15:08:06     22-07-2016
"ცრუ ჩვენება მიმაცემინეს"-ნავთლუღის სპეცოპერაციის მთავარი მოწმე
ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის მთავარმა მოწმემ განაცხადა,რომ მას 2006 წელს საქმეზე ცრუ ჩვენება მიაცემინეს.
მოწმის თქმით, მან რამდენჯერმე ითანამშრომლა,კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტან (კუდ-ი) და მისი მონაწილეობით ორი დანაშაული გაიხსნა.
"მე დავიწყე თანამშრომლობა კუდ-თან მას შემდეგ რაც ჩემი მონაწილეობით დააკავეს ყალბი ვიზების დამზადების ფაქტზე თურქი პირი. ამის შემდეგ შემომთავაზეს თანამშრომლობა, პირადად ლევან ქარდავასთან მქონდა ურთიერთობა და მას ვუკავშირდებოდი. ამ შემთხვევის შემდეგ ჩემი დახმარებით გახსნეს ტრეფიკინგის საქმეც. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მე ცხოვრების სტილი შევიცვალე, დავიწყე მსახური ეკლესიაში და ამიტომ გადავწყვიტე შემეწყვიტა კუდ-თან ურთიერთობა. ასეც მოვიქეცი, როცა ვუთხარი, რომ მათთან ვეღარ ვითანამშრომლებდი, არავითარი წინააღმდეგობა ან ზეწოლა არ ყოფილა ჩემზე" - აცხადებს მოწმე.
დაკითხვისას მან თქვა ისიც, რომ 2006 წლის 14 იანვარს მას კუდ-იდან დაუკავშირდნენ და შეხვედრა მოსთხოვეს.
"დამირეკა ვინმე გიამ, მეტსახელად „ნაცმა“. ეს არ იყო შეხვედრის თხოვნა, ეს იყო მოთხოვნა. როცა ვუთხარი, რომ ვერ შევხვდებოდი, მითხრა რომ აუცილებლად უნდა შემხვედროდა. გადავწყვიტე არ გამემწვავებინა ვითარება და ამიტომ დავთანხმდი. დამიბარა ნავთლუღში. როდესაც მივედი მითხრა, რომ უნდა მიმეცა ჩვენება - თითქოს ვმუშობდი ნავთლუღის ტერიტორიაზე და შევესწარი ორმხრივ სროლას, ასევე დავინახე ახალგაზრდები როგორ გარბოდნენ იარაღით ხელში. ეს იყო მოთხოვნა და ჩავთვალე თუ არ შევასრულებდი, ჩემი საქმე კარგად არ იქნებოდა. ამიტომ წავყევი გამომძიებელთან, სადაც მოვყევი დაზეპირებული ტექსტი", - განაცხადა მოწმემ და აღნიშნა, რომ მის დაკითხვას თავად "გია ნაციც" ესწრებოდა.
შეგახსენებთ, ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალი კუდ-ის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას და კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს გიორგი დგებუაძეს, მეტსახელად „მასტერას“აქვთ წაყენებული.
სწორედ დგებუაძემ კითხა მოწმეს, უთქვამს თუ არა ვინმეს, რომ ცრუ ჩვენების მიცემა მისი დავალება ან მოთხოვნა იყო. მოწმემ აღნიშნა, რომ ეს არავის უთქვამს და ამიტომ ამას ვერ დაადასტურებს. დგებუაძის თქმით, ვინმე გია მეტსახელად „ნაცი“ მის დაქვემდებარებაში მსხურობდა და მოწმეს ჰკითხა: რატომ არ დაუკავშირდა ან მას ან ლევან ქარდავას, რათა ეცნობებინა, რომ მას ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. აღნიშნულ კითხვაზე მოწმემ უპასუხა, რომ მან აღარ გაამწვავა ვითარება და მიიჩნია, რომ ამის თქმას ვინმესთვის აზრი არ ჰქონდა.
0