23:22:25     27-09-2016
"აქციის მონაწილეები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ" - რა მოხდა აღმაშენებელზე?
რამდენიმე საათის წინ, რადიკალური ნაციონალისტური მოძრაობა „ქართული ძალის“ აქტივისტებმა თბილისში, გმირთა მოედნიდან მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით არასანქცირებული მსვლელობა გამართეს. როგორც უკვე ვიუწყებოდით, აქციის მონაწილეებმა აგრესია აღმაშენებელზე, თურქული რესტორნების წინააღმდეგ გამოხატეს.
შსს-ს ცნობით, მსვლელობის მონაწილეები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით, შეურაცხყოფას აყენებდნენ მოქალაქეებს, აკეთებდნენ ქსენოფობიურ განცხადებებს, ისროდნენ მაშხალებს სავაჭრო ობიექტებსა და კაფეებში, აზიანებდნენ წარწერებსა და ბანერებს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. სამართალდამცველებმა არასანქცირებული, აგრესიული მსვლელობა დაშალეს და ხულიგნობის ბრალდებით აღმაშენებლის გამზირზე 11 პირი დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.
0