემდგომ დაავადებულებზე სხვადასხვა მედიცამენტს ცდიდნენ. ამ ექსპერიმენტის შედეგად 1000-მდე ადამიანი დაავადეს და უმეტესობა გარდაიცვალა. ექსპერიმენტის მთავარი "შემოქმედი" - ექიმი პლეტნერი.
ექსპერიმენტი ჰიპოთერმიის შესწავლის მიზნით - ჰიპოთერმია წარმოადგენს ორგანიზმის მდგომარეობას, როცა სხეულის ტემპერატურა მცირდება იმაზე ქვევით ვიდრე ადამიანის სხეულის ნორმალური ტემპერატურაა, ამ დროს ადამიანი შეიძლება მოკვდეს. ომის დროს გერმანელებს უწევდათ სიცივის ატანა, თან მათ რუსეთში უწევდათ ბრძოლები და საჭირო იყო ჰიპოთერმიის დეტალური შესწავლა, რათა როგორმე დახმარებოდნენ ჯარისკაცებს. (რუსულმა სუსხმა და სიცივემ თავის დროზე ნაპოლეონს და მის ძლევამოსილ ჯარს მძიმე დარტყმა მიაყენა და დათმო ბრძოლა რუსეთთან). ექსპერიმენტების მთავარი მიზანი იყო გაეგოთ თუ ადამიანი რა დროს ძლებდა ასეთ პირობებში და რა სახის დახმარება უნდა გაეწიოს მას. ამ მიზნით ადამიანებს ათავსებდნენ ყინულით სავსე აბაზანებში გარკვეული დროით. ექსპერიმენტებისას დაიღუპა მრავალი ადამიანი.
ექსპერიმენტი საწამლავზე: 1943-1944 წლებში ბანაკებში დაიწყეს ადამიანების წამლვა სხვადასხვა ძლიერმოქმედი საწამლავით. ამისათვის, საჭმელში ურევდნენ სხვადასხვა საწამლავებს და აკვირდებოდნენ, თუ რამდენად ძლიერი იყო მისი მოქმედება. ბოლოს კი, ადამიანებს საწამლავის შემცველი ტყვიებითაც კი ცხრილავდნენ.
ექსპერიმენტები წნევის შესწავლის მიზნით: გერმანელ პილოტებს ომის დროს მაღალ სიმაღლეებზე დიდი დროის გატარება უწევდათ. სიმაღლის მატებასთან ერთად წნევაც იცვლება. ამ მიზნით ზიგმუნდ რაშერმა გადმოინაცვლა დაჰაუს ბანაკში და დაიწყო ექსპერიმენტები. ადამიანებს ათავსებდნენ ბაროკამერაში, სადაც ცვლიდნენ წნევას და აკვირდებოდნენ ადამიანის მდგომარეობას. (ექსპერიმენტების შედეგად თითქმის 200მდე ადამიანი დაიღუპა).
ექსპერიმენტები ზღვის წყალზე: გერმანიაში ცდილობდნენ ზღვის მლაშე წყლის სასმელ წყლად გადაქცევას. ამისათვის საჭირო იყო შეესწავლათ თუ რა გავლენას ახდენდა ადამიანზე ზღვის წყალი. 1944 წელს დაჰაუს ბანაკში გამოარჩიეს 100მდე ბოშა. მათ ყოველდღიურად ასმევდნენ ზღვის წყალს. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ადამიანების ორგანიზმი იმ დონემდე "მარილიანდებოდა", რომ ბოშები ახალმოწმენდილ იატაკს ენას უსვამდნენ რომ როგორმე პირი "გაესველებინათ".
დაჰაუში მოქმედებდა ტყვეთა იატაკქვეშა ორგანიზაცია, რომელსაც 1945 წლის 28 აპრილის ინტერნაციონალური კომიტეტი ხელმძღვანელობდა ამერიკული საჯარისო ნაწილების მოსვლამდე; მათ განახორციელეს აჯანყება, რითაც ხელი შეუშალეს დარჩენილი ტყვეების სიკვდილით დასჯის გეგმის ამოქმედებას. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტი და დაცვის წევრები ნიურნბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარსდგნენ; მათთან ერთად სამსჯავროს წინაშე აღმოჩნდნენ სამედიცინო ექსპერიმენტებში მონაწილე ექიმები.
0