09:03:00     15-09-2016
შსს-მ იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე შსს-მ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა და ასევე სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი ზურაბ.ჭ დააკავეს.
ამის შესახებ განცხადება შსს-ში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ გააკეთა.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ კაჭარავამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მოწმის სახით დაბარებულ მოქალაქეს უსაფრთხოების და ხელშეუხებლობის გარანტად ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული მისი ახლობლისათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების უზრუნველსაყოფად გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა. ამის შემდეგ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს კაჭარავამ და ზურა ჭ.-მ აღნიშნულ მოქალაქეს ეს თანხა გამოსძალეს, რა დროსაც დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რისთვისაც გათვალისწინებულია თავისუფლებია აღკვეთა ვადით 11-დან 15 წლამდე.
შსს და სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური დაუყოვნებლივ რეაგირებას ახდენს ნებისმიერ სამართალდარღვევაზე, მათ შორის სისტემის შიგნით. მომავალშიც ეს უკომპრომისო ბრძოლა გაგრძელდება", - განაცხადა თეა პერტაიამ.
0