გრაკლიანის უნიკალური წარწერა დაახლოებით 3000 წლისაა გრაკლიანის უნიკალური წარწერა დაახლოებით 3000 წლისაა />


  14:06:37     25-07-2016

გრაკლიანის უნიკალური წარწერა დაახლოებით 3000 წლისაა

a54843.jpg

გრაკლიანის უნიკალური წარწერა, სავარაუდოდ, საქართველოში უძველესია-აცხადებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვახტანგ ლიჩელი.

თსუ-ს არქეოლოგიური ექსპედიცია გრაკლიანის გორაზე გათხრებს 2008 წლიდან აწარმოებს. ბევრ სხვა აღმოჩენსთან ერთად სწორედ იქ იპოვეს უნიკალური წარწერაც, რომლისადმიც განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა, სწორედ ამიტომ ის აშშ-ში, მაიამის ბეტა ლაბორატორიაში გადაგზავნეს გამოსაკვლევად.

ლაბორატორიამ გრაკლიანის წარწერა ძვ.წ. XI-X  საუკუნეებს მიაკუთვნა, რაც სრულიად უნიკალური მოვლენაა. ექსპედიციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, თარიღის კიდევ ერთხელ გადამოწმების მიზნით ნიმუშები უკვე გაგზავნილია იტალიაში. 

"აშშ ლაბორატორიის დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა გრაკლიანის წარწერის უნიკალურობა. შესაძლოა მეცნიერების კვლევამ მნიშვნელოვნად შეცვალოს მსოფლიო დამწერლობის ისტორიის გარკვეული ეტაპი“.-ამბობს თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე.

გარდა ამისა,2015 წელს გრაკლიანი გორის გათხრების შედეგად დაფიქსირდა, შესაძლოა,  ნაყოფიერების ღვთაებისადმი მიძღვნილი ძვ.წ. VII  საუკუნის ტაძარი ორი საკურთხევლით. რომლებზეც გამოსახულია ჯერჯერობით  უცნობი დამწერლობის ტექსტები. უნიკალური წარწერა სრულიად გამორჩეულ, ინდივიდუალურ დამწერლობას მიეკუთვნება, რომელსაც მსოფლიოში ანალოგები არ აქვს. 

ახალი აღმოჩენით დასტურდება, რომ 2700- 3000 წლის წინ საქართველოს ტერიტორიაზე დამწერლობა გამოიყენებოდა. ამ ფაქტმა და ადრე აღმოჩენილმა მასალებმა, შესაძლოა, ძვ.წ. VII-VI  საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ, ქართლის ისტორიის გარკვეული ეტაპიც შეცვალოს. დამწერლობა აღმოჩნდა ტაძარში, რომელიც საკმაოდ კარგად არის შემონახული, ამ ტაძარში გამართულია 2 საკურთხეველი და ორივე საკურთხეველზე არის წარწერა აღმოჩენილი. ერთ მათგანზე, რომელიც დასავლეთითაა, თიხით არის გამოყვანილი რამოდენიმე ასო   და მეორე საკურთხევლის პოსტამენტის შუბლი მთლიანად არის დაფარული წარწერით.

გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური  გათხრების შედეგად ქვის ხანიდან ანტიკურ პერიოდამდე საზოგადოების განვითარების უწყვეტი ციკლი დადასტურდა. სხვადასხვა პერიოდის 11 კულტურული ფენის გათხრის შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები - პირველყოფილი ადამიანების სამუშაო იარაღები, გვიანდელი პერიოდის საკულტო დანიშნულების ნივთები და სხვა. არქეოლოგებმა საინტერესო არქიტექტურული სურათი მიიღეს: იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ერთმანეთზე მიჯრით მიდგმული შენობების ერთი კვარტალი. უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა ძვ. წ. IV ათასწლეულის საბეჭდავები, რომლის ანალოგი სამხრეთ მესოპოტამიაში, ურუქშია აღმოჩენილი;  ძვ.წ. V-IV საუკუნეებით დათარიღებული ოქროს დისკო, რომლის  ანალოგი არსებობს ქ. სუზაში (ირანი).

მნიშვნელოვანი და საინტერესოა აღმოჩენილი რამდენიმე საკულტო ოთახი. მათ შორის საკულტო წისქვილი - 3  ხელსაფქვავი, რომელშიც წმინდა ფქვილი იფქვებოდა. წმინდა ფქვილით ღმერთებისთვის შესაწირ პურს აცხობდნენ.  0

ავტორი: