15:25:44     27-06-2016
"ხიდაშელის გადაწყვეტილება შეთანხმებული არ ყოფილა პრეზიდენტთან"
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ მთავრობის და უშიშროების საბჭოს სხდომებზე უნდა განიხილონ.
ასევე ფიქრობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. მისი განცხადებით, ხიდაშელის გადაწყვეტილება შეთანხმებული არ ყოფილა პრეზიდენტთან, პრემიერთან, უშიშროების საბჭოსა და თავდაცვის კომიტეტთან.
სესიაშვილი თინა ხიდაშელის ბრძანებას სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის თაობაზე “პოლიტიკურ პასუხისმგებლობად“ აფასებს.
“საკითხი ძალიან მგრძნობიარეა, რომელიც ფართო და სერიოზულ მსჯელობას იმსახურებს, მათ შორის მთავრობაში, პარლამენტსა და სამხედრო ექსპერტებში.
თავდაცვის მინისტრი პოლიტიკურ ხელთათმანს ისვრის - რომ თუ აღნიშნული პოლიტიკური ბრძანება შემდგომ მინისტრს არ მოეწონება, მან გააუქმოს.
მას მინისტრობამდე ორი კვირა დარჩა და ასეთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას იღებს და ამბობს: მომავალ მინისტრს თუ არ მოეწონება, გააუქმოს. ეს არ არის სწორი ქმედება, მით უფრო, რომ შეთანხმებული არ ყოფილა არც პრეზიდენტთან, არც უშიშროების საბჭოსთან, არც პრემიერთან და არც თავდაცვის კომიტეტთან. ის ამბობდა, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა არ სურდა, ჩვენ ყველანი ვამბობდით, რომ საჭირო იყო" - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
თინა ხიდაშელის გადაწყვეტილება მისმა პოლიტიკურმა ოპონენტებმაც გააკრიტიკეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანარიას შეფასებით ეს "საარჩევნო სვლაა", ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის წარმომადგენელმა გუგა ჩაფიჩაძემ კი ხიდაშელის ქცევას პოპულისტური უწოდა.
0