17:23:35     15-06-2016
„შამუგიამ თქვა, ეს ყველაფერი ხალხისთვის ვილაპარაკე, თორემ ისე მაგდას საფლავსაც არ ვაღირსებო"
დღეს მაგდა პაპიძის საქმის განხილვისას, ერთ-ერთმა მოწმემ თინათინ პეტრიაშვილმა მაგდა პაპიძის პიროვნება დაახასიათა და აღნიშნა, რომ დედამთილთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. მისი თქმით, პაპიძე დარეჯან მინდიკაურს ზურგსუკან ლანძღავდა.
ბრალდების მხარის მხრიდან კითხვების დასმის შემდეგ მოწმეს შეკითხვით თავად ბრალდებულმა მიმართა.
„შენით იტყვი თუ მე ვთქვა, შენი შვილი შენ და შენს დედამთილს როგორი სიტყვებით მოგმართავდათ, როგორ გაგინებდათ“, - მიმართა მაგდა პაპიძემ ბრალდების მხარის მოწმეს, რასაც თინათინ პეტრიაშვილის რეპლიკა მოჰყვა. „შენ ხმას როგორ იღებ, შე შვილის მკვლელო, ამ ხელებით როგორ ჭამ საჭმელს. შენი სახით საქართველო მსახიობ ადამიანს კარგავს“, - მიმართა ბრალდებულს მოწმემ.
თინათინ პეტრიაშვილმა, იმ სახლში, სადაც მაგდა და ლანა პაპიძეები ცხოვრობდნენ, მათი დედის სტუმრობაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაგდა პაპიძის დედამ ლია შამუგიამ შვილის მისამართით სალანძღავი სიტყვები არ დაიშურა და განმარტა, თუ რატომ დაიცვა სახალხოდ შვილი.
„ლია შამუგიამ თქვა - ეს ყველაფერი ხალხისთვის ვილაპარაკე, თორემ ისე მაგდას საფლავსაც არ ვაღირსებო. ასევე ლანა პაპიძემ, როდესაც სამძიმარზე პირველად მოვიდა, თქვა, რომ ჯერ კიდევ არ ვიცნობ მაგდას რისი გამკეთებელია, ის არც მას და არც მის შვილს დაინდობდა“, - აღნიშნა მოწმემ.
მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაგდა პაპიძე კარგი დედა იყო იმ მხრივ, რომ ბავშვს არც ტანსაცმელს და არც სასურველ ნივთებს არ აკლებდა, მას მაინც ეჩხუბებოდა. პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ თორნიკე ქაფიაშვილს სხვა ბავშვებთან ურთიერთობაც აკლდა.
0