15:30:17     29-06-2016
მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე შესაძლოა დააკავონ – გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო
სამართალდამცავებმა შესაძლოა მაგდას და, ლანა პაპიძე დააკავონ. ამის შესახებ სტატიას გაზეთი “პრაიმტაიმი” აქვეყნებს. საქმე ეხება ერთ-ერთი მოწმის მიმართ განხორციელებულ მუქარას, რის გამოც თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყო. ეს ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს. იმ შემთხვევაში, თუ ლანა პაპიძეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ, შესაძლოა, მას იმავე ციხეში მოუწიოს ერთწლიანი პატიმრობის მოხდა, სადაც ამჟამად მაგდა პაპიძე იმყოფება.
მუქარის ფაქტზე საუბრობს გარდაცვლილ ომარ ქაფიაშვილის მეგობარი მარიამ მაზმიშვილი.
“თინათინ პეტრიაშვილი (ბრალდების მხარის მოწმე) გალანძღა ლანა პაპიძემ და შვილის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. თინათინმა ეს პოლიციაში განაცხადა… ლანა პაპიძეს ემოციურ ფონზეც და დალაგებულ ფონზეც შეუძლია ნებისმიერი რამის გაკეთება. ამას თამამად ვამბობ და იტყვის ნებისმიერი, ვინც მას იცნობს“, – ამბობს მარიამ მაზმიშვილი.
თავად ლანა პაპიძე რაიმე მუქარის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და საკუთარი დის სასამართლო პროცესზე სკანდალური ჩვენების მისაცემად ემზადება. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ლანა პაპიძე 16 ივნისს ქაფიაშვილების სასაფლაოზე მომხდარ ინციდენტს იხსენებს და ამბობს, რომ მას და მის მეგობარს ომარ ქაფიაშვილის ძმა, მალხაზ ქაფიაშვილი დანით გამოეკიდა.
“აქეთ იმუქრებიან. მახომ, ომარის ძმამ დანები მიტრიალა სასაფლაოზე. იცით, რა ხდებოდა და რა ამბავი იყო? მაშინ არც მე არ დავინდობ არავის და შევიტან სარჩელს. ამოვიდა ყელში ამდენი ტყუილი. დიახ, კაპიუშონიანი ქურთუკით მომდევდა დანით, ძლივს გავასწარით. ჩემი მეგობარი გოგოსთვის პირდაპირ აქვს ნათქვამი, – ყელი უნდა გამოგჭრა, მე კაცი მყავს მოკლულიო. აი, ასეთი ადამიანი მოსაკლავად მომდევდა და აქეთ მე მიჩივიან?! რაც უნდათ, ის ქნან, იმდენად ამომივიდა ყელში მათი ტყუილები, რომ არც მაინტერესებს, რას იტყვიან. მე არავისთან არ მიმიწერია. მაგათგან განსხვავებით, „ფეისბუკისთვის“ ნამდვილად არ მცალია”, – ამბობს “პრაიმტაიმთან” საუბრისას ლანა პაპიძე.
0