15:53:36     06-09-2016
ნონა ჯოჯუას ცემაში ბრადებულ დავით ნაცვლიშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
დემურ სტურუას დედის, ნონა ჯოჯუას ცემაში ბრადებულ დავით ნაცვლიშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ნაცვლიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა) და 372-ე მუხლის მე-3 ნაწილით (მოწმეზე ზემოქმედების განხორციელება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნონა ჯოჯუა საკუთარი ცემის ფაქტს ასე ხსნის:
"დათო ნაცვლიშვილთან მისულა პოლიციელი სერგო შენგელია, რომელმაც უთხრა, ნონა გააჩერეთო, რადგან ვჩიოდი. მეორე დღეს დამირეკა დათო ნაცვლიშვილმა და მითხრა, გოდერძი თევზაძეს უნდა ჩემი ნახვაო. მერე ნახა თუ არა არ ვიცი. მერე მე გამოძიებას ვუთხარი, რომ პოლიციელი მივიდა დათო ნაცვლიშვილთან და უთხრა, მე გავეჩერებინე. გამოძიებამ ამის შემდეგ ნაცვლიშვილი მოწმედ დაიბარა. ამის გამო გამწარებული ნაცვლიშვილი, რატომ გამრიეთ გამოძიებაში და რატომ ახსენეთ ჩემი სახელიო, ამის გამო ნასვამი მომივარდა".
ჯოჯუას თქმით, მას დაუცველობის განცდა აქვს, რადგან ჯერ კიდევ არ არის დაჭერილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე, რომელიც დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაშია ბრალდებული.
შეგახსენებთ, 22 წლის დემურ სტურუამ თავი 8 აგვისტოს მოიკლა. თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში მან აღწერა როგორ ძალადობდა მასზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად პოლიციელი გოდერძი თევზაძე.
წამების ფაქტს ადასტურებს ექსპერტიზაც.
პოლიციელ გოდერძი თევაზეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და პირის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალი წაუყენეს, თუმცა ის გამოძიებას ამ დრომდე ემალება.
0