16:46:30     12-08-2016
აჭარას ინდოელი პროდიუსერები სტუმრობენ.
2016 წლის 10-12 აგვისტოს, კინოგადაღებების კუთხით რეგიონის პოტენციალის შესასწავლად, აჭარას ბოლივუდის წამყვანი კომპანიების პროდიუსერები ესტუმრენენ. სამი დღის განმავლობაში მათ სხვადასხვა ლოკაცია მოინახულეს კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში.
დღეს ბოლივუდის წარმომადგენლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია სირაბიძემ უმასპინძლა და გონიოს ციხე დაათვალიერებინა.
„აჭარაში ბევრი საინტერესო ადგილია, სადაც შეიძლება სხვადასხვა ჟანრის ფილმების გადაღება. ჩვენი მიზანია კინოწარმოების ხელშეწყობა და რეგიონის პოპულარიზაცია, როგორც ფილმების გადაღებისთვის ხელსაყრელი ლოკაციის“
- აღნიშნა ნათია სირაბიძემ.
პროექტის ფარგლებში პროდიუსერებმა უკვე მოინახულეს პეტრას ციხე, ბოტანიკური ბაღი, ძველი ბათუმი, ბულვარი და სარფი-გონიოს ტერიტორია.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის მეშვეობით ინდოელ სტუმრებს ეძლევათ საშუალება დაწვრილებით გაეცნონ ლოკაციებს, ქართული კინოს შესაძლებლობებსა და არსებულ ინფრასტრუქტურას, რაც საქართველოს, მათ შორის აჭარის რეგიონის, როგორც აღმოსავლეთ ევროპის გადასაღებ ცენტრად ქცევის ყველანაირ შესაძლებლობას იძლევა.
0