15:35:15     21-06-2016
გამომძიებელი: "ომარ ქაფიაშვილის ცხედარს როგორც ზურგზე, ასევე ტანსაცმელზე ეტყობოდა თრევის კვალი"
მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის მაგდა პაპიძის პროცესზე გამომძიებელი იკითხება, რომელმაც შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩაატარა.
როგორც დაკითხვისას თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა პაატა ნოზაძემ განაცხადა, შემთხვევის ადგილის დათვალიერება კინოლოგებთან, ექსპერტ კრიმინალისტებთან და სამედიცინო ექსპერტებთან ერთად ჩაატარა. მისი ჩვენებით, შემთხვევის ადგილზე ნიმუშის ასაღებად სპეციალური ნახშირი დაიყარა, ძაღლის მიერ სუნის აღება მოხდა სადარბაზოსთან, თუმცა ძაღლი გზის სავალ ნაწილთან გაჩერდა და გზა აღარ გააგრძელა. პაპიძის მეუღლისა და შვილის ცხედრები სადარბაზოს წინ, ომარ ქაფიაშვილის ავტომანქანის წინ აღმოაჩინეს.
"ომარ ქაფიაშვილის ცხედარს როგორც ზურგზე, ასევე ტანსაცმელზე ეტყობოდა თრევის კვალი. გარეთ მინუს სამი გრადუსი ყინვა იყო და ქაფიაშვილს შეუფერებლად ეცვა, ოთახისათვის დამახასიათებელ ფორმაში იყ, ფეხზეც არ ეცვა. დაზიანება მარჯვენა მხარეს თავში აქვს, სადაც ძვლის ფრაგმენტები ჩანდა. ყურიც დაზიანებული ჰქონდა. ბავშვს ნაცრისფერი მოკლემკლავებიანი ზედა ეცვა. ისიც ოთახის პირობების ჩაცმულობით იყო. ბავშვსაც არ ეცვა ფეხზე. ოთახის ცალი ჩუსტი თავთან ეგდო მეორე, კი ავტომანქანაში. ავტომანქანაში აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის ფეხსაცმელიც. ბავშვს პირთან ჰქონდა ნაჭდევი. ტუჩის ადგილზე სიწითლე ეტყობოდა. მექანიკური დაზიანება, როგორც ომარის ცხედარს, ბავშვს არ ჰქონია. ავტომანქანის "კარნიზზე" და საბურავზე ომარ ქაფიაშვილის სისხლი აღმოჩნდა. დერეფანში აღმოჩენილი სისხლის კვალი კი შიგნიდან, ოთახიდან გარეთ გადიოდა. ოთახში დივნის წინ არსებულ მაგიდის ქვეშ იყო მოწმენდილი სისხლის კვალი, რომელიც იატაკს ზოლად გასდევდა. საწოლზე თეთრეული ახალი გამოცვლილი იყო",-განაცხადა გამომძიებელმა.
შემთხვევის ადგილი დასუფთავებულია და ჩვენებას გამომძიებელი ფოტოების განმარტებით აძლევს, რაზეც ბრალდებულმა განაცხადა, რომ პროცესის ამ ნაწილზე დასწრება არ სურს, ვინაიდან შეუძლოდ არის. გამომძიებლის დაკითხვა ბრალდებულის მონაწილეობის გარეშე გრძელდება.
0